შირაქის ველი გუშინ და დღეს
გარე კახეთის ზეგანზე, სადაც შირაქის ველი შედის, ცნობები მიწათმოქმედების საქმიანობის შესახებ, გვიან ბრინჯაოსა და რკინის ხანის ფართო ათვისების პერიოდს ეხება.
შირაქი კომპაქტურად ყოფილა დასახლებული, არქეოლოგიური მონაპოვრები (ქვის თოხები, ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლის პირები და სხვა) აქ საკმაოდ განვითარებულ მიწათმოქმედებაზე მიუთითებს. ორი საუკუნის წინათ გარე კახეთის ზეგანის აღმოსავლეთი ნაწილი დიდ როლს თამაშობდა ეკონომიკაში.
ცნობილი მკვლევარები ასკვნიან, ირანელებმა თავიანთი შემოსევების დროს, კახეთში მოშალეს ყველა მაშინდელი ნაგებობა, მათ შორის სარწყავი არხები. მოსახლეობას მის აღსადგენად ძალა არ ყოფნიდა და ეს ტერიტორიები მიატოვა. მემატიანე გადმოგვცემს, რომ შირაქის ველი დასერილი ყოფილა სარწყავი არხებით, რომელიც შემდეგ მტრის შემოსევების დროს განადგურებულა.
ძველთაგანვე შირაქის ველში იგულისხმებოდა გარე კახეთის ზეგანი სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილის უდიდესი ტერიტორიით. ცნობილია რომ 1852 წელს შირაქის ველს ვრცელი სივრცე ეკავა, რომელიც 332 ათასს დესეტინას (დესეტინა: ძველებური მიწის საზომი ერთეული რუსეთში; უდრის 1.09 ჰექტარს) აერთიანებდა: მის შემადგენლობაში იყო დიდი და პატარა შირაქი, ნაზარლები, ელდარი. ვეებერთელა ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა უკაცრიელ ადგილად და ერეკლე მეფის დროიდან გამოიყენებოდა მსხვილფეხა რქოსანი საქონლის და ცხვრის საძოვრად. მმას ძირითადად თუშები, ფშაველები, ხევსურები და სხვა ქართველი ტომები იყენებდნენ.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ კი მისი გამოყენება მეზობელი მაზრების მცხოვრებლებმაც დაიწყეს, მაგრამ ლეკთა თავდასხმები მოსვენებას არ აძლევდა მოსახლეობას. ამრიგად 1862 წლამდე შირაქის ველი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებული ყოფილა და იგი არსებითად მომთაბარე მეცხოველეობის სრულ განკარგულებაში იყო. მათ საქმეში ხელისუფლება არ ერეოდა და ზოგიერთ ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვებისათვის „საბალახოს” გადახდით იფარგლებოდა. 1862 წლიდან 1864 წლამდე ამ მასივების ზოგიერთი ნაწილი დაბეგრილი ყოფილა მცირე გადასახადით. იმ წლებში მოქმედი კანონით-ერთი დესეტინა საძოვარში 10 კაპიკი უნდა გადაეხადათ.
კანონით ყველას შეეძლო შირაქში ცხვირს ძოვება, მაგრამ ფაქტობრივად ასეთი განუსაზღვრელი უფლებებით ყველაზე მეტად მდიდარი კომლები სარგებლობდნენ, რაც რიგითი მაცხოვრებლების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ხშირად ამ დავაში საკითხებს არკვევდა სიღნაღის და თიანეთის მაზრებიდან გაგზავნილი პოლიციის რაზმები. შირაქის საძოვრებზე დიდი დავა ჰქონდათ თუშებსაც, ამიტომ 1889 წელს საძოვრები მეორედ გადანაწილდა და მის გამოყენებაზე ერთგვარი წესრიგი თითქოს დამყარდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 1893 წლამდე შირაქში საძოვრის სახნავად გამოყენება მკაცრად იყო აკრძალული, მოიჯარეს არ შეეძლო მოეხნა საძოვარი და რომელიმე კულტურა დაეთესა. და თუ ამას მაინც ჩაიდენდა, თვითოეულ მოხნულ დესეტინაზე 10 მანეთი ჯარიმა უნდა გადაეხადა და იქ მოწეული მოსავალიც ხაზინისთვის უნდა ჩაებარებინა.
შემდგომში ცხოვრების წესის თანდათან შეცვლამ, კერძოდ 1895 წლიდან საძოვრების სახნავ სავარგულებად ათვისება, მიწათმოქმედების განვითარება და მარცვლეულის, პირველ რიგში ხორბლის მოყვანა დაიწყო.
მეფის მთავრობის 1900 წლის 22 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მთავრობაში უამრავი მოთხოვნები შედიოდა წითელწყაროს მიდამოებში დასახლების მსურველებისა. ისინი უმთავრესად სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი რუსები ჯარისკაცები იყვნენ, მათ შორის _ ისეთებიც, რომლებიც სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სამშობლოდან უკანვე საქართველოსი ბრუნდებოდნენ დასასახლებლად მიწებს მოითხოვდნენ. აასე გაჩნდა აქ სოფლები და შემდგომში დაერქვა წითელწყარო, ლენინოვკა, სეჩენოვკა და სხვა.
შირაქში საძოვრების სხვადასხვგვარ გადანაწილებაში, სარგებლობის უფლებას მთის მოსახლეობის ის ნაწილი იძენდა, რომელსაც საქონელი არ ყავდა. ეს მთიელები ჩქარა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათთვის გამოყოფილი საძოვრები სხვაგვარად გამოეყენებინათ, ხელი მოეკიდათ ხვნა-თესვისთვის. დასაწყისისთვის გადასახადების გარეშე, მხოლოდ დროებით მისვლით, ასეულ კილომეტრებზე-მოსახნავად და მოსავლის ასაღებად. ხოლო 1900 წლიდან მოსავლის მოვლა-მოყვანისთვის თიანეთისა დუშეთის მაზრებიდან წელიწადში ორჯერ შირაქში ჩასვლა უაზროდ ჩათვალეს. 1904-1905 წლებში შირაქში გადასახლებულთა რიცხვი გაიზარდა. დაიწყო საძოვრების მოხვნა-დამუშავება: ხორბლის, ქერის და ფეტვის მოსაყვანად. სულ ამ წლებში 200 დესეტინა ფართობი დამუშავდა. 1 დესეტინაზე გადასახადი 3 მანეთი იყო. 1905 წელს შირაქში ორი დასახლებული პუნქტი გაჩნდა: ქვემო და ზემო ქედი, რომლის მოსახლეობას უმამულო ფშაველები, მთიელები, მოხევეები, ხევსურები და სხვები შეადგენდნენ. შირაქის ველზე ამ ჩასახლებამ მომთაბარეთა, კერძოდ თუშებსა და ფშაველებს შორის, მღელვარება გამოიწვია. მთელი 1907-1908 წლები იმას დასჭირდა, რომ ჩასახლების საკითხი უსისხლოდ მოგვარებულიყო. ამ საქმეში სხვებთან ერთად ვაჟა-ფშაველა ჩაერია და საქმეც ფშაველების სასარგებლოდ გადაწყდა. იგონებდნენ, რომ ამ დავაში მაზრის უფროსი ჩაერია. მას ვაჟა-ფშაველა შეეკამათა, როცა არაფერმა გაჭრა `ნაჩალნიკს” ერთი გვარიანი სილა გააწნა და დაითანხმა.
1913 წელს ამ ორ სოფელში, ზემო და ქვემო ქედში სულ 350 კომლი ცხოვრობდა. ეს ამ ადგილების მეორე დასახლება იყო. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, აქ წარსულში ყოფილა სოფლები, კარგად განვითარებული მეურნეობებით, რომელიც მტრის გამუდმებული თავდასხმების შემდეგ მოსპობილა. ამაზე ნათლად მეტყველებს ნიადაგების დამუშავების დროს ნაპოვნი უძველესი პერიოდის საოჯახო ნივთები და ხალხური გადმოცემები. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიაზე სისხლისმსმელი შაჰ-აბასს 300 ძუძუმწოვარი ბავშვი ცხენის კევრით გაულეწია, ხოლო ცოცხლად დარჩენილი მოსახლეობა ირანში გაურეკია. გზად მიმავალი ქართველი ტყვეები თურმე ამბობდნენ: `არ იხილოს არსად თვალმა ასეთი კალო”, საიდანაც წარმომდგარა სოფელი `არხილოსკალოს~ სახელი.
შემდეგ პერიოდში დაიწყო საძოვრების ხარჯზე სახნავი ფართობების ათვისება და სოფლის სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანა, განსაკუთრებით-მარცვლეულის. 1926 წლის დასასრულს კობა ჩოხელმა თავი მოუყარა სოფელ ზემო ქედის რჩეულთ და საქართველოს მთავრობას აცნობა კომუნის ჩამოყალიბებაზე. ხოლო ამავე წელს ჯაფარიძეში შეიქმნა მიწის კოლექტიური დამუშავების ამხანაგობა. 1928 წელს ქვემო ქედში და არხილოსკალოშიც შეიქმნა კომუნები. 1932 წელს კომუნა გადაკეთდა სასოფლო სამეურნეო არტეად და შეიქმნა ზემო ქედის კოლმეურნეობა, რომელიც სტალინის სახელს ატარებდა. კომუნები დაიშალა არხილოსკალოსა და ქვემო ქედშიც და ჩამოყალიბდა კოლმეურნეობები.
აღსანიშნავია, რომ შირაქში გადაადგილებულ ყველა დასახლებულ სოფელში კოლმეურნეობები შეიქმნა. ეს მოძრაობა მასობრივად დაიწყო 1929 წლიდან და 1931 წლისთვის წითელწყაროს რაიონში უკვე 45 კოლმეურნეობა ფუნქციონირებდა. შემდგომში მცირერიცხოვანი კოლმეურნეობების გამსხვილების ხარჯზე, ჩამოყალიბდა 11 მძლავრი კოლმეურნეობა, რომელიც რესპუბლიკაში მოწინავედ ითვლებოდა. ასეთები იყო ზემო მაჩხაანის, გამარჯვების, ჯაფარიძის, ზემო ქედის, წითელწყაროს ლენინის სახელობის და სხვა კოლმეურნეობები.
1928 წელს შეიქმნა შირაქის საბჭოთა მეურნეობის, ხოლო 1932 წელს ელდარის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობა, რომელიც რესპუბლიკაში საუკეთესოდ ითვლებოდა.
შირაქის ველზე სახნავ-სათესი ფართობები ჰქონდა სიღნაღის და ახმეტის რაიონებს და იგი 10000 ჰა. შეადგენდა.
1962 წელს ელდარის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობა და შეერთდა ახმეტის რაიონის ალვანის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობას. ხოლო შირაქის მეურნეობის ბაზაზე მეფრინველეობის მეურნეობა შეიქმნა.
გგარე კახეთის ზეგანის და კერძოდ შირაქის ველზე სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური საკითხების შესასწავლად საქართველოს რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კახეთის საცდელი სადგური მუშაობდა. იგი ტერიტორიულად ჯერ შირაქში, შემდეგ ელდარში და უკანასკნელ პერიოდში სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში იყო.
მარცვლელული კულტურების სხვადასხვა ჯიშების გამოცდას და კვლევითი მუშაობას აწარმოებდა ზემო ქედის კოლმეურნეობასთან არსებული ჯიშთა გამოცდის ნაკვეთი, რომელიც განუკითხაობის გამო გაუქმდა და არსებული ბაზა განადგურდა. ხოლო ჯიშთა გამოცდის 100 ჰექტარი სახნავი ფართობი კერძო მფლობელობაში გადავიდა, რაც ძალზე სავალალოა და შირაქის ზონა ჯიშთა გამოცდის გარეშე დარჩა.
რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერებმა და მკვლევარებმა სხვადასხვა სახის გამოკვლევები ჩაატარეს შირაქის მიწებზე და მიიღეს სწორი აგროტექნიკური ღონისძიებათა სისტემები, რომელსაც დღესაც მრავალი ფერმერი და მიწათმოქმედი იყენებს.
შირაქის ველს გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები ასეთია: მდინარეების ივერისა და ალაზნის შორის მდებარეობს გარე კახეთის ზეგანი და ამ ზეგანზეა გაშლილი შირაქის ველი. ზემოდან რომ დავხედოთ მთელი ტერიტორია მოგვაგონებს ტბის აუზს. იგი სუსტი ტალღისებური ფორმისაა. შირაქის მასივი ზღვის დონიდან 555 მეტრზე მდებარეობს. აქ სუსტად განვითარებულია ჰიდროლოგიური ქსელი, მდინარეები არ არის.მმდინარე იორი შირაქიდან 30-40 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო მდინარე ალაზანი _20-25 კმ-ით. ეს ტერიტორია უწყლო მხარეა, მშრალი ხევებითაა დასერილი. წვიმები მეტწილად თქეშისებური და ნიაღვრიანია, უცბად გდაირბენენ ნიადაგის ზედაპირზე. ზამთარი უთოვლო და მცირე ნალექიანია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 501 მმ-ია. საშუალოდ იანვარ-თებერვალ-მარტში სულ-68მმ ნალექი მოდის, აპრილში _49მმ, მაისში _ 87, ივნისში _76მმ, ივლისში _50მმ, აგვისტოში_ 39მმ, სექტემბერში _ 43მმ. ოქტომბერში _ 40მმ, ნოემბერში _ 29მმ და დეკემბერში _20მმ.
შირაქის ველის კლიმატი კონტინენტურია და ზეგანის ველის კლიმატს აკუთვნებენ.
კონტინენტურობის გამო – იგი გამოირჩევა ზომიერად თბილი ზამთრით, ცხელი და მშრალი ზაფხულით. ჰაერის წლიური ტემპერატურა 10.3 გრადუსია. ტემპერატურის მინიმუმი დეკემბერში და იანვარში -3,8-0,3 გრადუსს შეადგენს. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო (27-28). უყინვო პერიოდი შირაქში 175 დღეა.
შირაქის ველზე გაბატონებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების მქროლავი ქარები და პირიქით. ზომიერ წელს ზამთარში და გაზაფხულის თვეებში (განსაკუთრებით თებერვალ-მარტში) იცის ძლიერი ქარები. ჻ქარის წლიური საშუალო სიჩქარე შეადგენს 1,2 მეტრ/წამს, მაგრამ ზოგიერთ წლებში ისეთი შტორმული ქარები იცის ნათესსა და ნარგავებს ანადგურებს.
შირაქის ველი მიეკუთვნება შავმიწა ნიადაგებს. უმეტესად პერიფერიულ ნაწილებშია, ვიდრე ცენტრალურში. აქ გვხვდება პუმერის ფენის მიხედვით ღრმა(60სმ), საშუალო (30-60სმ) და მცირე (30სმ) სიღრმის შავმიწები. ამ ნიადაგებში ნეშომპალის შემცველობა თანდათან კლებულობს და იგი 5-6% მერყეობს. წყალში ხსნადი მარილები მცირეა. სულფატებს ნიადაგები არ შეიცავს, ამით მტკიცდება, რომ დიდ მოთხოვნილებას უყენებენ ფოსფორს. აზოტით ეს ნიადაგები საშუალოდაა უზრუნველყოფილი, მაგრამ ნიტრატული აზოტი მცირე რაოდენობითაა. კკალიუმის რაოდენობა მაღალია და 1,9-2% უდრის. ნიადაგების ხვედრითი წონა 2,2-2,7% უდრის. მოცულობითი წონა 1,1-1,3%, ხოლო ფორიანობა 40-50%. შირაქის ველი საქართველოს რესპუბლიკაში ცნობილია როგორც `პურის ბეღელი”. აქ ძირითადად იწარმოება საშემოდგომო ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი, მზესუმზირა. როგორც ერთწლიანი ისე მრავალწლიანი ბალახები საკვები კულტურები.
შირაქის ველის მთელი ტერიტორია 22 ათასი ჰექტარია. 1970-იან წლებში შირაქის ტერიტორიაზე ჩატარდა მთელი ფართობის მიწათმოწყობა, რომლის სამუშაოები საქართველოს მიწათმოწყობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა შეასრულა. ამით ფასდაუდებელი გააკეთა, გაშენდა ქარსაცავი ზოლები და მისმა ფართობმა 750 ჰექტარს მიაღწია. ჶეს ზოლები სატყეო მეურნეობებმა გააშენა, რომელსაც მუშახელით და ტექნიკით კოლმეურნეობები ეხმარებოდნენ. სწორედ ქარსაცავი ზოლების შედეგი იყო, რომ გაიზარდა სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. მაგრამ უკანასკნელ წლებში ქარსაცავი ზოლების გამეჩხრება დაიწყო, როგორც მეცხოველეობის ცუდი ზემოქმედებით, ისე ხელოვნური გაჩეხვით და თუ ასე გაგრძელდა, შირაქის ველი კატასტროფის წინაშე დადგება და ძლიერი ეროზიული მოვლენები განვითარდება. ამის შედეგი უკვე მოიმკო რაიონის მოსახლეობამ.
1992 წლიდან დაიწყო მიწის რეფორმა, დაიშალა კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები. მიწები განაწილდა ფერმერებზე და მიწათმომხმარებლებზე. ჩატარებულმა მიწის რეფორმამ როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგი გამოიღო. კერძოდ შირაქის მასივში დღეს ძირითადად მხოლოდ ორი კულტურის _საშემოდგომო მარცვლეულის და მზესუმზირის მოვლა-მოყვანა ხდება. ირღვევა აგროტექნიკური ღონისძიებათა კომპლექტი, რის შედეგადაც უარესდება ნიადაგების ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ხოლო ყველაზე უარყოფითი მხარე ისაა, რომ შირაქის მასივში არსებული მიწები დაყოფილი იყო 50-60-100 და 200 ჰექტრიან მასივებად, მაგრამ კერძო მფლობელებმა ამ მასივების დაქუცმაცება დაიწყეს. მაგალითად 100 ჰექტრიან ნაკვეთს ხშირად 20-30 და მეტი მეპატრონე ცალ-ცალკე ამუშავებს. ჱყოველივე ეს კი უარყოფით შედეგებს მოგვცემს.
საერთოდ შირაქის ველის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალზე საგანგაშოა. მოითხოვს სხვანაირ მიდგომას და ამ საქმეში თავისი სიტყვა უნდა სთქვას რესპუბლიკის ან რაიონის ხელმძღვანელობამ-ცნობილი მეცნიერების და მკვლევართა აზრთა გათვალისწინებით.
შალვა თეთვაძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი