საქართველო და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) თანამშრომლობას 2028 წლამდე აგრძელებენ
საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქალაქ ვენაში, ხელი მოეწერა შეთანხმებას „ქვეყნის ჩარჩო პროგრამის“ 2028 წლამდე გახანგრძლივების შესახებ.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მხარეებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირსა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში დასახულ საერთო მიზნებს.
საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა, ხოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰუა ლიუმ.
პროგრამა მოიცავს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა:
-
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება;
-
ჯანმრთელობის დაცვა და კვება;
-
სოფლის მეურნეობა და სურსათის უვნებლობა;
-
გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.
როგორც ნინო უტიაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებების განვითარება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასთან.
„ქვეყნის ჩარჩო პროგრამის“ ვადის გახანგრძლივება ადასტურებს, რომ საქართველო რჩება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საიმედო პარტნიორად.
2020 წელს დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება 2028 წლამდე, საფუძველს უქმნის ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებასა და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

