მედიარუბრიკებისტატიები

გადარჩენის ფორმულიდან რეალურ ბიზნეს-მოდელამდე

ბოლო წლებში, აგრარულ სექტორში კოოპერაციის თემა ხშირად დისკუსიის საგანია.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კერძოდ კი ყაზახეთის ბოლოდროინდელი გამოცდილება (სადაც კოოპერატივების რაოდენობა 5 წელში 1.5-ჯერ გაიზარდა), გვკარნახობს გადავხედოთ ჩვენს მიდგომებსაც.

რა ხდის ამ მოდელს წარმატებულს ყაზახეთში და რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ მათგან?

1. ეკონომიკური სტიმული, როგორც მთავარი მამოძრვაებელი ძალა

ყაზახეთის მაგალითი გვაჩვენებს, რომ მხოლოდ გაერთიანებისკენ „იდეოლოგიური“ მოწოდებები არ მუშაობს. ფერმერისთვის მთავარი არგუმენტი ციფრებია. როდესაც სახელმწიფო სთავაზობს 2.5%-იან კრედიტს და პრიორიტეტს მიწის რესურსზე, კოოპერაცია ხდება არა „თავსმოხვეული ვალდებულება“, არამედ კონკურენტული უპირატესობა.

საქართველოშიც, კოოპერატივების განვითარების ახალი ტალღა სწორედ ასეთ რადიკალურ ფინანსურ შეღავათებზე უნდა დაეფუძნოს.

2. ბიუროკრატიული ბარიერების მსხვრევა

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაბიჯი ყაზახურ კოოპერირების გეგმაში მცირე მეურნეობებისთვის ზოოვეტერინარული და სააღრიცხვო მოთხოვნების შემსუბუქებაა. ეს არის პირდაპირი გზა „ჩრდილოვანი“ მეურნეობების ლეგალიზაციისა და ერთიანი სტანდარტისკენ. ჩვენთანაც, მცირე მიწისმფლობელების გაერთიანების მთავარი შემაფერხებელი ხშირად სწორედ რთული რეგულაციებია, რომელთა დაძლევა მარტო შეუძლებელია, მაგრამ კოოპერატივში სრულიად რეალურია.

3. ცოდნა, როგორც კაპიტალი

ყაზახეთი აგრარული განთლების და ფერმერთა კომპეტენციების ამაღლებაში დიდ რესურსს დებს. კოოპერატივი მხოლოდ ტრაქტორების ერთობლიობა არ არის; ეს უმთავრესად მართვის ეფექტიანი სისტემაა.

ქართული აგროსექტორისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა იცოდეს არა მხოლოდ ხვნა-თესვა, არამედ კოლექტიური მარკეტინგი, ლოჯისტიკა და ფინანსური მენეჯმენტი.

ყაზახეთის „ამბიციური გეგმა 2029“ გვაჩვენებს, რომ კოოპერაცია გრძელვადიანი სტრატეგიაა და არა ერთჯერადი პროექტი. ჩვენთვის ეს არის სიგნალი იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე, მცირე ფერმერების გაძლიერება სწორედ ასეთი კომპლექსური, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

ჩვენი მიზანი მარტივია: ფერმერმა უნდა დაინახოს, რომ კოოპერატივში ყოფნა უფრო მომგებიანია, ვიდრე მარტო ბრძოლა გადარჩენისთვის.

როგორ ვაქციოთ კოოპერატივი წარმატებულ ბიზნესად?

თუ თქვენ კოოპერატივის ჩამოყალიბებას ან არსებულის განვითარებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ ეს 5 საკვანძო ნაბიჯი:

  1. გაერთიანდით ისეთ ფერმერებთან, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ (მაგალითად: ძვირი სასუქი, მოსავლის რეალიზაციის სირთულე ან ტექნიკის ნაკლებობა). კოოპერატივი პირველ რიგში კონკრეტულ საერთო პრობლემას უნდა აგვარებდეს;
  2. ნუ გამოიყენებთ შაბლონურ წესდებას. დეტალურად გაწერეთ: როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ ნაწილდება მოგება და რა ხდება წევრის გასვლის შემთხვევაში. მკაფიო წესები კონფლიქტის პრევენციის საუკეთესო გზაა;
  3. კოოპერატივის თავმჯდომარე არ უნდა იყოს მხოლოდ „კარგი ფერმერი“. მას უნდა ჰქონდეს მენეჯერული უნარები. თუ წევრებს შორის ასეთი არ არის, განიხილეთ დაქირავებული მენეჯერის აყვანის შესაძლებლობა;
  4. მხოლოდ ნედლეულის გაყიდვა მცირე მოგებას ტოვებს. ეცადეთ, კოოპერატივის ფარგლებში შექმნათ პირველადი გადამუშავების, დახარისხების ან შეფუთვის ხაზი. ეს თქვენს პროდუქტს ფასს მნიშვნელოვნად გაუზრდის;
  5. მუდმივად ადევნეთ თვალი სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) სიახლეებს. კოოპერატივებისთვის ხშირად მოქმედებს გრანტები და შეღავათიანი ლიზინგი, რაც ტექნიკური ბაზის განახლებაში დაგეხმარებათ.

რედაქციისაგან: კოოპერაცია არ არის ინდივიდუალიზმის დაკარგვა, ეს ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ძალების გაერთიანებაა.