სოფლის მეურნეობა, ქართული სოფელი და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება _ რატომ ვდგავართ უსკრულის პირას?
საქართველო ისტორიულად აგრარული ქვეყანაა, თუმცა დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებისა, დარგში არსებული სისტემური ხარვეზები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.
განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა, მეცხოველეობის, მარცვლეულის წარმოებისა და მეთესლეობის მიმართულებით, რაც ნებისმიერი ქვეყნის აგრარული დამოუკიდებლობის საფუძველია.
მეთესლეობა _ დარღვეული საწარმოო ჯაჭვი და ვალუტის ქვეყნიდან გადინება
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უხვი მოსავლის მიღებაში მეთესლეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს, თუმცა საქართველოში ეს დარგი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ბოლო 30 წელია, ქვეყანაში მაღალრეპროდუქციული თესლი თითქმის აღარ იწარმოება და ისინიც კი ვინც მცირე რაოდენობით მაინც ამზდებდნენ ადგილობრივ ხარისხიან თელს, მათაც შეწყვიტეს ან შეაცირეს წარმოება.
რა არის ამის შედეგი?
- იმპორტზე დამოკიდებულება _ ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებულნი შემოტანილ სათესლე მასალაზე, რომელიც ხშირად უხარისხო, ძვირადღირებული და ჩვენი კლიმატისთვის შეუფერებელია.
- ფინანსური ზარალი _ ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური სავალუტო რესურსი გაედინება. მხოლოდ ხორბლისთვის საჭირო 30-35 ათასი ტონა თესლის იმპორტი ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ტვირთია.
- ჯიშების გადაგვარება _ მეთესლეობის სისტემის გარეშე უნიკალური ადგილობრივი ჯიშები (მაგალითად, სოია, ხორბლის ენდემური სახეობები) უბრალოდ ქრება.
რატომ ვერ ვიღებთ სასურველ მოსავალს?
ხშირად ფერმერებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ძვირადღირებული უცხოური სათესლე მასალა ავტომატურად ნიშნავს უხვ მოსავალს. ეს მცდარი შეხედულებაა.
„მაღალი ხარისხის, ღირსებული თესლის მიღება მხოლოდ მიწათმოქმედების მაღალი კულტურის პირობებშია შესაძლებელი.“
სპეციალისტების დაკვირვებით, ფერმერთა 80%-მა არ იცის, რა არის აგროვადები, ნიადაგის მზრალად დამუშავება ან თესლბრუნვა.
დასავლეთ საქართველოში ნიადაგს აპრილ-მაისში ხნავენ, მაშინ როცა მზრალად დამუშავება შემოდგომაზეა აუცილებელი. მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გარეშე, ყველაზე კარგი ხარისხის თესლიც კი ვერ მოიტანს შედეგს.
სტრატეგიული შეცდომები და განადგურებული სამეცნიერო-საცდელი ბაზები
დღევანდელი კრიზისის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სოფლის მეურნეობის საცდელი სადგურების პრივატიზაცია და გაყიდვაა. ქვეყანაში არსებული 13 საცდელი სადგური, სადაც ჯიშთა გამოცდა და პირველადი მეთესლეობა მიმდინარეობდა, განადგურებულია.
ამ ფონზე თუ სახელმწიფო არ გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, შეიქმნას მეთესლეობის ახალი კონცეფცია, ჩვენი სოფლის მეურნეობა არ განვითარდება.
რა უნდა გაკეთდეს?
სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
- პირველადი მეთესლეობის აღდგენა _ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნდა აიღოს კოორდინაცია ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების პირველად წარმოებაზე.
- სპეციალიზებული მეურნეობები _ უნდა შეირჩეს ძლიერი ფერმერული მეურნეობები (მინიმუმ 100 ჰა მიწით და შესაბამისი ტექნიკით), რომლებიც სახელმწიფოს მონიტორინგით აწარმოებენ სერტიფიცირებულ თესლს.
- ცოდნის გავრცელება _ ფერმერებს უნდა მიეწოდოთ არა მხოლოდ თესლი, არამედ კონკრეტული რეგიონისთვის მორგებული ტექნოლოგიური რუკები, რომელის განხორციელებას და სწორად შესრულებას სახელმწიფომ, პირველ ეტაპზე მაინც, თვალი მიადევნოს.
- საჭიროა შეიქმნას „დანერგე მომავლის“ ანალოგიური სახელმწიფო პროგრამა სპეციალურად მეთესლეობისთვის.
საქართველო ხორბლის წარმოშობის ქვეყანაა და მას შეუძლია საკუთარი მოთხოვნის 50-60%-ის ადგილზე დაკმაყოფილება. თუმცა, საამისოდ საჭიროა არა მხოლოდ კანონი მეთესლეობის შესახებ, არამედ რეალური, პროფესიონალური მიდგომა. სოფლის მეურნეობა მეცნიერებაა და არა მხოლოდ მიწის ხვნა.
სანამ სახელმწიფო და ფერმერი ერთად არ იზრუნებენ მიწათმოქმედების კულტურის ამაღლებაზე, ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება კვლავ იმპორტიორთა კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ძალზე მწვავე დგას მთიანი რეგიონების უნიკალური მიკროზონების ათვისება და გამოყენება სპეციფიკური, მაღალხარისხიანი პროდუქციის მოსაყვანად (მეხილეობა, მევენახეობა), რაც სოფლების დაცლის პროცესის შეაჩერებას შეაფერხებს.
საქართველოს მთიანი რეგიონების დაცლა და აგრარული პოტენციალის დაკარგვა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცა. დღემდე გატარებულმა გააზრებულმა თუ აგაუაზრებელმა რეფორმება _ ეს იქნება პენსიების მომატება, სტატუსის მინიჭება თუ სიმბოლური რაოდენობის საწვავის დარიგება, მიგრაციული პროცესები ვერ შეაჩერა.
ნათელია, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნა, რომელიც დაეფუძნება არა სოციალურ დახმარებას, არამედ სოფლის, როგორც ეკონომიკური ერთეულის, აღორძინება-გაძლიერება.
მთავარი ბარიერი _ მიწების დაქუცმაცება და უგეგმო პრივატიზაცია
წარსულში ჩატარებულმა არასწორმა რეფორმებმა მიწების უკიდურესი დანაწილება გამოიწვია. მცირე ნაკვეთების დამუშავება ინდივიდუალურად, თანამედროვე ტექნიკის გარეშე, ფერმერისთვის წამგებიანია. შედეგად, მიწების დიდი ნაწილი მიტოვებული და გაპარტახებულია.
გამოსავალი _ ნამდვილი კოოპერაცია და „სოფელი/საწარმო“ მოდელის შექმნა
ერთჯერადი დახმარებების ნაცვლად, დღის წესრიგში უნდა დადგეს სოფლის ბაზაზე ძლიერი კოოპერატივების ჩამოყალიბება. ეს არ არის წარსულში დაბრუნება, არამედ თანამედროვე ევროპული გამოცდილების ჩვენს რეალობაზე მორგება.
სამოქმედო გეგმა:
- რესურსების კონსოლიდაცია: კოოპერატივში უნდა გაერთიანდეს როგორც მოსახლეობის კერძო ნაკვეთები, ისე დარჩენილი სახელმწიფო მიწები (სახნავ-სათესი, საძოვრები, ტყე).
- ბრენდირება: კოოპერატივს უნდა დაერქვას სოფლის ისტორიული სახელი (მაგ. კოოპერატივი „კორბოული“ ან „ვეჯინი“), რაც პროდუქციის იდენტობასა და მარკეტინგს შეუწყობს ხელს.
- იურიდიული სტატუსი და მართვა: უნდა შეიქმნას ადგილობრივი მმართველი ორგანო, რომელიც პროფესიონალურად წარმართავს მეურნეობას.
მიკროზონირება და სპეციალიზაცია
საქართველო დაყოფილია 16 ზონად და 6 ქვეზონად. მთიანი სოფლების აღორძინება წარმოუდგენელია მათი უნიკალური ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინების გარეშე.
- უნდა აღდგეს სოფლის ძველი საზღვრები და მოხდეს რესურსების ზუსტი აღრიცხვა.
- თითოეული სოფლისთვის უნდა განისაზღვროს პრიორიტეტული დარგი: მეცხოველეობა, მეხილეობა, მევენახეობა თუ ტურიზმი.
- ადგილზე უნდა შეიქმნას მცირე გადამმუშავებელი საწარმოები, რათა გლეხმა პროდუქტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არ გაყიდოს.
სახელმწიფოს როლი: კრედიტიდან ინფრასტრუქტურამდე
ამ პროცესებში სახელმწიფოს ჩართვა უნდა იყოს არა სიმბოლური, არამედ სტრატეგიული:
- ბიზნესგეგმაზე დაფუძნებული დაფინანსება: პროფესიონალი სპეციალისტების (აგრონომები, ეკონომისტები, იურისტები) მიერ თითოეული სოფლისთვის უნდა მომზადდეს ინდივიდუალური ბიზნესგეგმა.
- გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტი: კოოპერატივებს უნდა მიეცეთ მიზნობრივი კრედიტი, რომლის გადახდა დაიწყება მხოლოდ 5 წლის შემდეგ, მაშინ, როცა დარგი სრულყოფილ მოგებაზე გავა.
- კომპლექსური ინფრასტრუქტურა: პარალელურად უნდა მოგვარდეს გზის, წყლის, გაზის, სკოლისა და სამედიცინო მომსახურების საკითხები, რათა სოფლიდან წასულ ხალხს დაბრუნების სტიმული გაუჩნდეს.
მონიტორინგი და კადრები
გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალიტეტების დონეზე მუდმივი მონიტორინგი უნდა გაუწიონ დარგის სპეციალისტებმა. აუცილებელია სოფლიდან წასული მოსახლეობის აღრიცხვა და მათი დაბრუნების ხელშეწყობა კონკრეტული ეკონომიკური გარანტიების შექმნა.
მთიანი სოფლების გადასარჩენად მხოლოდ პოლიტიკური ნება და სპეციალისტთა ჯგუფის ერთიანი მუშაობაა საჭირო. სოფელი უნდა იქცეს თვითკმარ ეკონომიკურ ორგანიზმად, სადაც შრომა დაფასებული და მეცნიერულად დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში, ჩვენ კვლავ ძველებურად გავაგრძელებთ დაცლილ სოფლებზე ვიშ-ვიშს და ქვეყნის მომავლასაც გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ.
- PS. ანალიზი მომზადებულია ჟურნალ „ახალ აგრარულ საქრთველოში“ გამოქვეყნებული სტატიების _ დარგის სპეციალისტის, შეხედულებების და რეკომენდაციების საფუძველზე

