კლიმატის ცვლილება _ რას მოვიგებთ ან წავაგებთ ამ პროცესში?
თანამედროვე აგრარულ სექტორში კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად იქცა. ხშირად ისმის კითხვა _ არის თუ არა ეს მხოლოდ საფრთხე, თუ გარკვეულ რეგიონებს ახალ შესაძლებლობებსაც უხსნის?
საქართველო, თავისი მრავალფეროვანი კლიმატური ზონებით, ამ ცვლილებების ეპიცენტრშია და ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ეკოლოგიურ სამიტზე ნობელის პრემიის ლაურეატ კლიმატოლოგ, ალექსეი კოკორინის გამოთქმული მოსაზრების ქართველი ფერმერების და სპეციალისტებისთვის გაცნობა, რომლებიც მეცხოველეობასა და მემცენარეობას უკავშირდება.
ეს აქტულურია განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს და ყაზახეთის აგრარული გამოწვევები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს.
კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა მჭიდროდ გადაჯაჭვული პროცესებია, რომელთა გარშემოც ბევრი მითი თუ სპეკულაცია გაჩნდა. ამ საკითხებში გარკვევა და რეალური სურათის დანახვა თანამედროვე აგრარული სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
როგორც დოქტორი ალექსეი კოკორინი, მიიჩნევს, ეს პროცესი იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მასში „გამარჯვებულებიც“ შეიძლება დავინახოთ, თუკი სწორ სტრატეგიას ავირჩევთ.
მითი მეცხოველეობის „მავნებლობის“ შესახებ
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიერ მეთანის გამოყოფას და ამით ეკოლოგიის განადგურებას ეხება. ექსპერტის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მეთანი მართლაც ძლიერი სათბურის აირია, პირუტყვის წვლილი საერთო ემისიებში მხოლოდ 6%-ს შეადგენს. ხშირად გაცხადებული მაღალი ციფრები (20-25%) ეფუძნება ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც კაცობრიობამ სრულად უნდა თქვას უარი ხორცსა და რძეზე, რაც წარმოუდგენელია.
გამოსავალი არა სულადობის მკვეთრ შემცირებაში, არამედ ეფექტიანობის ზრდაშია. ეკოლოგიური დატვირთვის შესამცირებლად ოპტიმალური გზა ორი საშუალო პროდუქტიულობის ცხოველის ერთი მაღალპროდუქტიული ძროხით შეცვლაა. ასე გაცილებით ნაკლები ემისიის ფასად მივიღებთ იგივე რაოდენობის პროდუქციას.
მემცენარეობა და კლიმატური ცვლილებები
კლიმატის ცვლილებას ზოგიერთი რეგიონისთვის პოზიტიური ეფექტის მოტანაც შეუძლია. ტემპერატურის მატება და ნალექების რაოდენობის ზრდა თეორიულად მოსავლიანობის გაუმჯობესების წინაპირობაა, თუმცა აქ ორი გადამწყვეტი ფაქტორი ვლინდება: ნიადაგის ნოყიერება და ადამიანური რესურსი. ნეგატიური ეფექტები თავისით ჩნდება, ხოლო პოზიტიური შესაძლებლობების გამოსაყენებლად საჭიროა ცოდნა, ტექნოლოგიები და ფინანსური ინვესტიცია.
აღსანიშნავია ნალექების განაწილების პრობლემაც. მართალია, წლიური ჯამი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს ხშირად ხდება არაპროდუქტიული ტენის (ზამთრის ნალექი) ხარჯზე, ზაფხულში კი გვალვები მწვავდება. ამას გარდა, ნალექი იძენს უფრო აგრესიულ, თავსხმა წვიმების ხასიათს, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას და აზიანებს კულტურებს.
ადაპტაცია, როგორც გადარჩენის გზა
კლიმატოლოგი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მდგრადობა დამოკიდებულია არა მხოლოდ კლიმატურ სიგნალზე, არამედ სახელმწიფოს პოტენციალზე — უპასუხოს ამ გამოწვევას.
რეგიონებში, სადაც ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსი მწირია, კლიმატის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, ალექსეი კოკორინის აზრით მთავარი აქცენტი ადაპტაციაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე უნდა გაკეთდეს.
ვფიქრობ საქართველოსთვის, თავისი მცირემიწიანობითა და რთული რელიეფით, ასეთი ანალიზი ძალზე აქტუალურია.
ჩვენს რეალობაში კლიმატის ცვლილება უკვე იწვევს აგრარული კალენდრის არევას და მავნებლების ახალი სახეობების გავრცელებას. თუმცა, თუ კოკორინის ლოგიკას მივყვებით, ეს პროცესი გვაიძულებს დავაჩქართო ინტენსიურ მეურნეობაზე გადასვლა, სადაც მთავარი სამოქმედო მიმართულებები უნდა იყოს:
- მეცხოველეობის მოდერნიზაცია _ ყურადღების გადატანა ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებაზე და მაღალპროდუქტიული ფერმების განვითარებაზე, რაც შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და გაზრდის რენტაბელობას.
- ნიადაგის მართვა _ ნალექების აგრესიული ხასიათის გათვალისწინებით, აუცილებელია ნიადაგდამცავი ტექნოლოგიების (No-till, მულჩირება, იქ სადაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია) ინტენსიურად დანერგვა ეროზიის და სხვა ნეგატიური პორცესების შესაჩერებლად.
- წყლის რესურსების ოპტიმიზაცია _ რადგან ზაფხულ-ზაფხულზე ნალექების სიმცირე სული უფრო აზარალებს ჩვენს ფერმერებს, საჭიროა თანამედროვე სარწყავი სისტემების დაჩქარებულად დანერგვა, რომლის გარეშე მემცენარეობის დარგი კონკურენტუნარიანობას საერთოდ დაკარგავს.
და ბოლოს შეიძლება ითქვას: კლიმატის ცვლილება არ არის განაჩენი, ის არის ბიძგი სოფლის მეურნეობაში დაჩქარებული რეფორმებისკენ. საქართველომ უნდა შეძლოს ყველა, რაგინდ მცირე პოზიტიური ნიუანსების გამოყენებაც კი, რასაც გლობალურიდათბობა გვთავაზობს (მაგალითად, ვეგეტაციის პერიოდის გახანგრძლივება ან ახალი კულტურების ათვისება) და რისთვისაც პირდაპირ ფერმერულ მეურნეობებში მეცნიერული მიდგომების/თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა აუცილებელი. ეს კი ახალი აგრარული ცოდნის და უნარების შეძენის გარეშე გაჭირდება თუ შეუძლებელი არ იქნება.
მოამზადა: შოთა მაჭარაშვილმა
წყარო: ElDala.kz

