რატომ დებენ ქათმები დაჭმუჭნულ ან რბილნაჭუჭიან კვერცხებს და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად _
ქათმის მწარმოებელი ფერმერებისთვის, დამწყები იქნება ის თუ გამოცდილი, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემაშფოთებელი მოვლენაა მათი ქათმების მიერ რბილნაჭუჭიანი ან „დაჭმუჭნილინაკეციანი“ კვერცხების დადება.
ასეთი შემთხვევა იშვიათი არ არის და, როგორც წესი, მიუთითებს კვების, გარემოპირობების ან ფრინველთა ჯანმრთელობის პრობლემაზე.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რა იწვევს ქათმების მიერ რბილი კვერცხების დადებას და როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა.
როგორ ყალიბდება ქათმის კვერცხი
ქათამი ფაქტობრივად ცოცხალი „კონვეიერია“. კვერცხის ფორმირებიდან დადებამდე ერთი სრული ციკლი, საშუალოდ, 24–26 საათს გრძელდება.
- კვერცხის გული (გული) ქათმის ჰორმონების გავლენით ყალიბდება და ეს პროცესი ნაკლებად არის დამოკიდებული საკვებზე.
- კვერცხის ცილა საკვერცხეში წარმოიქმნება.
- ნაჭუჭი კი „ნაჭუჭის ჯირკვალში“, დაახლოებით 20 საათის განმავლობაში ყალიბდება, როდესაც ქათმის ორგანიზმი სისხლიდან აქტიურად გამოიმუშავებს კალციუმს და მინერალებს.
თუ ეს პროცესის რომელიმე ეტაპზე დარღვა, კვერცხი რბილი, უნაჭუჭო, უფორმო ან დაჭმუჭნულნაჭუჭიანი გამოდის.
რბილი ნაჭუჭის 7 მთავარი მიზეზი
1️. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი (დაახლოებით 80% შემთხვევებში) კვების დისბალანსია.
კვერცხის ნაჭუჭი 95%-ით კალციუმის კარბონატისგან შედგება.
თუ კალციუმი საკვებში არ არის, ქათამი მის გამოტანას საკუთარი ძვლებიდან იწყებს, მაგრამ ეს რესურსი სწრაფად იწურება.
- კალციუმის დეფიციტი: მთავარი მიზეზი.
- ფოსფორის გადამეტება: კალციუმი და ფოსფორი უნდა იყოს დაბალანსებული (იდეალური თანაფარდობა 4:1 ან 5:1).
- D₃ ვიტამინის ნაკლებობა: ეს ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში, მისი დეფიციტის შემთხვაში კალციუმს ორგანიზმი ვერ ითვისებს.
- მიკროელემენტების ნაკლებობა: განსაკუთრებით მარგანუმისა და თუთიის. მაგნიუმი და თუთია აქტიურად მონაწილეობს ნაჭუჭის სტრუქტურის ფორმირებაში.
2️. ქათმის ასაკი
- ახალგაზრდა ქათმები (5–6 თვიანი): როდესაც იწყებენ კვერცხის დებას, ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მომზადებული სრულყოფილად, ამიტომ პირველ კვირებში უფორმო ან რბილნაჭუჭიანი კვერცხები ნორმალური მოვლენაა.
- ხანდაზმული ქათმები: ასაკის მატებასთან ერთად კალციუმის შეწოვის და მინერალების გამომუშავების უნარი იკლებს და კვერცხებიც ხშირად ხარვეზიანი, რბილნაჭუჭებიანი და უფორმო შეიძლება დადონ.
3️. სტრესი – უხილავი მტერი
სტრესი პირდაპირ მოქმედებს ჰორმონებზე, რომლებიც არეგულირებს კვერცხდებას.
მისი გამომწვევი მიზეზებია:
- ძლიერი ხმაური, მტაცებელი ცხოველი ან მოულოდნელი შიში;
- საკვების მკვეთრი ცვლილება;
- სიცივე ან გადახურება;
- ახალი ფრინველების შემოყვანა ან ბუდეში ჩხუბი.
სტრესის დროს კვერცხმა შეიძლება ადრიანად გაიაროს კვერცხსავალი და ვერ მოასწროს ნაჭუჭის ფორმირება.
4️. ჯანმრთელობის პრობლემები
თუ საკვები და გარემო პირობები ნორმის ფარგლებშია, პრობლემა შესაძლოა დაავადება იყოს:
- Egg Drop Syndrome (EDS): ვირუსი, რომლის მთავარი ნიშანია რბილი ან უხეში ნაჭუჭი.
- ინფექციური ბრონქიტი: აზიანებს არა მხოლოდ სასუნთქ, არამედ რეპროდუქციულ სისტემას.
- სალპინგიტი (კვერცხსავლის ანთება): ვითარდება ინფექციის ან ძალიან დიდი კვერცხის გამო, რაც იწვევს ორგანოს შეშუპებას და ფუნქციის დარღვევას.
5️. გენეტიკური ფაქტორი
ზოგიერთი მაღალპროდუქტიული ჯიში (მაგალითად, ლექორნის ხაზები) გადაჭარბებულად აწარმოებს კვერცხს, ორგანიზმს უბრალოდ არ ჰყოფნის რესურსი თითოეული კვერცხის იდეალური ნაჭუჭის შესაქმნელად.
6️. წყლის უკმარისობა
წყალი აუცილებელი ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესისთვის.
თუ ქათამი არ სვამს საკმარის წყალს, განსაკუთრებით, სიცხეში ან ის დაბინძურებულია, ნაჭუჭი პირველ რიგში დაზიანდება.
7. განათების რეჟიმის დარღვევა
სინათლე პირდაპირ მოქმედებს კვერცხდებაზე.
ძალიან ხანმოკლე ან, პირიქით, ზედმეტად ხანგრძლივი დღის შუქი, ქათმის ბიორიტმს არღვევს და „დების კალენდრის“ ჩავარდნას იწვევს.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვენმა ქათამმა რბილნაჭუჭიანი ან უფორმო კვერცხი დადო?
ნაბიჯი 1. დააკვირდით ვითარებას
თუ მხოლოდ ერთი ქათამი გყავთ, ეს შეიძლება ინდივიდუალური თავისებურება ან სტრესი იყოს.
თუ რამდენიმე _ მიზეზი კვებაში, წყალში ან საერთო მოვლის პირობებში ეძებეთ.
ერთჯერადი შემთხვევა არ არის საშიში, მაგრამ თუ ეს ხშირად მეორდება — საჭიროა ჩარევა.
ნაბიჯი 2. გააძლიერეთ კვება
- გაუზარდეთ კალიუმიანი საკვები, მიეცით დაფშვნილი ნიჟარები, ეს — საუკეთესო ფორმის საკვებდანამატია, შეიწოვება ნელა და ის მუდმივად უნდა ჰქონდეს ქათამს ხელმისაწვდომად.
საკვები ცარცი კალციუმის ასევე შესანიშნავი წყაროა.
კირქვა.
კვერცხის ნაჭუჭი. გაითვალისწინეთ, თუ ნაჭუჭს მისცემთ, ის აუცილებლად უნდა დაამუშაოთ თერმულად და დააქუცმაცოთ, რათა ქათმებმა კვერცხის სუნი არ იგრძნონ და კვერცხის კენკვა არ დაიწყონ.
D₃ ვიტამინი:
- დაუმატეთ თევზის ზეთი _ 1-2 მლ. ერთ კგ. საკვებზე, 7-10 დღიანი კურსებით;
- უზრუნველყავით, დროის გარკვეული ნაწილი ფრინველებმა გაატარონ მზეზე, ბუნებრივი სინათლე აუცილებელია ვიტამინის სინთეზისთვის.
დაბალანსებული კომბინირებული საკვები:
დარწმუნდით, რომ იყენებთ ხარისხიან კომბინირებულ საკვებს, რომელშიც ყველა აუცილებელი ელემენტი იქნება.
ნაბიჯი 3. მოაშორეთ სტრესის ფაქტორები
შეუქმენით მშვიდი გარემო, მუდმივი რეჟიმი, სუფთა წყალი და სტაბილური ტემპერატურა.
ქათმებს სინათლე დღეში 14–16 საათი უნდა ჰქონდეთ.
ქათმებს აუცილებლად სჭირდებათ გარე ბუდე ან ეზო, სადაც შეძლებენ მზეზე გასვლას და მწვანე მასასისა და მწერების ბუნებრივად მიღებას.
ნაბიჯი 4. მიმართეთ ვეტერინარს
თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯის შემდეგ მდგომარეობა 2 კვირაში არ გაუმჯობესდება, საჭიროა სპეციალისტის ჩარევა, რადგან საქმე შეიძლება ინფექციასთან გაქვთ.
რბილნაჭუჭიანი კვერცხი სიგნალია, რომ თქვენს ქათმებს რაღაც აკლიათ.
უმეტეს შემთხვევაში პრობლემას მარტივად აგვარებს კალციუმის დამატება და თევზის ზეთის მცირე დოზაც კი.
ფერმერის მთავარი ამოცანაა დაკვირვება და დროული რეაგირება. ამ შემთხვევაში ქათმები იქნებიან ჯანმრთელები და პროდუქტიულები, ხოლო თქვენ მიიღებთ ხარისხიან, მყარნაჭუჭიან და გემრიელ კვერცხებს.
წარმატებას გისურვებთ!

