აგროსიახლეები

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე – საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენა

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური ღონისძიებაა, სადაც ქვეყნები საკუთარ პროდუქციას, ინოვაციურ პოტენციალსა და კულტურულ სახეს წარმოაჩენენ.
წლეულს საქართველო ამ გამოფენაზე განსაკუთრებული სტატუსით – საპატიო სტუმრის რანგში მონაწილეობს. ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პირადად ესწრება და ათვალიერებს ქართულ საგამოფენო სივრცეებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული შესაძლებლობების წარდგენას საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

ქართული პავილიონები მრავალფეროვანი თემატიკითა და უნიკალური შეთავაზებებით გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულ პოტენციალს, აგრეთვე დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს ნაირსახეობა და დაესწრონ სხვადასხვა მასტერკლასს.

ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულტურული წარმოდგენები გამოფენის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა.

წლეულს გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რაც ქვეყნის ბიზნესსექტორის მზარდ აქტიურობას უსვამს ხაზს. მათ შორის არიან მეღვინეები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ტურიზმის, ხელნაკეთობებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსგავსი ღონისძიებებში მონაწილეობას, რადგან ეს არა მხოლოდ ექსპორტის ზრდას, არამედ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება ჩინეთის მიმართულებით და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება.

გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და ჩვენი პროდუქციის ცნობადობის გაზრდას,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლების თქმით, ჩინური კომპანიების მხრიდან მზარდია ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ, განსაკუთრებით – ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის მიმართულებით. ეს ტენდენცია ქმნის ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და რეგიონული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ კულტურულ დიპლომატიასაც – შანსს, რომ მსოფლიომ უკეთ შეიცნოს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა, ბუნება, ტრადიციები, გამორჩეული პროდუქტი და გემოები.

ქართველმა მეწარმეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საქართველო მზად არის საერთაშორისო ბაზრებზე ღირსეული კონკურენციისთვის.

მსგავს გამოფენებში მონაწილეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებაში.