აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

საშემოდგომო სამუშაოები თხილის ბაღში

შემოდგომა თხილის ბაღებისთვის მინიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ეს არის დრო, როცა ფერმერმა უნდა იზრუნოს მომავალი სეზონისათვის, რათა მცენარეები დაიცვას სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისაგან, რაც მომავალი მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის უფროსი ზურაბ ხიდეშელი მოგვითხრობს  საშემოდგომო წამლობების მნიშვნელობაზე, რომ შემოდგომა გადამწყვეტი პერიოდია თხილის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საპრევენციოდ:

ზურაბ ხიდეშელი ფერმერებს ურჩევს, საშემოდგომო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ბაღების სანიტარულ მდგომარეობასა და პრევენციულ წამლობებს, რაც მომავალ სეზონზე დაავადებების გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა:

ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერის დასაწყისიდან, როდესაც ჩამოცვენილია ფოთლების 2/3 – ფოთლების სრულ ჩამოცვენამდე ჩაატარეთ სპილენძის შემცველი პრეპარატებით წამლობა. ამ დროს ფოთლების ჩამოცვენის ადგილას ჩნდება მიკროჭრილობები, საიდანაც ინფექცია მარტივად აღწევს მცენარეში. გამოიყენეთ სპილენძის პრეპარატებით წამლობა 1.5-2.0%-იანი კონცენტრაციით (სასურველია ბორდოს 20%-იანი სითხის შემცველი პრეპარატები).

 მოაწესრიგეთ ბაღის ფისანიტარული მდგომარეობა:

სხვლა უნდა დაიწყოს დაავადებული ტოტებიდან, გატანილ იქნას ბაღიდან;

საჭიროა გაიწმინდოს სადრენაჟო-წყალშემკრები არხები;

უნდა მოსცილდეს ამონაყრები;

ინსტრუმენტებს, რომლითაც ამოჭრა შესრულდა, უნდა გაუკეთდეს დეზიფენქცია (70 % -იანი სპირტით ან სხვა სადეზიფენქციო ხსნარით და/ან სანთებლის ალზე გადატარდეს) დაზიანებულ ბუჩქთან შეხების შემდეგ;

იმ ბაღებში, სადაც თხილის სწრაფი ხმობის ძლიერი კერებია, ბუჩქები რომლებიც მთლიანად არის გამხმარი და ამონაყრები არ აღინიშნება, ამოღებულ უნდა იქნას და განადგურდეს.

ზოგადად, ბაღის მოვლის სამუშაოები ითვალისწინებს ნარგაობაში მაღალი აგროტექნიკური ფონის დაცვას: მცენარეების სწორ განოყიერებას – ორგანული და მინერალური სასუქების მიზნობრივ გამოყენებას ( ნიადაგის კვლევის საფუძველზე), ფოთლოვან კვებას, მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებას, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შესაბამის აგროვადებში ჩატარებას.

საშემოდგომო პრევენციული ღონისძიებები თხილის ბაღებში ინვესტიციაა მომავალ ჯანსაღ და უხვ მოსავალში.

ზურაბ ხიდეშელის რეკომენდაციებით სარგებლობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ დაავადებათა რისკი და გაზარდონ ბაღის სიცოცხლისუნარიანობა, რათა მომავალ გაზაფხულზე თხილი დაცული იყოს და სრულყოფილად განვითარდეს.