ცხოველის საკვების უვნებლობა _ ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარი
ცხოველის საკვების ხარისხი ერთ-ერთი მთავარია ფაქტორია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს როგორც ფერმერული წარმოების ეფექტიანობას, ისე საბოლოო სასურსათო უსაფრთხოებას.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხოველის საკვების წარმოების, შენახვისა და გამოყენების კონტროლს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობისთვის საზიანო ნარჩენებისა და ტოქსინების გავრცელება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა, შემოწმდა ასევე ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი საწარმო. ჩატარებული შემოწმებების შედეგად არც ერთ ობიექტში დარღვევა არ გამოვლენილა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 13 ცხოველის საკვების საწარმო და 233 ფერმა არის რეგისტრირებული, სადაც მიმდინარეობს ცხოველის საკვების სისტემური კონტროლი და ხარისხის შეფასება.
ვეტერინარიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ცხოველის საკვების სხვადასხვა ნიმუშში შეისწავლეს ვეტერინარული პრეპარატების, დამაბინძურებლებისა და ნარჩენების არსებობა 95 ნიმუშიდან არც ერთში შეუსაბამობა არ დაფიქსირდა.
მიუხედავად პოზიტიური შედეგებისა, სააგენტო მომავალ პერიოდშიც აგრძელებს მონიტორინგს. 2025 წლიდან კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში დამატებულია აფლატოქსინი B1-ის კვლევა, რომლის ფარგლებში აღებული 60 ნიმუშიდან 1 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა.
ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენლის, თეა ოშხერელის თქმით:
„ცხოველის საკვების უვნებლობა მთლიანი ჯაჭვის საწყის რგოლია და განსაზღვრავს როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ტოქსინებითა და ნარჩენებით დაბინძურებული საკვები საბოლოოდ აისახება რძესა და ხორცზე. ამიტომაც სააგენტო აგრძელებს სისტემატურ კონტროლს და ხარისხის მართვის გაუმჯობესებას.“
გარდა ამისა, ხარისხის სტანდარტების გამყარებისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა. 2025 წელს შესაბამისი აუდიტი 5 საწარმოში ჩატარდა, რაც წარმოების გამჭვირვალობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას კიდევ უფრო აძლიერებს.
ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ფერმერული სექტორის შიდა ამოცანაა, არამედ სასურსათო ჯაჭვის მთლიანობის საფუძველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, რაც ქვეყნის აგრარული განვითარების, ექსპორტის და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა.

