აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

როგორ ავაწყოთ სასუქის შემრევით წვეთოვანი სარწყავი მარტივი სისტემა

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მცენარის კვება და მორწყვა განუყოფელი პროცესებია. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, როდესაც სასუქი ნიადაგზე ხელით იბნევა, ფერტიგაცია (მორწყვა და სასუქის შეტანა ერთდროულად) გაცილებით კარგ შედეგს იძლევა.

თუმცა, პროფესიონალური საფერტიგაციო სისტემები ხშირად ძვირია და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაცია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის იდეალური გამოსავალი სასუქის შემრევი ავზის დამოუკიდებლად აწყობაა.

ეს მარტივი, მაგრამ ეფექტიანი სისტემა საშუალებას გაძლევთ, მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყოთ მცენარეების ზუსტი და დოზირებული კვება პირდაპირ ფესვთა სისტემასთან.

წინამდებარე სახელმძღვანელო დეტალურად აგიხსნით, როგორ შექმნათ გამართული სისტემა საკუთარი ხელით.

საფერტიგაციო სისტემა ლაკდფლკას

რა არის სასუქის შემრევი სისტემა?

ეს არის მოწყობილობა, სადაც სარწყავი წყალი გადის ავზში, რომელშიც გახსნილია სასუქი, და იქიდან საკვები ნივთიერებები პირდაპირ სარწყავ მაგისტრალში გადააქვს. აღნიშნული მეთოდი ნერგებს შორის საკვების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

საჭირო მასალები:

  • სასუქის ავზი ან კონტეინერი _ პლასტმასის ან ლითონის კასრი;
  • სარწყავი სისტემის მთავარი მილი;
  • შემყვანი და გამომყვანი მილები;
  • საკეტები (ონკანები) ნაკადის რეგულირებისთვის;
  • დამაკავშირებელი ფიტინგები (სამკაპები);
  • ავზის სადგამი ან საყრდენი.

როგორ მუშაობს სისტემა?

პრინციპი მარტივია: წყალი შედის ავზში, ერევა იქ მოთავსებულ სასუქს და კონცენტრირებული ნარევი კვლავ უბრუნდება ძირითად სისტემას, საიდანაც ნივთიერებები თანაბრად მიეწოდება მცენარეებს.

გამოყენების წესები:

  • შეავსეთ ავზი წყლით;
  • ჩაყარეთ სასუქი და კარგად მოურიეთ მის სრულ გახსნამდე;
  • გახსენით ონკანები, რათა წყლის ნაკადმა ავზში გაიაროს;
  • დაარეგულირეთ ნაკადი ისე, რომ სასუქის მიწოდება მოხდეს წვეთ-წვეთად, რაც უზრუნველყოფს ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

დოზირება და რეკომენდაციები:

  • გამოიყენეთ მხოლოდ სრულად წყალში ხსნადი სასუქები;
  • სტანდარტული დოზირება: საშუალოდ 2-3 გრამი 1 ლიტრ წყალზე (დამოკიდებულია კულტურასა და განვითარების ფაზაზე);
  • სასუქი უნდა მიეწოდოს მორწყვის პროცესში, თანდათან და არა ერთბაშად.

მნიშვნელოვანი რჩევები:

  • სასუქი, ავზში ჩასხმამდე, ყოველთვის ბოლომდე გახსენით;
  • რეგულარულად გაწმინდეთ ავზი დანალექისგან;
  • ფერტიგაციის დასრულების შემდეგ, სისტემა აუცილებლად გამორეცხეთ  სუფთა წყლით;
  • გამოიყენეთ ფილტრები, რათა თავიდან აიცილოთ სარწყავი სისტემის (წვეთოვანების) გაბიდვნა.

გავრცელებული შეცდომები:

  • გაუხსნელი სასუქის გამოყენება იწვევს მილების გაბიდვნას;
  • ზედმეტად სწრაფი ნაკადი იწვევს სასუქის არათანაბარ განაწილებას;
  • ხარვეზით გადაბმული მილებიდან იკარგება წყალი და ძვირადღირებული სასუქები.

სისტემის უპირატესობები:

  • სასუქის მიწოდების ზუსტი კონტროლი;
  • საკვები ნივთიერებების თანაბარი განაწილება;
  • ეფექტიანობა როგორც მცირე, ისე დიდ ფერმერულ მეურნეობებში;
  • თავსებადობა სხვადასხვა ტიპის სარწყავ სისტემებთან.

სასუქის შემრევი ავზი ზრდის მუშაობის ეფექტიანობას, ამცირებს დანაკარგებს და ხელს უწყობს ჯანსაღი მოსავლის მიღებას.

სასუქის შემრევი მარტივი სისტემის აწყობა არის ეკონომიური და გონივრული ნაბიჯი ნებისმიერი ფერმერისთვის, ვისაც მოსავლიანობის გაზრდა და რესურსების დაზოგვა სურს. ამ მეთოდით თქვენ არა მხოლოდ ამცირებთ ფიზიკურ შრომას, არამედ მცენარეს აწვდით საჭირო ნივთიერებებს ზუსტად იმ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

გახსოვდეთ, რომ სისტემის ეფექტიანობაა პირდაპირ არის დამოკიდებული მის სწორ მოვლაზე.

ფილტრების გამოყენება და მილების რეგულარული გამორეცხვა თქვენს სარწყავ სისტემას დაიცავს და მის გამოყენება რამდენიმე სეზეონზე შეგეძლებათ, რაც  მნიშვნელოვა რესურს დაგიზოგავთ.

გამართული ფერტიგაცია იმის გარანტია, რომ თქვენი მეურნეობა პროდუქტიული, ხოლო მოსავალი უფრო ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება.

მოამზადა  შოთა მაჭარაშვილმა