ნივრის მაღალრენტაბელური ბიზნესის წარმოების თავისებურებები
ნივრის კომერციული წარმოება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ბოსტნეული კულტურებისგან. მისი სპეციფიკა იწყება იქიდან, რომ ნიორი არ მრავლდება თესლითб, ჩვენ ვრგავთ ვეგეტატიურ ნაწილს (კბილს), რაც გენეტიკური ერთგვაროვნების გარანტიაა, თუმცა დაავადებების გადატანის მაღალ რისკსაც შეიცავს.
კომერციულ წარმოებაში ნიორი ორ ძირითად ტიპად იყოფა:
- მაგარყელა (Hardneck): გამოირჩევა დიდი კბილებით და ინტენსიური არომატით. მას სჭირდება სიცივე (ვერნალიზაცია) განვითარებისთვის. იძლევა საყვავილე ღეროს (ე.წ. „ისარს“).
- რბილყელა (Softneck): უფრო მეტ კბილს შეიცავს, უკეთ ინახება და იდეალურია მექანიზებული აღებისთვის. სწორედ ამ ტიპის ნიორს ვხედავთ ყველაზე ხშირად სუპერმარკეტებში.
ნიორი ვერ იტანს დაჭაობებულ ნიადაგს. საუკეთესოა მსუბუქი, მაღალი ორგანული შემცველობის ქვიშნარ-თიხნარი ნიადაგები.
- დარგვის დრო: საქართველოში კომერციული ნიორი ძირითადად შემოდგომაზე (ოქტომბერი-ნოემბერი) ირგვება. ეს მცენარეს საშუალებას აძლევს, ზამთრამდე ფესვთა სისტემა განავითაროს.
- დაშორება: რიგებს შორის 20-30 სმ, ხოლო კბილებს შორის 10-15 სმ.
- სიღრმე: კბილი უნდა დაიფაროს 5-8 სმ ნიადაგით.
მაგარყელა ჯიშებისთვის ეს კრიტიკული ეტაპია. როგორც კი მცენარე გამოუშვებს საყვავილე ღეროს, ის აუცილებლად უნდა მოიჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე ენერგიას თესლის ფორმირებაზე დახარჯავს და ბოლქვი 20-30%-ით უფრო პატარა გაიზრდება.
ნიორი აზოტისადმი დიდი მოთხოვნილებით გამოირჩევა ადრე გაზაფხულზე, როდესაც ვეგეტაცია ახლდება.
- ადრე გაზაფხულზე საჭირა აზოტოვანი სასუქების შეტანა ფოთლოვანი მასის გასაძლიერებლად.
- ბოლქვის ფორმირების დროს აქცენტი გადადის კალიუმზე.
- ბოლქვის აღებამდე 1 თვით ადრე აზოტის მიწოდება უნდა შეწყდეს, რათა ნიორი არ გადაიზარდოს და კარგად შეინახოს.
ნივრის აღების დროის განსაზღვრა ხელოვნებაა. თუ ნაადრევად აიღებთ, კანი იქნება თხელი და ბოლქვი მალე გამოშრება. თუ დააგვიანებთ, გარე კანი დასკდება და კბილები დაიშლება, რაც პროდუქტს სასაქონლო სახეს უკარგავს.
- მოსავლის აღება იწყება, როდესაც ქვედა 3-4 ფოთოლი გაყვითლდება და გახმება, ნიორი მზადაა.
ნივრის კომერციული წარმოება მოითხოვს ხელით შრომას (განსაკუთრებით დარგვისას და აღებისას), თუმცა 1 ჰექტარიდან მიღებული მოგება ხშირად 2-3-ჯერ აღემატება ხორბლის ან სიმინდის წარმოებიდან მიღბულ შედეგს.

