აგროსიახლეები

საქართველოში ქათმის ხორცის იმპორტი იზრდება

საქართველოში ქათმის ხორცის იმპორტი ბოლო წლების მაჩვენებელთან შედარებით მაქსიმალურად გაზრდილია.
 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 82 289 ტონა ახალი და გაყინული ქათმის ხორცი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 122.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 12.5%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს, როცა ქვეყანაში 72 420 ტონა, 108.9 მილიონი დოლარის ღირებულების ქათმის ხორცი შემოიტანეს.

მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქათმის ხორცის საშუალო საიმპორტო ფასი დაუბეგრავად, ერთი კილოგრამი, დაახლოებით,  1.5 აშშ დოლარი იყო, რაც იმპორტირებულ პროდუქტს, ადგილობრივთან შედარებით იაფსა და ბაზარზე კონკურენტულს ხდის.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველო ყველაზე დიდი მოცულობით ქათმის ხორცს ჩინეთიდან ყიდულობდა, მეორე ადგილზე უკრაინაა, შემდეგ ბრაზილია, თურქეთია და ამერიკის შეერთებული შტატებია.

  • ჩინეთი — 24 569 ტონა, 41.3 მლნ აშშ დოლარი;
  • უკრაინა — 9 042 ტონა, 15.8 მლნ აშშ დოლარი;
  • ბრაზილია — 10 819 ტონა, 14.5 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი — 9 602 ტონა, 14.2 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ — 11 986 ტონა, 14.0 მლნ აშშ დოლარი.

ქათმის ხორცის იმპორტის ზრდა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ პროდუქციაზე.

ეს ტენდენცია სიგნალია ადგილობრივი მეფრინველე ფერმერებისთვის, გაიზარდოს წარმოების ეფექტიანობა, შემცირდეს თვითღირებულება და გააძლიეროს ხარისხზე ორიენტაცია.

სახელმწიფო მხარდაჭერის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში, ადგილობრივ წარმოებას აქვს პოტენციალი, ეტაპობრივად შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება და შიდა ბაზარზე უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავოს.