აგროსიახლეები

2025: 8 თვეში „აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 3.4%-ით  გაიზარდა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტის საერთო ღირებულებამ 1 118 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ექსპორტის ძირითადი მიმართულებებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, მათ შორის გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.

ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა: ექსპორტმა 18.3 მლნ დოლარით მოიმატა (19%-ით) და 113.9 მლნ დოლარს მიაღწია. განსაკუთრებით გამოირჩა თხილი, რომლის ექსპორტიც 10.9 მლნ დოლარით გაიზარდა და 33.7 მლნ დოლარს გაუტოლდა. ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 4.4 მლნ დოლარით მოიმატა (სულ – 6.1 მლნ დოლარი). ევროკავშირში ღვინის ექსპორტმაც ზრდა აჩვენა და 23.6 მლნ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 2.1 მლნ დოლარით მეტია.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრები კვლავაც ტრადიციული პარტნიორებია:

რუსეთი (440.6 მლნ დოლარი);

აზერბაიჯანი (127.2 მლნ დოლარი);

ევროკავშირი (113.9 მლნ დოლარი);

სომხეთი (86.0 მლნ დოლარი);

ყაზახეთი (56.5 მლნ დოლარი);

უკრაინა (46.0 მლნ დოლარი);

ყირგიზეთი (43.6 მლნ დოლარი);

ერაყი (34.9 მლნ დოლარი).

აგროსასურსათო პროდუქციის სტაბილური ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა საერთაშორისო მოთხოვნებს წარმატებით პასუხობს და ექსპორტის გაფართოება ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება.