რევოლუცია მეფუტკრეობაში _ რნმ (რიბონუკლეინმჟავა) ტექნოლოგია ვაროას ტკიპის წინააღმდეგ
ვაროას ტკიპა (Varroa destructor) მსოფლიო მეფუტკრეობის უპირველესი მტერია. მის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალი მეთოდი არსებობს, ქიმიური პრეპარატებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით მართული ლაზერული ქვემეხებით დამთავრებული, თუმცა, პარაზიტი კვლავაც ანადგურებს საფუტკრეებს და საფრთხეს უქმნის დარგის რენტაბელობას.
ამერიკულმა კომპანიამ GreenLight Biosciences-მა წარმოადგინა ინოვაციური პრეპარატი Norroa, რომელიც ბრძოლის სრულიად ახალ პარადიგმას გვთავაზობს.
როგორ მუშაობს Norroa?
ტრადიციული აკარიციდებისგან განსხვავებით, რომლებიც ტოქსინებით კლავენ ტკიპას, Norroa მოქმედებს რნმ _ რიბონუკლეინმჟავას მეთოდით, რაც ბიოლოგიაში ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომლის დროსაც რნმ-ის მოლეკულები აფერხებენ ან მთლიანად თრგუნავენ კონკრეტული გენების აქტივობას.
◊ იგი მოქმედებს როგორც „გენეტიკური მაკრატელი“. როდესაც უჯრედში ხვდება სპეციფიკური რნმ-ის მოლეკულა, იგი პოულობს შესაბამის გენეტიკურ კოდს და ბლოკავს მას, რის შედეგადაც ორგანიზმი (მაგალითად, ვაროას ტკიპა) ვეღარ აწარმოებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცილებს.
◊ ვაროას ტკიპის შემთხვევაში ეს ქმედება თრგუნავს ტკიპის სიცოცხლისუნარიანობას.
◊ ტკიპა კარგავს გამრავლების გენეტიკურ უნარს, რაც დროთა განმავლობაში მის სრულ გაქრობას იწვევს.
◊ ეს მიდგომა გარკვეულწილად ვაქცინას წააგავს, რომელიც სკას შიგნიდან იცავს.
უპირატესობები: რეზისტენტობისა და ნარჩენების გარეშე
ახალი ტექნოლოგიის მთავარი პლუსი მისი უსაფრთხოება და ეფექტურობაა:
- ტკიპა ვერ ავითარებს მდგრადობას გენეტიკური ჩარევის მიმართ, რაც ხშირად ხდება ქიმიური წამლების შემთხვევაში.
- პრეპარატი არ ტოვებს ნარჩენებს თაფლსა თუ ცვილში, რაც მეფუტკრეს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს იგი თაფლის აღების პერიოდშიც კი.
- Norroa ანადგურებს ტკიპის მთავარ თავდაცვის მექანიზმს, მის უნარს, დაიმალოს გადაბეჭდილ ბარტყში.
გამოყენების წესი და შედეგები
პრეპარატი მაქსიმალურად ადაპტირებულია პრაქტიკული მეფუტკრეობისთვის:
- იყიდება პაკეტების სახით, რომელშიც მოთავსებულია პრეპარატით გაჟღენთილი საფენი. ერთი პაკეტი გათვლილია ერთ სკაზე;
- მისი გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, გარემო ტემპერატურის მიუხედავად;
- ერთი დამუშავება უზრუნველყოფს ტკიპის კონტროლს 18 კვირის განმავლობაში.
კვლევის შედეგები: სამეცნიერო ჟურნალ Insects-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, Norroa-თი დამუშავებულ სკებში ფუტკრების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25.4 დღეა (დაუმუშავებელში _ 21.8). ყველაზე შთამბეჭდავი კი გამოზამთრების მაჩვენებელია.
დამუშავებულ სკებში ფუტკრის ოჯახის გადარჩენის შანსი 75%-მდე გაიზარდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქიმიურად დამუშავებული სკების მაჩვენებელს.
Norroa-ს გამოჩენა ბაზარზე მეფუტკრეობის გაციფრულებისა და მაღალტექნოლოგიური განვითარების მორიგი ეტაპია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი ამჟამად საკმაოდ მაღალია (დაახლოებით 9 დოლარი ერთი სკისთვის), ტექნოლოგიის დახვეწა და მასშტაბირება მას მომავალში უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ქართველი მეფუტკრეებისთვის მსგავსი სიახლეების გაცნობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მეფუტკრეობა სწორედ ასეთ ბიოტექნოლოგიურ მიღწევებზე დგას.
ამ ეტაპზე პროდუქტი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მისი გლობალური გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არიან ქართველი მეფუტკრეები ტრადიციული წამლებიდან ასეთ მაღალტექნოლოგიურ, გენეტიკურ მეთოდებზე გადასასვლელად?
წყარო: https://www.apicoltoremoderno.it/un-innovativo-trattamento-a-base-di-rna-contro-gli-acari-varroa/

