ფიტოფტორა ფუნგიციდების ბარიერის გადალახვას ცდილობს – გერმანელი კარტოფილის მწარმოებლები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან
ვითარება თუ ასე გაგრძელდა, მცენარეთა დაცვის ეფექტიანი საშუალებების გარეშე კარტოფილის მწარმოებლები კოლოსალურ ზარალს ნახავენ.
„გერმანიაში ზოგიერთი აქტიური ნივთიერების აკრძალვამ, რომელიც ფუნგიციდების შემადგენლობაში შედიოდა, ფიტოფტორაზე შერჩევითი ზეწოლა გაზარდა დარჩენილი პრეპარატების მიმართ — შედეგად კი, გაიზარდა რეზისტენტობის (გამძლეობის) განვითარების რისკი.
მაგალითად, ფიტოფტორის გამძლე შტამი EU–43–A1 უკვე ორი წელია ვრცელდება გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში. სისტემური და კონტაქტური მოქმედების აქტიური ნივთიერებების კომბინაცია და მორიგეობა ეხმარება ფერმერებს წინააღმდეგობა გაუწიონ ახალ, აგრესიულ შტამებს“, — წერს გერმანული აგროპორტალის Agrarheute-ს ჟურნალისტი კლაუს შტროტმანი.
ფიტოფტორის წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატების შეზღუდვა და პარალელურად ამ დაავადების გამძლე ფორმების გავრცელება კარტოფილის მწარმოებლებს სერიოზულად თავსატეხს უჩენს.
გერმანელი ფერმერები შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებენ.
გამოცემამ ცოტა ხნის წინ ჩაატარა მოკლე კვლევა, რათა შეეფასებინა, როგორ კრიტიკულად აღიქვამენ სიტუაციას ადგილობრივი კარტოფილის მწარმოებლები. ხუთდღიან გამოკითხვაში 238 სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა:
-
17% აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ეფექტიანად იყენებს ხელმისაწვდომ ფუნგიციდებს;
-
83% კი ამბობს, რომ იყენებს უფრო მეტ პრეპარატს, მაგრამ სასურველ ეფექტს ვერ იღებს, რაც მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებაში გამოიხატება;
-
30%-ისთვის ფუნგიციდები კვლავაც მოქმედებს, თუმცა საჭირო ხდება უფრო მეტი აქტიური ნივთიერების გამოყენება;
-
31% აღნიშნავს, რომ უკვე შეიმჩნევა პრეპარატების მიმართ მავნებლის რეზიდენტობის ზრდას;
-
16%-მა მოსავლის ნაწილი სწორედ აქტიური ნივთიერებების სიმცირის გამო დაკარგა;
-
6%-მა კი საერთოდ შეწყვიტა კარტოფილის მოყვანა, რადგან ქიმიკატები, რაც ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია, საკმარისად ეფექტიანი აღარ არის.
ფიტოფტორის გავრცელებამ გერმანიაში განსაკუთრებით 2025 წლის ზაფხულში მოიმატა, ხშირი წვიმები, მაღალი ტენიანობა და თბილი ტემპერატურა დაავადების გავრცელების იდეალურ პირობებს ქმნის.
მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ISIP-ის მიერ შემუშავებული ფიტოფტორის გავრცელების მოდელის (Simphyt3) მიხედვით, ამჟამად ინფექციური ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერია გერმანიის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, რის გამოც ფუნგიციდებით კარტოფილის სავარგულების დამუშავების რეკომენდაცია 7 დღეზე ნაკლები ინტერვალით დაუშვეს.
გერმანიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში გავრცელების ინტენსივობა საშუალო ან მაღალია, შესაბამისად, მკურნალობის ინტერვალი მერყეობს 8-დან 11 დღემდე.
ავტორი: კლაუს შტროტმანი
წყარო: Agrarheute.de