ბიოლოგიური ინსექტიციდი – რატომ არ უნდა მოვიშოროთ ობობები ნაკვეთიდან
ხშირად, როდესაც ბაღში ან ბოსტანში ობობას ან მის ქსელს ვხედავთ, პირველი რეაქცია შიში ან მისი მოცილების სურვილია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ეს რვაფეხა არსებები სინამდვილეში ფერმერის ერთ–ერთი ყველაზე ერთგული და უანგარო დამხმარეები არიან.
ვიდრე ჩვენ მოსავლის მოსაყვანად ენერგიას არ ვზოგავთ, ობობები ყოველდღიურად, ჩვენს ნაკვეთებს მავნე მწერებისგან დაუღალავად „ასუფთავებენ“.
წინამდებარე სტატიაში დღეს განვიხილავთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ობობების პოპულაციის შენარჩუნება ჯანსაღი ეკოსისტემისთვის.
ბევრი ადამიანი უფრთხის ობობებს ან ცდილობს მათ მოცილებას… თუმცა, სწორედ ისინი, სრულიად უფასოდ, დღე და ღამე, მავნებლებისგან იცავენ ჩვენს ბოსტანსა და ბაღს.
ერთი ობობა დღეში ათობით მწერს: ბუზებს, კოღოებს, მუხლუხებს და სხვა პატარა მავნებლებს ანადგურებენ, რომლებიც მოსავალს აზიანებენ. ხოლო მთელი სეზონის განმავლობაში, მათი „ნამუშევარი“ ათასობით განადგურებული მწერით განისაზღვრება.
ობობების მოქმედების სტრატეგია:
- აბლაბუდას ქსოვა: ამით ისინი ხაფანგს უგებენ მფრინავ მავნებლებს.
- ნადირობა ქსელის გარეშე: ზოგიერთი სახეობა უშუალოდ მცენარეებზე ნადირობს და მასზე მავნებლების პოპულაციას აკონტროლებს.
- უსაფრთხოება: ისინი საფრთხეს არ უქმნიან ადამიანს (უმრავლესობა) და კულტურულ მცენარეებს.
და რაც მთავარია: ობობები მუშაობენ მუდმივად, როგორც დღისით, ისე ღამით.
ერთი ბაღი – ეს მთელი ეკოსისტემაა და ობობებს მასში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.
ნუ იჩქარებთ აბლაბუდას განადგურებას, შესაძლოა, ეს თქვენ ბაღში ყველაზე ეფექტიანი „ინსექტიციდი“ იყოს.
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, სადაც სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე, ბიოლოგიური კონტროლის მეთოდების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ობობები ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია. მათი შენარჩუნება და ხელშეწყობა ბაღში არა მხოლოდ ამცირებს ქიმიური პესტიციდების გამოყენების საჭიროებას, არამედ ხელს უწყობს ჯანსაღი და დაბალანსებული გარემოს ჩამოყალიბებას.

