ჯიში და ენდემი, რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა
სოფლის მეურნეობაში ვინც ხართ დასაქმებული ან ბუნებასთან გაგქვთ მჭიდრო კავშირი და ინტერესდებით ასეთი თემებთ, ხშირად გაიგონებთ ტერმინებს: „ჯიში“ და „ენდემი“.
რას ნიშანვს ჯიში და რა არის ენდემი, ეს მცნებები ბევრ ადამიანს ერთმანეთში ერევა და არ იცის რა განსხვავებაა მათ შორის.
იმის მიუხედავად რომ ორივე მათგანი ბიომრავალფეროვნებას, მცენარეთა ან ცხოველთა მრავალფეროვნებას, გენეტიკურ სტრუქტურას და მათ მნიშვნელობას უკავშირდება, მათ შორის განსხვავება არსებითია და ამ სხვავობის სწორად ცოდნა როგორც ფერმერებისთვის, ისე აგრონომებისთვისა და სელექციონერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა არის ჯიში?
ჯიში მცენარის ან ცხოველის შიგნით გამოყოფილი, კონკრეტული მახასიათებლებით გამორჩეული პოპულაციაა, რომელიც ადამიანი მიზანმიმართულად ამრავლებს და ინარჩუნებს სასურველი ნიშან-თვისებებისათვის, მაგალითად: მოსავლიანობა, გვალვაგამძლეობა, გემო, ფერი, დაავადებათა გამძლეობა და სხვა.
ჯიშის შექმნა სელექციური საქმიანობის შედეგია, ანუ მეცნიერი ან ფერმერი მიზანმიმართულად არჩევს, აწყვილებს, ბუნებრივად ცდილობს მის გადაკვეთებას, რათა კონკრეტული პირობებისათვის საუკეთესო ფორმა (ცხოველი, მცენარე) მიიღოს.
მაგალითები:
- ხორბლის ჯიში „ლომთაგორა“, რომელიც იძლევა სტაბილურ უხვ მოსავალს, შედარებით გამძლეა გვალვის, დაავადებისა თუ სხვადასხვა ტიპის ნიადაგისა და კლიმატისადმი;
- ვაზის ჯიში „საფერავი“, რომელიც მიღებულია ბუნებრივი სელექციით, აქვს საუკეთესო საგემოვნო თვისების ყურძნი, უხვმოსავლიანია და უმაღლესი ხარისხის წითელი უნიკალური ღინის მიღებას უზრუნველყოფს;
- ძროხის ჯიში „შვიცური“, რომელიც გამოყვნილია ხელოვნუი სელექციით, იოლად ეგუება სხვდასხვა კლომატურ პირობებს, გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობით და ძალზე პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
ანუ, ჯიში არის ადამიანის მიერ, პრაქტიკული მიზნებისთვის, შერჩევით გამოყვანილი ფორმა, რომელიც გარკვეული მიზნის მისაღწევად არის შექმნილი.
რა არის ენდემი?
ენდემი (ბერძნ. endemos _ „ადგილობრივი“) არის ბიოლოგიური სახეობა, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში და ბუნებრივად სხვაგან არ გვხვდება.
ენდემები წარმოიქმნება ბუნებრივად _ ათასწლეულების განმავლობაში გარემოსა და კლიმატის ზემოქმედებით, მუტაციებისა და ბუნებრივი შერჩევის გზით. ისინი ბუნების უნიკალური ქმნილებებია და ხშირად მაღალი კულტურული ან მეცნიერული მნიშვნელობა აქვთ.
მაგალითები:
- ზანდური (Triticum timopheevii) საქართველოს ენდემური ხორბლის სახეობა, რომელიც მსოფლიოს სხვა რეგიონებში ბუნებრივად არ გვხვდება.
- თუშური ცხვარი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის ენდემია, რომელიც მთის კლიმატისა და პირობებისთვის არის შესაფერისი.
- ბორჯომის ნაძვი (Picea orientalis var. borjomica) უნიკალური მცენარე, რომელიც მხოლოდ საქართველოს გარკვეულ ტყეებში იზრდება.
ანუ, ენდემი ბუნებრივადაა ჩამოყალიბებული და მხოლოდ ერთ რეგიონში არსებობს, განსხვავებით „ჯიშისგან“, რომელსაც ადამიანი ქმნის.
რატომ არის მნიშვნელოვანი ორივეს გაფრთხილება და შენარჩუნება?
ენდემების დაცვა
ენდემური სახეობები არის ბუნებრივი გენეტიკური მემკვიდრეობა. მათი შენარჩუნება ნიშნავს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვას და მომავალ თაობებისთვის უნიკალური გენების გადაცემას.
ბევრი თანამედროვე კულტურა, ჯიში სწორედ ადგილობრივი ენდემებისგან არის შექმნილი.
ჯიშების განვითარება
ჯიშები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდის თვალსაზრისით გადამწყვეტია, ამიტომ მათ ფერმერებისთვის, და საერთოდ ფერმერული წარმოებისათვის, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ.
ჯიშები მუდმივად იხვეწება და მრავლფეროვდება, მეტიც მოსავლიანობის კიდევ უფრო გასაზრდელად სელექციურად წარმოებს მათი ჰიბრიდიზაცია, რაც ამცირებს დანაკარგებს და უზრუნველყოფს მიღებული პროდუქტის უკეთეს ხარისხს. სელექციონერები ახალი, რთულ გარემოპირობებთან უკეთ ადაპტირებული ჯიშების შესაქმნელად მუდმივად იყენებენ ენდემურ სახეობებს, მაგალითად, ქართული ხორბლის _ „ზანდურის“ გენი მთელ მსოფლიოში გამოიყენება თანამედროვე, დაავადებებისა თუ სხვა პათოგებისადმი გამძლე უხვმოსავლიანი ხორბლის ჯიშების გაუმჯობესებისთვის.
ამიტომ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ:
- ენდემების გამოყენება ხელს უწყობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას;
- ჯიშების სწორად შერჩევა ზრდის ეკონომიკურ შედეგებს და ამცირებს რისკებს;
- ადგილობრივი ჯიშები და ენდემები უკეთ იტანენ რეგიონულ კლიმატსა და ნიადაგს, რაც ხშირად ნაკლები დანახარჯით უკეთეს მოსავალს იძლევა.
ჯიში და ენდემი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
ჯიში ადამიანის შრომის შედეგია, ხოლო ენდემი ბუნების ქმნილებაა. ორივე ერთად განაპირობებს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველს: ენდემი ინარჩუნებს ბუნებრივ მრავალფეროვნებას, ხოლო ჯიში უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხსა და ეკონომიკურ სარგებელს.
ორივეს _ ჯიშის და ენდემის სწორად შეფასება და დაცვა, არა მხოლოდ მემკვიდრეობის, არამედ მომავლის შენარჩუნებასაც ნიშნავს.

