აგროსიახლეები

საქართველო შავი ზღვის პლასტიკით დაბინძურებას წინააღმდეგ, ახალი კვლევა და გეგმები — BBSEA-ის შეხვედრა ბათუმში

ბათუმმა უმასპინძლა საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც შავი ზღვის დაბინძურების პრობლემატიკასა და მისი შემცირების გზებზე იყო ფოკუსირებული. ღონისძიება მსოფლიო ბანკის პროგრამის – „Bluening the Black Sea“ (BBSEA) ფარგლებში გაიმართა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პარტნიორობით.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ – ძირითადი მიგნებების გაცნობა, ასევე ადგილობრივ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის და RECC-ს – შეხვედრის ორგანიზებისათვის. მისმა განცხადებით, პლასტიკური ნარჩენების პრობლემა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და მისი გადაჭრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

„კვლევამ აჩვენა, რომ შავი ზღვის სანაპირო პლასტიკური ნარჩენებით მნიშვნელოვნად დაბინძურებულია, რაც უკავშირდება მდინარეებიდან ზღვისკენ მიმავალ დაბინძურებასაც. საქართველოს მთავრობა მზად არის დაიწყოს აქტიური დიალოგი კერძო სექტორთან პლასტიკის მოხმარების შემცირებისა და ეკოალტერნატივების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ პლასტმასის ნარჩენების რეციკლირება და დავნერგოთ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. მათ შორის იყვნენ მსოფლიო ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მკაფიო ხედვა პლასტიკური ნარჩენების მართვის საკითხში:

„შავი ზღვის დაცვა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. BBSEA-ის მსგავსი შეხვედრები ეფექტურია კონკრეტული ნაბიჯების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას როგორც სანაპირო ზოლში, ისე წყლის ეკოსისტემებში.“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მირიან ქათამაძემ, ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას:

„საერთაშორისო პარტნიორებთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ერთიანი ხედვა, რომელიც პლასტმასით დაბინძურების შემცირების ეფექტურ მექანიზმებს დაეფუძნება.“

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევითი მასალები პლასტიკური დაბინძურების “ცხელი წერტილების”, ნარჩენების დინამიკისა და არსებული გამოწვევების შესახებ.