სინთეზური სასუქები ყვავილების ელექტრულ მუხტს უცვლის და მათ ფუტკრებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის
აგროქიმიკატების გამოყენება ტრადიციულ მეურნეობაში ცვლის იმ ბიოფიზიკურ ნიშნებს, რომლებსაც მცენარეები დამმტვერავების მოსაზიდად იყენებენ. ბრიტანელი მეცნიერების უახლესი კვლევის თანახმად, ყვავილების დამუშავება სინთეზური სასუქებით მათ ელექტრულ მუხტს ცვლის.
ეს პროცესი არღვევს იმ ელექტრულ ველებს, რომლებსაც მეწერები ნავიგაციისთვის იყენებენ.
ეს არის პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც პირდაპირ აჩვენებს სასუქების გავლენას დამმტვერავი მწერების ქცევაზე. დამტვერვის ინტენსივობის შემცირება პირდაპირ აისახება აგრარულ სექტორზე, მცირდება მოსავლიანობა, რაც საბოლოოდ ჩვენს რაციონში მნიშვნელოვანი ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტს იწვევს.
არასელექციურ, ინტენსიურ სოფლის მეურნეობაში ფერმერები ხშირად იყენებენ სინთეზურ ქიმიკატებს მცენარეთა გამოსაკვებად და დაავადებებთან საბრძოლველად. კვლევებმა აჩვენა, რომ პესტიციდების გამოყენების შემდეგ დამმტვერავების ვიზიტები მკვეთრად კლებულობს. მაშინაც კი, თუ ქიმიური პრეპარატები მწერებს მომენტალურად არ კლავს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნივთიერებები სუბლეტალური (არამომაკვდინებელი) დოზებითაც კი ანადგურებს მათ სასიცოცხლო ტონუსსა და აქტივობას.
მწერის მისაზიდად ყვავილი იყენებს როგორც ფიზიკურ, ისე ქიმიურ სიგნალებს: ფერს, სურნელსა და ელექტრულ ველებს. აღნიშნულმა კვლევამ შეისწავლა ყვავილებში მიმდინარე ბიოფიზიკური ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია სინთეზური სასუქებისა და ფართოდ გავრცელებული ნეონიკოტინოიდური პესტიციდის, იმიდაკლოპრიდის გამოყენებით.
მეცნიერებმა გაზომეს გავლენა ყვავილის ფერზე, სურნელსა და ელექტრულ ძაბვაზე, როგორც მოდელი დამმტვერავი მწერები გამოიყენეს.
სასუქების გავლენის დასადგენად მკვლევრებმა აგროქიმიკატის ხსნარი შეადარეს საკონტროლო ჯგუფს, დემინერალიზებულ წყალს:
- ვიზუალური ფაქტორი _ მეცნიერებმა შეისწავლეს ხსნარების სინათლის არეკვლის სპექტრი და შეადარეს მწერების ფოტოსენსიტიურობის (სინათლის მიმართ მგრძნობელობის) დიაპაზონს;
- არომატული ფაქტორი _ სურნელის გავლენის შესასწავლად სპეციალურ პლატფორმას მიასხურეს სასუქი და წყალი, ზედ კი შაქრის სიროფი მოათავსეს მწერების ქცევაზე დასაკვირვებლად;
- ელექტრული ველების მონიტორინგი _ მცენარეზე და მის სიახლოვეს (იმ მანძილზე, სადაც მწერები დაფრინავენ) ძაბვა მუდმივად კონტროლდებოდა. სასუქის შესხურების შემდეგ ყვავილებზე დაიტანეს ელექტროსტატიკური ფერადი ფხვნილი, რომელიც მხოლოდ უარყოფითი მუხტის მქონე ზონებს ეწებება. გარდა ამისა, მეცნიერებმა ხელოვნურად შეცვალეს ყვავილების ძაბვა ღია გრუნტზე და დააკვირდნენ მწერების რეაქციას.
სასუქის გამოყენებამ მკვეთრად შეცვალა ყვავილების ელექტრული ველი. შესხურებისთანავე, მცენარის მოსვენების პოტენციალი მკვეთრად გაიზარდა და უარყოფითიდან დადებითისკენ შეიცვალა. ეს ფაქტი ელექტროსტატიკურმა საღებავმაც დაადასტურა, ის ბევრად უკეთ მიეწება დაუმუშავებელ ყვავილებს, რომლებსაც ბუნებრივი, უარყოფითი მუხტი ჰქონდათ შენარჩუნებული.
ელექტრული ძაბვის პირვანდელ ნიშნულამდე დაბრუნებას საშუალოდ 12.5 წუთი დასჭირდა. მეცნიერთა ჰიპოთეზით, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ აგროქიმიკატები შეიცავს დიდი რაოდენობით დამუხტულ ნაწილაკებს, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი მცენარის ზედაპირზე შესანარჩუნებლად.
| პარამეტრი | ბუნებრივი/საკონტროლო მდგომარეობა | სასუქით დამუშავების შემდეგ |
| ელექტრული მუხტი | უარყოფითი (-) | მკვეთრად დადებითი (+) |
| მუხტის აღდგენის დრო | სტაბილური | საშუალოდ 12.5 წუთი |
| ბზიკების დაჯდომის კოეფიციენტი | მიახლოებების 80%-ზე მეტი | მიახლოებების 50%-ზე ნაკლები |
ბზიკებმა მყისიერი რეაქცია მოახდინეს ძაბვის ხელოვნურ ცვლილებაზე: მათ მკვეთრად შეამცირეს იმ ყვავილების დამტვერვა, რომელთა პოტენციალიც მეცნიერებმა ხელოვნურად გაზარდეს. თუ ბუნებრივ ყვავილებთან მიახლოებისას მწერები შემთხვევათა 80%-ზე მეტში ჯდებოდნენ ყვავილზე, დადებითად დამუხტულ მცენარეებზე ეს მაჩვენებელი 50%-ზე დაბლა დაეცა.
აღსანიშნავია, რომ სასუქის ხსნარსა და წყალს შორის არეკვლის სპექტრისა (ფერის) და შაქრის მოხმარების (სურნელის) მიხედვით განსხვავება არ გამოვლინდა. ეს ამტკიცებს, რომ დამმტვერავების ქცევის ცვლილება არც ვიზუალური და არც არომატული ფაქტორებით არ ყოფილა განპირობებული — მიზეზი მხოლოდ ელექტრული სიგნალების დარღვევაა.
წარმატებული დამტვერვა ერთდროულად აჯანსაღებს ფერმის ეკოსისტემას და ზრდის სასარგებლო მწერების პოპულაციას. აქამდეც კარგად იყო ცნობილი, რომ ტრადიციულ მეურნეობაში ქიმიური პრეპარატების გამოყენება ამცირებს დამმტვერავების მრავალფეროვნებას, თუმცა ეს ინოვაციური კვლევა კიდევ უფრო შორს მიდის. ის აჩვენებს, რომ ისეთი ერთი შეხედვით უვნებელი საშუალებებიც კი, როგორიცაა ამიაკური სასუქები, ამცირებს დამმტვერავების ეფექტიანობას. ეს კი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კულტურათა მოსავლიანობაზე, არამედ მთლიანი ბიომრავალფეროვნების ჯანმრთელობაზე.

