აგროსიახლეები

ქართული თხილი საერთაშორისო ბაზარზე ლიდერობს – ექსპორტი 64%-ით გაიზარდა

2025 წლის აგვისტო-ნოემბერში ქართული თხილის ექსპორტმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან 66.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 6.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მეტია, რაც ქართულ თხილზე საერთაშორისო ბაზრების მზარდ ინტერესზე მიუთითებს.
აღნიშნულ პერიოდში 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 9.81 აშშ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელ იმავე პერიოდის საშუალო ფასს 66%-ით აღემატება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრები კვლავ ევროპული ქვეყნებია.

ექსპორტის უდიდესი წილი მოდის იტალიაზე (2.0 ათასი ტონა), რასაც მოჰყვება გერმანია (621.9 ტონა), ესპანეთი (608.0 ტონა), საფრანგეთი (379.4 ტონა), საბერძნეთი (297.6 ტონა), რუსეთი (281.3 ტონა), ჩეხეთი (266.4 ტონა), სომხეთი (236.9 ტონა) და თურქეთი (201.2 ტონა).

მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი ფასის წყალობით, ქართული თხილი, როგორც ევროკავშირის, ისე ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას განაგრძობს.

თხილის ექსპორტის ზრდა არა მხოლოდ საქართველოს აგრარული სექტორის მზარდ პოტენციალს უსვამს ხაზს, არამედ ადგილობრივი ფერმერების შრომისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებზეც მეტყველებს.

საექსპორტო ფასის მკვეთრი ზრდაც ქართული პროდუქტის მიმართ საერთაშორისო ბაზრის ნდობის ზრდაზეც მიანიშნებს, რაც მომავალში კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის პოზიციებს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თხილის მწარმოებელი ქვეყნის ადგილის მყარად დასამკვიდრებლად.