„საზანოს ოცხანური“ – იმერეთის უნიკალური მეღვინეობა
საქართველოსთვის ღვინო არა მხოლოდ ეკონომიკური რესურსია, არამედ კულტურული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომაც, ადგილწარმოშობის დასახელებების ზრდა პირდაპირ მიუთითებს ქართული მეღვინეობის განვითარებაზე, ტერუარის კიდევ უფრო ღრმა გაცნობიერებასა და ჯიშობრივი მრავალფეროვნების დამკვიდრებაზე.

ბოლო პერიოდში ადგილწარმოშობის დასახელების მქონე ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც გასათვალისწინებელი ნაბიჯია როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ისე მისი საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისთვის. სწორედ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა „საზანოს ოცხანურის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია, იმერული ღვინის მორიგი ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც რეგიონულ იდენტობასა და მაღალი ხარისხის წარმოების სტანდარტებს ეფუძნება.
ღვინო „საზანოს ოცხანურის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა. აღნიშნული ღვინის წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.
„საზანოს ოცხანური“ წითელი მშრალი ღვინოა.
მიკროზონა მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზედა საზანო, სკანდე, მუჯირეთ, ჩიხორი, დელტას უბანი, შიმშილაქედი, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვედა საზანო, ტყლაპივაკე და შიმშილაქედი.
მიკროზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 120-420 მეტრის სიმაღლეზე. ღვინო „საზანოს ოცხანური“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საზანოს მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება, თუმცა, დასაშვებია მხოლოდ ამავე მიკროზონაში მოწეული 5% საფერავის დამატება.
საზანოს ოცხანური მზადდება დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით, ქვევრში (ჭურში) ან უჟანგავ ფოლადის რეზერვუარში.
იმერეთი ვენახების ფართობით დასავლეთ საქართველოში პირველ ადგილზეა. იმერეთის ღვინოები მზადდება მთის ფერდობებზე და დაქანებებზე გაშენებული ვაზების ყურძნიდან და გამოირჩევიან მაღალი ხარისხით. ეს ღვინოები, ძირითადად, ზომიერი სიმაგრისაა, ხასიათდება სინაზით, სისრულით და თავისებური არომატით.
იმერეთში დარეგისტრირებულია სამი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: სვირი, ობჩა და საზანოს ოცხანური.
საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი, ობჩა, ლეჩხუმი, რაჭა და საზანოს ოცხანური.
„საზანოს ოცხანურის“ ადგილწარმოშობის დასახელების ოფიციალური მიღება იმერეთის მეღვინეობის განვითარებაში ახალი ეტაპია. ადგილწარმოშობის მკაფიოდ გაწერილი ზონაა, წლების განმავლობაში დახვეწილი ტრადიციული ტექნოლოგიები და ხარისხის მკაცრი სტანდარტები ამ ღვინოს მაღალი ღირებულების პროდუქტად აქცევს.
ადგილწარმოშობის დასახელებათა რაოდენობის ზრდა სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციებს. დღევანდელი დინამიკა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართული ღვინის იდენტობა, მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი გასაღების ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას უნარჩუნებს და მომავალშიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კულტურულ წარმატებებს უქადის ქვეყანას.

