დავით სონღულაშვილი FAO-ს 44-ე კონფერენციაზე აგროსასურსათო გამოწვევებზე ისაუბრებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში.
ღონისძიება მსოფლიო მნიშვნელობის პლატფორმაა, რომელიც FAO-ს წევრი ქვეყნების მინისტრებსა და მაღალი რანგის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მოსაზრებები და იმსჯელონ აგროსასურსათო სისტემებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
დაგეგმილია მინისტრ დავით სონღულაშვილის სიტყვით გამოსვლა, ასევე — შეხვედრა FAO-ს გენერალურ დირექტორთან კუ დონჟუსთან. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და FAO-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სისტემების განვითარებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებზე.
FAO-ს 44-ე კონფერენციას 194 ქვეყნის წარმომადგენელი და 50-მდე მინისტრი ესწრება. ღონისძიებაზე აგროსასურსათო სისტემების მდგომარეობა, თანამშრომლობის მომავალი გზები და საერთო გლობალური გამოწვევები იქნება განხილვის მთავარი თემა. გარდა ამისა, დაგეგმილია თემატური პანელები, რომლებიც კონკრეტულ სექტორებსა და ინიციატივებზე იქნება ორიენტირებული.
დავით სონღულაშვილთან ერთად რომში მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძეც გაემგზავრა. საქართველოს დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს იმ პროცესებში, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ აგრარულ პოლიტიკაში ქვეყნის ინტერესების წარმოჩენას და რეგიონულ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.