საქართველო ბუდაპეშტში „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გლობალურ ფორუმზე
ბუდაპეშტში „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გლობალური ფორუმი, ასევე ევროპის, ცენტრალური აზიის მეცნიერებისა და ნოვაციების მე-2 რეგიონალური კვირეული გაიმართა.
ფორუმზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე წარმოადგენდა.
ფორუმი სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით მოეწყო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ლევან უჯმაჯურიძის თქმით, შეხვედრების მთავარი თემები იყო აგრარული სექტორისთვის აქტუალური გამოწვევები: კლიმატის გლობალური ცვლილება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, დეგრადირებული ნიადაგების შემცირება, დეკარბონიზაცია, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების გაფართოება და პესტიციდების გამოყენების მინიმიზაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სითბური აირების შემცირებას, ორგანული პრეპარატებისა და კომპოსტების წარმოების ზრდას, ციფრული და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, ახალგაზრდობის ჩართულობასა და ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას.
ვიზიტის დროს, ლევან უჯმაჯურიძე შეხვედრები გამართა FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ვიორელ გუცუსა და რეგიონალური პროგრამების ხელმძღვანელ რაიმუნდ იელესთან. განიხილეს საქართველოში FAO-ს ეგიდით განხორციელებული პროექტები და მომავალი ინიციატივები, რომლებიც „მწვანე სოფლის მეურნეობის“ მიმართულებით ქვეყნის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ფორუმის შედეგები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, რათა აგრარული სექტორი თანამედროვე, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომებით განვითარდეს და საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოვდეს.

