აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

როგორ აპირებს მსოფლიო 10 მლრდ ადამიანის გამოკვებას? გზავნილები თესლის კონგრესიდან

ლისაბონში გამართული ISF World Seed Congress 2026 მხოლოდ თესლის ინდუსტრიის შიდა შეკრება არ ყოფილა. კონგრესის მთავარი გზავნილი უფრო ფართო იყო: თესლი აღარ არის მხოლოდ აგრარული სექტორის ტექნიკური კომპონენტი, ის უკვე სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, გლობალური ვაჭრობის, ბიომრავალფეროვნების, ინოვაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის სისტემების ნაწილია.

აღნიშნული კონგრესი თესლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელსაც ყოველწლიურად მართავს თესლის საერთაშორისო ფედერაცია (International Seed Federation / ISF). ორგანიზაცია 1924 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფილურ ასოციაციებსა და კერძო კომპანიებს აერთიანებს. ISF-ის წევრები გლობალური კომერციული თესლის ვაჭრობის დაახლოებით 96%-ს წარმოადგენენ.

როგორ აპირებს მსოფლიო

კონგრესი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და თავს უყრის თესლის ინდუსტრიის, მეცნიერების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკის შემქმნელებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, სადაც განიხილავენ სასურსათო უსაფრთხოების, ინოვაციების, კლიმატის ცვლილების, გლობალური ვაჭრობისა და რეგულაციების ყველაზე აქტუალურ საკითხებს.

ერთობლივი ძალისხმევა მდგრადი მომავლისთვის, ამ გზავნილის ირგვლივ წელს კონგრესმა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა მიიღო: 1,800-ზე მეტი დელეგატი 78 ქვეყნიდან.

ISF-ის ღირებულებათა ჯაჭვის კოორდინაციის ჯგუფის თავმჯდომარემ, ედუარდ ფიტომ განაცხადა, რომ მეთესეობის სექტორი იზოლაციაში ვეღარ იმუშავებს. მისი თქმით, ინდუსტრიას უფრო აქტიური დიალოგი სჭირდება არა მხოლოდ ფერმერებსა და სელექციონერებს შორის, არამედ პოლიტიკის შემქმნელებთან და საკვების ღირებულებათა ჯაჭვში მონაწილე ყველა მხარესთან.

დღეს მეთესლეობის სექტორის წინაშე მხოლოდ ის ამოცანა კი არ დგას, როგორ შევქმნათ გაუმჯობესებული ან უკეთესი ჯიში, არამედ როგორ ჩამოვაყალიბოთ ისეთი აგროსასურსათო სისტემა, რომელიც გაუძლებს კლიმატის ცვლილებას, გეოპოლიტიკურ რყევებს, რეგულაციურ გაურკვევლობასა და საზოგადოებრივი ნდობის კრიზისს.

ISF-ის გენერალურმა მდივანმა მაიკლ კელერმა კონგრესის დასრულებისას აღნიშნა, რომ ლისაბონმა აჩვენა სექტორის მზადყოფნა, ერთობლივად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ISF-ის წევრები გლობალური თესლის ვაჭრობის 96%-ს წარმოადგენენ, რაც ორგანიზაციას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

გენომის რედაქტირება

კონგრესზე ერთერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო ახალი თაობის სელექცია, განსაკუთრებით გენომის რედაქტირება და ახალი გენომური ტექნოლოგიები. ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ბიოტექნოლოგიების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა.

პორტუგალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟოზე მანუელ ფერნანდეშმა აღნიშნა, რომ გლობალურ გამოწვევებს ინდივიდუალური მოქმედებით ვერ გაუმკლავდებიან. მისი თქმით, აუცილებელია ორგანიზაციებს, კომპანიებსა და საჯარო ინსტიტუტებს შორის კოორდინირებული მუშაობა. პორტუგალია, ესპანეთის მსგავსად, მხარს უჭერს ისეთ რეგულაციურ ჩარჩოს, რომელიც აგროსასურსათო სექტორის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციის გარანტი იქნება.

კონგრესზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროპა აღარ საუბრობს მხოლოდ აკრძალვებზე, ის ეძებს კომპრომისს. კითხვა უკვე ასე დგას: როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ისე, რომ ინოვაცია ფერმერამდე მივიდეს, მაგრამ უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობა არ დაიკარგოს.

გენომის რედაქტირება კლასიკური GMO-სგან იმით განსხვავდება, რომ ხშირ შემთხვევაში ცვლილება მცენარის საკუთარ გენომში ხდება, სხვა ორგანიზმის გენის დამატების გარეშე.

რეგულაციები და უთანასწორობა

გენომის რედაქტირების ირგვლივ დისკუსია მხოლოდ მეცნიერებას არ ეხება. ის პირდაპირ უკავშირდება რეგულაციურ უთანასწორობას. სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული მიდგომები განაპირობებს იმას, რომ ზოგ ფერმერს უკეთეს სათესლე მასალასა და ტექნოლოგიებზე მეტი წვდომა აქვს, ზოგს კი, არა.

ეს განსაკუთრებით სენსიტიური საკითხია განვითარებადი ქვეყნებისთვის. თუ ახალი თაობის სელექცია მხოლოდ მდიდარი ქვეყნების ან დიდი კომპანიების ინსტრუმენტად დარჩა, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უთანასწორობა შეიძლება გაღრმავდეს. ამიტომ კონგრესზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ინოვაცია უნდა იყოს არა მხოლოდ სწრაფი, არამედ ხელმისაწვდომიც.

გრძელვადიანი ინვესტიციის საჭიროება

ISF-ის გენერალური მდივნის, მაიკლ კელერის თქმით, სექტორს გრძელვადიანი აზროვნება და ინვესტიცია სჭირდება, რადგან დღევანდელი კვლევისა და შრომის შედეგი ხშირად მხოლოდ 10 წლის შემდეგ ხდება ხელშესახები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კლიმატის ცვლილება სწრაფად ვითარდება, მაგრამ ახალი ჯიშის შექმნას, ტესტირებას, წარმოებასა და გავრცელებას წლები სჭირდება. სწორედ ამიტომ, თუ გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღეს, ფერმერებს 2030-იან წლებში შეიძლება არ ჰქონდეთ ის ინსტრუმენტები, რაც მათ გვალვის, სიცხისა და დაავადებების წინააღმდეგ დასჭირდებათ.

ამის ერთერთი მაგალითი კონგრესზე წარმოდგენილი ახალი ჰიბრიდული ხორბლის პლატფორმა X-Terra იყო. Syngenta- მიერ შემუშავებული ეს ტექნოლოგია 15 წელზე მეტ კვლევას ეფუძნება და მიზნად ისახავს მოსავლიანობის ზრდას, სტაბილურობასა და კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლეობის გაუმჯობესებას.

როგორ აპირებს მსოფლიო 10 მლრდ ადამიანის გამოკვებას

ჰიბრიდული ტექნოლოგიის წყალობით, X-Terra-ს ჯიშები ავითარებს ძლიერ ფესვთა სისტემასა და მტკიცე ღეროებს, რაც ფერმერებს უფრო მაღალი და პროგნოზირებადი მოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს ნაკლები რესურსის გამოყენებით. ჯიშები ასევე გამოირჩევა გამძლეობით სოკოვანი დაავადებების, განსაკუთრებით სეპტორიის მიმართ, და უკეთ ეგუება ამინდის მკვეთრ ცვლილებებს.

X-Terra- განვითარება დაკავშირებულია ციფრულ აგრონომიულ ინსტრუმენტებთანაც, მათ შორის Syngenta- Cropwise  პლატფორმასთან, რომელიც ფერმერებს ეხმარება თესვის ნორმებისა და ფუნგიციდების გამოყენების სწორ დაგეგმვაში.

გლობალური ვაჭრობა და კომერციული ჯიშები

კონგრესის კიდევ ერთი ძლიერი მიმართულება იყო თესლის საერთაშორისო ვაჭრობა. კომერციული თესლის ჯიშის შექმნა და მიწოდება მრავალ ბარიერსა და გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ომების, სანქციების, სატრანსპორტო შეფერხებებისა და პროტექციონისტული პოლიტიკის ფონზე. კონგრესზე არაერთხელ გაიჟღერა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ფერმერებისთვის საჭირო ყველა თესლის თვითუზრუნველყოფა. ამიტომ თესლის, მცენარეული მასალის, ინოვაციისა და ცოდნის გავრცელება გლობალური სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი პირობაა.

მსოფლიო ბანკი და WTO

ლისაბონის კონგრესში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკი, WTO და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თესლის საკითხი გასცდა სექტორულ ჩარჩოს და უკვე საერთაშორისო ვაჭრობის, განვითარების ფინანსებისა და გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილია.

WTO-ის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან გენომური ტექნოლოგიების რეგულირების განსხვავებულმა მიდგომებმა მომავალში შესაძლოა სავაჭრო ბარიერები შექმნას. თუ ერთი რეგიონი შეცვლილი გენომის კულტურებს კონვენციურ სელექციასთან ახლოს განიხილავს, ხოლო მეორე კვლავ მკაცრ GMO რეჟიმში დატოვებს, ეს გავლენას მოახდენს თესლისა და აგროსასურსათო პროდუქტების გადაადგილებაზე.

მსოფლიო ბანკის მონაწილეობა კი საკითხს განვითარების, ინვესტიციებისა და მცირე ფერმერების ჭრილში აყენებს. ახალი ტექნოლოგიები მხოლოდ მაშინ იქცევა სასურსათო უსაფრთხოების ინსტრუმენტად, თუ მათზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებსა და მდიდარ ბაზრებს, არამედ მცირე და საშუალო ფერმერებსაც.

ბიომრავალფეროვნება და გენეტიკური რესურსები

კონგრესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მცენარეთა გენეტიკური რესურსები. დისკუსია შეეხებოდა იმას, როგორ უნდა დავიცვათ გენეტიკური მრავალფეროვნება, როგორ უნდა იყოს შესაძლებელი მასზე წვდომა და როგორ გადანაწილდეს სარგებელი სამართლიანად.

საერთო ხაზი მკაფიო იყო: ბიომრავალფეროვნების დაცვა და პროდუქტიულობის ზრდა ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდეს. ამისთვის საჭიროა სელექცია, მონაცემები, ტექნოლოგია, გენბანკები და გლობალური თანამშრომლობა.

სოციალური პასუხისმგებლობა

კონგრესზე ერთერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო ISF-ის ახალი სახელმძღვანელოს წარდგენა მეთესლეობის სექტორში სოციალური უფლებებისა და ეთიკური პრაქტიკის შესახებ.

მაიკლ კელერის შეფასებით, თესლის წარმოება სწორედ ადამიანებზე დგას, ამიტომ მათი უფლებები, ღირსება და კეთილდღეობა სექტორის პასუხისმგებლიანი და მდგრადი მომავლის საფუძველია.

ციფრული ტრანსფორმაცია და AI

მეთესლეობის სექტორში ციფრული მართვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და AI უკვე არა მომავლის, არამედ დღევანდელობის ნაწილია.

კონგრესზე წარმოდგენილი იყო Microsoft Dynamics 365-სა და Copilot AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მცენარეთა სელექციაში მონაცემების ანალიზს, პროგნოზირებასა და გადაწყვეტილებების მიღებას აჩქარებს.

ისტორიული ცვლილება ISF-ის ლიდერობაში

კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური მომენტი იყო ლორენა ბასოს არჩევა ISF-ის პრეზიდენტად. არგენტინელი ბასო გახდა პირველი ქალი, რომელიც ორგანიზაციას 102-წლიან ისტორიაში უხელმძღვანელებს.

მისი არჩევა განსაკუთრებით სიმბოლური აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც აგროსექტორში ქალთა ლიდერობა სულ უფრო ძლიერდება.

ლისაბონის კონგრესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მომავლის სოფლის მეურნეობა მეცნიერების, რეგულაციების, გლობალური ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლიობაზე დგას.

მთავარი კითხვა კი კვლავ ღიად რჩება: შეძლებს თუ არა მსოფლიო მეცნიერებისა და ინოვაციის დახმარებით საკმარისი საკვების წარმოებას ისე, რომ ბუნებრივი რესურსები არ ამოწუროს?

რუსუდან გიგაშვილი ლისაბონიდან,

 საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია, 

მომავლის ფერმერი