საქართველოს კაკლოვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი იზრდება
საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ყალიბდება. ბოდბეში არსებული თანამედროვე ნუშის ბაღი ქვეყნის აგროსექტორის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, კახეთში, სოფელ ბოდბესთან ახლოს მდებარე კომპანიის „Farmway Technologies Inc.“ თანამედროვე ნუშის ბაღი მოინახულა.
მინისტრის თქმით, ნუშის ბაღებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„კაკლოვანი კულტურები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. მოვინახულეთ 220 ჰა-ზე გაშენებული ნუშის ბაღი, რომელიც კერძო ინვესტიციის შედეგად შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის განხორციელებაში სახელმწიფოს მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა“, — აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო აქტიურად ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, რაც აგროსექტორის საერთაშორისო სტანდარტებით განვითარებას უწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკას განამტკიცებს.
კომპანია „Farmway Technologies Inc.“-მა საქართველოში უკვე განახორციელა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი ინვესტიცია – 100 მილიონი დოლარის ოდენობით. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ამჟამად 220 ჰა-ზე გაშენებული ნუშის ბაღები მომავალში 500 ჰექტრამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნას, რომელიც ბაზარზე მაღალი ხარისხის ნუშის რძის ფხვნილს, ზეთსა და ექსტრაქტებს წარმოადგენს. ასევე გათვალისწინებულია ცივი საწყობების და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სოფლის განვითარების სააგენტოსთან და ქვეყანასთან გრძელვადიან პარტნიორობაზეა ორიენტირებული.
„Farmway Technologies Inc.“ — აშშ-ში დაფუძნებული ფინტექ კომპანიაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების — Web3, Blockchain, AI, ტოკენიზაციისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით სოფლის მეურნეობის გლობალურ განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას აგრარული მეურნეობები აქვს აშშ-ში, ინდოეთში, ვიეტნამსა და შრილანკაში.
მინისტრთან ერთად, ნუშის ბაღში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერები, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასევე „Farmway Technologies Inc.“- ის ინვესტორები იტალიიდან, საფრანგეთიდან და ინდოეთიდან.