აგროსიახლეები

ქართული ხორბლის კულტურა – უძველესი ტრადიციიდან მსოფლიო აღიარებისკენ

სართული ხორბალი, როგორც მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ტრადიციების  კულტურა, დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხურზე დგას. UNESCO-მ გამოაქვეყნა დადებითი გადაწყვეტილების პროექტი, რომლის თანახმადაც  ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები შესაძლოა  კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდეს.
საქართველომ 2024 წლის 28 მარტს UNESCO-ს წარუდგინა ნომინაცია „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“. ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო მიღებულ დადებით დასკვნაში ხაზგასმულია ქართული ხორბლის კულტურის უნიკალური მნიშვნელობა როგორც ბიოლოგიური, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

UNESCO-ს შეფასებით, ამ ელემენტის ნუსხაში შეტანა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტერესის ზრდას იმ უძველესი ტრადიციებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია ხორბლის მოყვანასთან, გადამუშავებასთან, პურის ცხობასთან და მასთან დაკავშირებულ რიტუალებთან.

ორგანიზაცია განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ ქართული ხორბლის კულტურის აღიარება ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას, გენდერულ თანასწორობას, ეკოლოგიურ მდგრადობას, ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მშვიდობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებას.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით, ელემენტს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაც ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას.

დასასრულს, 2025 წლის 8-13 დეკემბერს, ინდოეთში, ქალაქ დელიში გაიმართება UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესია, სადაც ქართულ ნომინაციას საბოლოოდ განიხილავენ.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ყველა მხარეს — პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იმ სპეციალისტებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ისტორიული ნომინაციის მომზადებაში.

ქართული ხორბალი მხოლოდ აგრარული კულტურა არ არის, ეს არის ნაყოფიერების, ერთობისა და ცხოვრების ერთიანი სიმბოლო, რომელიც ჩვენს იდენტობას ასახავს. მისი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს, რომ მსოფლიო საზოგადოება აღიარებს საქართველოს, როგორც ხორბლის ერთ-ერთ უძველეს სამშობლოს.

ეს აღიარება არა მხოლოდ წარსულისადმი პატივისცემაა, არამედ მომავლის იმედი, რომ ქართული ხორბალი კვლავაც მუხლჩაუხრელი შრომის, სულიერი სიმდიდრისა და სოფლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება.