ცხრატყავა – ყველაზე საადრეო კენკრა სტაბილური მოსავლისთვის
კენკროვანი კულტურების მოყვანა ხშირად დიდ რისკებთან არის დაკავშირებული: ყინვები, დაავადებები, არასტაბილური მოსავლიანობა, თუმცა არსებობს კულტურა, რომელიც ამ სცენარიდან სრულიად ამოვარდნილია.
ცხრატყავა (Lonicera caerulea) კენკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც მოსავალს მაშინ იძლევა, როცა სხვა მცენარეები ჯერ კიდევ იღვიძებენ და ამასთან, გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სხვა კენკროვნები.
რატომ არის ცხრატყავა სტრატეგიული კულტურა?

- სიმწიფის პერიოდი: მწიფდება მარწყვზე ადრე;
- სტაბილურობა: ყოველწლიურად იძლევა მოსავალს;
- ყინვაგამძლეობა: უძლებს -40°C-მდე ყინვას, ხოლო ყვავილები უძლებენ საგაზაფხულო წაყინვებს;
- გამძლეობა: თითქმის არ აწუხებს დაავადებები და მავნებლები.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კულტურა „გრძელვადიანი ინვესტიციისთვის“.
მთავარი თავისებურება: გასხვლა
ცხრატყავა მოსავალს წინა წლის ნაზარდებზე იკეთებს. ეს არის აგროტექნიკის მთავარი გასაღები. თუ ბუჩქს ამ კულტურის გასხვლის სისტემის გარეშე შაჭრით ტოტებს, შესაძლოა მომავალი წლის მოსავალი მთლიანად დაკარგოთ.
წარმატებული მოსავლისთვის საჭიროა:
- ძველი ტოტების მოცილება (5-6 წელზე უფროსი);
- ბუჩქის ცენტრის გამოხშირვა (აერაციისთვის);
- ახალგაზრდა ყლორტების ზრდის სტიმულირება. გაუსხლავი ბუჩქი იბურდება, კენკრა წვრილდება და მოსავლიანობა მკვეთრად მცირდება.
ფესვთა სისტემა და მულჩირება
ამ მცენარეს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ:
- მგრძნობიარეა ნიადაგის გამოშრობის მიმართ;
- ვერ იტანს ფესვების გადახურებას.
საუკეთესო გამოსავალია მულჩირება. ნიადაგის მინიმალური დამუშავება და მულჩის ფენა (ნამჯა, ნახერხი ან თივა) დაიცავს მცენარეს სტრესისგან.
სინათლე და ტენი უზრუნველყოფს ხარისხიან ნაყოფს
ცხრატყავა სინათლის მოყვარული მცენარეა. მართალია, ნახევრად ჩრდილშიც იზრდება, მაგრამ მზის ნაკლებობისას ნაყოფი მჟავდება და მოსავალი მცირდება.
ასევე კრიტიკულია ტენი: გვალვის დროს კენკრა პატარავდება და უჩნდება სიმწარე. ამიტომ, თუ გსურთ ტკბილი და მსხვილი ნაყოფი, მზიანი ადგილი და რეგულარული მორწყვა აუცილებელია.
კომერციული უპირატესობა
ფერმერებისთვის, ვინც პროდუქციას გასაყიდად აწარმოებს, ცხრატყავა მნიშვნელოვანი კულტურაა:
- სეზონის პირველი კენკრა;
- მინიმალური კონკურენცია ბაზარზე;
- მაღალი საბაზრო ფასი ადრეული მოსავლის გამო.
ცხრატყავა არ არის უბრალოდ „ეგზოტიკა“, ეს არის გააზრებული არჩევანი მათთვის, ვისაც სურს სტაბილური მოსავალი, ბაზარზე ადრეულად, მინიმალური რისკთ გასვლა.

