ბიობიტუმი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან _ ინდოეთის რევოლუციური გამოცდილება
ინდოეთში საფუძველი ჩაეყარა ინოვაციურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მშენებლობაში ტრადიციული ბიტუმის ნაწილობრივ შეცვლას ბიობიტუმით.
აღსანიშნავია, რომ ნედლეულად გამოიყენება ისეთი ხელმისაწვდომი ნარჩენები, როგორიცაა შაქრის ლერწმის ნაყენი (ჟომი), ბრინჯისა და ხორბლის ნამჯა.
ინდოეთის საგზაო ტრანსპორტისა და ავტომაგისტრალების მინისტრმა, ნიტინ გადკარიმ, შტატ მადჰია-პრადეშში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქვეყანა იწყებს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ღირებულ რესურსად გარდაქმნას. მისი თქმით, თანამედროვე ფერმერის როლი იცვლება: ის არა მხოლოდ სურსათის მწარმოებელი, არამედ ენერგიისა და სამშენებლო მასალების მიმწოდებელიც ხდება.
„ჩვენი ფერმერი არის ენერგიისა და საწვავის მიმწოდებელი. ასეთი ინიციატივები ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის ახალ წყაროებს ქმნის“, — აღნიშნა მინისტრმა.
ინდოეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიობიტუმის კომერციული წარმოება დაიწყო. ეს შესაძლებელი გახდა პიროლიზის ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების საბჭოს (CSIR) ლაბორატორიებში შემუშავდა.
რა სარგებელს მოუტანს ეს დარგს?
- ნარჩენების მართვა: ბიობიტუმის მისაღებად გამოიყენება ბამბის, ხორბლის ნამჯა და შაქრის ლერწმის გადამუშავების ნარჩენები.
- გარემოს დაცვა: ტრადიციულ ბიტუმთან შედარებით, მავნე გამონაბოლქვი 70%-ით მცირდება. ასევე იკლებს მინდვრად ნამჯის დაწვის პრაქტიკა, რაც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი სერიოზული წყაროა.
- ეკონომია: ქვეყანა დაზოგავს მილიარდობით დოლარს, რომელიც ადრე ნავთობის იმპორტზე იხარჯებოდა.
ხარისხი
საპილოტე პროექტებმა და ტესტირებამ აჩვენა, რომ ბიობიტუმით დაგებული გზები ხარისხითა და გამძლეობით არ ჩამოუვარდება სტანდარტულ ავტომაგისტრალებს. დღეს უკვე 15-მდე კომპანიამ ამ ტექნოლოგიით წარმოებაზე პატენტი მიიღო.
ინდოეთის ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობა შეიძლება გახდეს მწვანე ეკონომიკის ხერხემალი, სადაც ფერმერის მიერ წარმოებული „ნარჩენი“გზებისა და ენერგეტიკისთვის სინამდვილეში ძვირფასი ნედლეულია.
წყარო: IANS / AgroXXI.ru

