აგროსიახლეები

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამით“ 59 ბიზნესიდეა დაფინანსდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით შექმნილი სასტუმრო დაათვალიერა.
სასტუმრო „ასკრიონი“ 2023 წელს, „მაღალთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ თანადაფინანსებით შეიქმნა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 100,000 ლარია. სასტუმროს, რომელიც 20 სტუმარზეა გათვლილი, 7 ნომერი აქვს.

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 11,8 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 146 ბიზნესიდეა, მათ შორის – 84 საოჯახო სასტუმროს შექმნა 6,8 მლნ ლარით. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში 4,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 59 ბიზნეს იდეა, მათ შორის – 38 საოჯახო სასტუმროს შექმნა 2,8 მლნ ლარით.

პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.

სასტუმროში „ასკრიონი“ მინისტრთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.