მოსავლის ხარისხი და ფერმერთა მხარდაჭერა – მეხორბლეობის სექტორის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები
ხორბლის მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესს კოორდინირებულად წარმართავს სამინისტროს მიერ შექმნილი შტაბი, რომელიც მოსავლის აღების სეზონზე აქტიურად მუშაობს არსებული გამოწვევების ოპერატიულად მოგვარებასა და პროცესის ეფექტიან მართვაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო მოსავლის აღების ორგანიზებული და უსაფრთხო პროცესი, მის დროულად დაბინავება, ტექნიკური რესურსების მობილიზება და რეალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესება.
კახა კაკაბაძის განცხადებით, ხორბლის მოსავლის აღების პროცესში ამჟამად დაახლოებით 250 კომბაინია ჩართული, რომელთა უმეტესობა სახელმწიფოს თანადაფინანსებითაა შეძენილი.
სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად რჩება ფერმერთა ტექნიკური მხარდაჭერა და დარგის მოდერნიზაცია. ამ მიზნისთვის 2020 წლიდან ხორციელდება ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 80 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.
„ფერმერთა მხარდაჭერა და წარმოების ხარისხის ამაღლება ჩვენი პოლიტიკის ცენტრალური ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასა და რესურსების დროულ მობილიზებას,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ალადაშვილის განცხადებით, კახეთი ტრადიციულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია მარცვლოვანი კულტურების წარმოების თვალსაზრისით და მიმდინარე სეზონი ადასტურებს, რომ რეგიონს აქვს რეალური პოტენციალი სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაში.
„წელს ხორბლის აღების პროცესი კარგად არის კოორდინირებული და ადგილობრივი თვითმმართველობების, სამინისტროსა და კერძო სექტორის ძალისხმევით შეუფერხებლად მიმდინარეობს. ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია, ხოლო ფერმერები – მოტივირებულები და მხარდაჭერილები,“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მარცვლეულის მწარმოებლები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები მიესალმებიან საკოორდინაციო შტაბის შექმნას და მის მნიშვნელობას გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცესის უზრუნველყოფის კუთხით.
მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, მოსავალი ნორმალურია და პროცესიც ორგანიზებულად მიმდინარეობს, თუმცა ფერმერების მოლოდინი ახლა ბაზარზე ფასების ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა შეძლონ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავება და მიღებული შემოსავლით გააგრძელონ წარმოება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს როგორც მოსავლიანობის, ისე პროდუქციის ხარისხის ზრდას.
დედოფლისწყაროში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე პირადად გაეცნო შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
სტრატეგიულ მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ ხორბლის წარმოება ქვეყანაში უფრო ეფექტიანი, კონკურენტუნარიანი და ხარისხზე ორიენტირებული გახდეს.