დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

რა ასაკიდან შეიძლება ახალგაზრდა კუროს სანაშენედ გამოყენება?

კუროს სქესობრივი მომწიფება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი სრულფასოვანი სანაშენე ცხოველია. ახალგაზრდა კუროს შესაწყვილებლად გამოყენებისას მნიშვნელოვანი მარტო ასაკი კი არა, არამედ მისი ფიზიკური განვითარება, სპერმის ხარისხი, ჯანმრთელობა და სრულყოფილად შეწყვილბის უნარია.

მესაქონლეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ასაკიდან შეიძლება ახალგაზრდა კუროს ფურებთან ან უშობელ დეკეულებთან შეწყვილება. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია ცხოველის ჯიშზე, კვების პირობებზე, ზრდის ტემპსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როდის მწიფდება კურო სქესობრივად?

ხშირ შემთხვევაში, მეხორცული მიმართულების ჯიშების კუროები სქესობრივ მომწიფებას დაახლოებით 10-12 თვის ასაკში აღწევენ, თუმცა ეს პერიოდი ინდივიდუალურად იცვლება. კარგი კვებისა და მოვლის პირობებში ზოგიერთი რძის მიმართულების ჯიშის კურო უფრო ადრეც მწიფდება, ხოლო გარკვეული ჯიშების შემთხვევაში სქესობრივი მომწიფება უფრო გვიან იწყება. მაგალითად, ბრაჰმანის ჯიშის ცხოველებში ეს პროცესი ხშირად შედარებით გვიან მიმდინარეობს.

თუმცა, სქესობრივი მომწიფება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კურო უკვე მზად არის სანაშენე დატვირთვისთვის. სპერმის წარმოქმნის დაწყების შემდეგაც საჭიროა დრო მისი სრულფასოვანი მომწიფებისთვის. ამასთან, ახალგაზრდა კუროს ჯერ კიდევ ზრდა და სხეულის განვითარება სჭირდება.

რა ასაკში შეიძლება კუროს შესაწყილებლად გამოყენება?

პრაქტიკაში ახალგაზრდა კუროს სანაშენედ გამოყენება ხშირად 15-18 თვის ასაკიდან განიხილება, თუ ის სათანადოდ არის განვითარებული და ვეტერინარული შემოწმებით მისი სანაშენე ვარგისიანობა დასტურდება. მხოლოდ ასაკის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.

კუროს სანაშენე ვარგისიანობის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

  • კურო უნდა იზრდებოდეს თავისი ჯიშისთვის დამახასიათებელი ტემპით და არ უნდა იყოს გამოფიტული ან ზედმეტად გასუქებული;
  • ცხოველს განვითარებული უნდა  ჰქონდე ჩლიქები, შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება და კიდურებზე სხეულის წონის თავისუფლად დაყრდნობა უნდა შეეძლოს;
  • სათესლეები და სასქესო ორგანოები ნორმალურად უნდა იყოს განვითარებული;
  • აუცილებელია სპერმის მოძრაობისა და ნორმალური აგებულების შეფასება;
  • ფიზიკურად გამართული კუროც კი შეიძლება არ ავლენდეს საკმარის სქესობრივ აქტივობას ან ვერ ახერხებდეს წარმატებულ შეწყვილებას.

ამიტომ, სანაშენედ გამოყენებამდე მიზანშეწონილია ვეტერინარის მიერ კუროს რეპროდუქციული ვარგისიანობის შემოწმება. სასურველია, ეს შემოწმება შეჯვარების სეზონის დაწყებამდე დაახლოებით 4–8 კვირით ადრე ჩატარდეს. <

რამდენ ფურს შეიძლება მოემსახუროს ახალგაზრდა კურო?

ახალგაზრდა კუროს სანაშენე დატვირთვა ზრდასრულ, სრულად განვითარებულ კუროსთან შედარებით ნაკლები უნდა იყოს. დატვირთვის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, სქესობრივი აქტივობა, საძოვრის ფართობი და ფურების რაოდენობა.

მაგალითად, ხორცის მიმართულების მესაქონლეობაში ერთწლიანი კუროსთვის ხშირად 20-25 ფურზე მეტი არ არის რეკომენდებული, მაშინ როდესაც სრულად განვითარებულ, ჯანმრთელ ზრდასრულ კუროს, შესაბამისი პირობების არსებობისას, შესაძლოა 25-40 ან მეტი ფურის განაყოფიერებაც შეეძლოს. ეს მაჩვენებლები საორიენტაციოა და ყველა მეურნეობაზე ერთნაირად ვერ გავრცელდება.

ახალგაზრდა კუროს გადაჭარბებული დატვირთვა არასასურველია, რადგან მას საკუთარი ზრდისთვისაც სჭირდება საკვები ნივთიერებები და ენერგია. არასაკმარისმა კვებამ და გადაღლამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის განვითარებასა და სანაშენე შედეგებზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვეტერინარული შემოწმება?

კუროს სანაშენე ვარგისიანობის შეფასება მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით არ შემოიფარგლება. ვეტერინარი ამოწმებს ცხოველის ზოგად ჯანმრთელობას, თვალებს, ფეხებს, ჩლიქებს, სასქესო ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში აფასებს სპერმის ხარისხსაც.

ეს შემოწმება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გარეგნულად ძლიერი და კარგად განვითარებული კუროც შეიძლება არასაკმარისად ნაყოფიერი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, თუ ახალგაზრდა კურო პირველ შემოწმებაზე სრულად ვარგისად არ შეფასდა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მომავალში სანაშენედ გამოუსადეგარი იქნება. ზოგჯერ საჭიროა დამატებითი დრო და განმეორებითი შემოწმება.

ახალგაზრდა კუროს სქესობრივი მომწიფება ხშირად დაახლოებით 10-12 თვის ასაკში იწყება, მაგრამ სანაშენედ მისი გამოყენება უმეტესად 15-18 თვის ასაკიდან განიხილება, მხოლოდ სათანადო ფიზიკური განვითარების, ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ვარგისიანობის დადასტურების შემდეგ.

ფერმერმა უნდა იცოდეს,  რომ კუროს სანაშენედ შერჩევისას მხოლოდ ასაკს ან სხეულის სიდიდეს ნუ დაეყრდნოს. ჯანმრთელი, კარგად განვითარებული და ვეტერინარულად შემოწმებული კურო უფრო საიმედო სანაშენე შედეგის მიღების მნიშვნელოვანი პირობაა.

მოამზადა გიორგი მაისურაძემ