აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე ბიოწარმოების საკითხებზე საველე სემინარი გაიმართა

სწავლებას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების მიმართულების სპეციალისტი მზია ბერუაშვილი უძღვებოდა.
აღინიშნა, რომ ბიომეურნეობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკოლოგიურად მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია აგროეკოლოგიური ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება.

სემინარის მონაწილე ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, აგრარული მიმართულების სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები შერეული ნათესების დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, კულტურათა შერწყმის ეკოლოგიურ და აგრონომიულ სარგებელს, ალელოპათიური მცენარეების როლს, მავნებლების ბიოლოგიურ მართვასა და ნიადაგის გაჯანსაღებას, ასევე სივრცის რაციონალურად გამოყენების სტრატეგიებს გაეცნენ.

სწავლებაზე განიხილეს კულტურათა თანაშერწყმის ოპტიმალური მოდელები, რომლებიც ხელს უწყობს ეკოსისტემის მდგრადობას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის ზრდას ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე.

სწავლების პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მონაწილეთა სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს ალელოპათიური მცენარეების შერჩევისა და შერეული ნათესების დაგეგმვის რეალური მაგალითები.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებმა წილკნის ბაზაზე არსებული საცდელი ნაკვეთები დაათვალიერეს.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ფერმერებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების მიზნით, რეგულარულად ატარებს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, აწყობს სადემონსტრაციო და საველე დღეებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი და ინოვაციური სოფლის მეურნეობის განვითარებას.