აგროსიახლეები

რთველი 2025 წლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება

რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ოქტომბრის დასაწყისში ყურძნის კრეფა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც დაიწყება. 2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგიონისთვის შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“  წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია.

2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის  4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

2026 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.

ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.