სახელმწიფო მხარდაჭერა აგროსექტორის გასაძლიერებლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, რეგიონში მასშტაბური სამუშაო ვიზიტი გამართა.
რეგიონში სტუმრობის მთავარ მიზანს სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი და გაფართოებული აგროსაწარმოების საქმიანობის ადგილზე გაცნობა, ახალი რეგიონული ინფრასტრუქტურის გახსნა და ადგილობრივ ფერმერებთან უშუალო დიალოგი წარმოადგენდა.
მინისტრთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, პარლამენტარი ზაურ დარგალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
რეგიონში სტუმრობის დროს მინისტრმა რამდენიმე წამყვანი, მაღალტექნოლოგიური და სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმო მოინახულა, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები არიან:
- მეღვინეობა „მარნაველი“ (გარდაბანი) _ საწარმო, რომელმაც წარმოების გაფართოებისთვის პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა, უზრუნველყოფს წარმოების სრულ ციკლს _ ყურძნის მიღებიდან საბრენდე სპირტისა და ბრენდის ჩამოსხმამდე. მისი წლიური წარმადობა 5 მილიონ ბოთლს აღწევს. პროდუქცია ექსპორტზე გადის აშშ-ში, ჩინეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც მუდმივად 120 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
- მეფრინველეობის ფერმა „საბუდარა“ (კრწანისი) _ კომპანია ბროილერის სადედე გუნდის გამოზრდასა და საინკუბაციო კვერცხის წარმოებას ახორციელებს (წლიური წარმადობა — 7 მილიონი საინკუბაციო კვერცხი). იგი ამიერკავკასიაში წამყვანი ბრენდების (Aviagen, Babolna Tetra, Lohmann Tierzucht) ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციასა და სრულ სერვისს უზრუნველყოფს. პროდუქცია გადის აზერბაიჯანსა და სომხეთში; დასაქმებულია 60 ადგილობრივი.
- კომბინირებული საკვების საწარმო „ნუტრიმაქსი“ (ფონიჭალა) _ მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოეწყო, წლიურად 80,000 ტონა ცხოველისა და ფრინველის საკვებს აწარმოებს. საექსპორტო გეოგრაფია მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, ყაზახეთსა და მოლდოვას. საწარმოში 200 ადამიანია დასაქმებული.
- ანარ სადიკოვის სასათბურე მეურნეობა (სოფელი დამია–გეურარხი) _ 2024 წლიდან დაწყებული პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში, ფერმერმა 3 ჰექტარზე მოაწყო სათბური, რომელიც 400 ტონაზე მეტი პომიდვრის წარმოებაზეა გათვლილი და ძირითადად ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.
აგროსექტორის განვითარებაში სახელმწიფო თანადაფინანსების მასშტაბებზე მეტყველებს კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნით, კომერციული ბანკების მიერ საქართველოს მასშტაბით 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგროსესხია გაცემული, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 74 მილიონ ლარს აღემატება. აქედან, უშუალოდ ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტების მოცულობა 9 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
მეფრინველეობის დარგის მოწყობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ბანკების მიერ გაცემულია 269 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2,400-ზე მეტი სესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 63 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან ქვემო ქართლის რეგიონზე საკმაოდ სოლიდური წილი მოდის _ გაცემულია 72 მილიონი ლარის ღირებულების 235 სესხი, სადაც სააგენტოს თანადაფინანსება 18 მილიონ ლარზე მეტია.
რაც შეეხება კომბინირებული საკვების საწარმოების ხელშეწყობას, საქართველოს მასშტაბით გაცემულია 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 115 აგროსესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10 მილიონ ლარს აღემატება.
ამასთანავე, აღსანიშნავია ახალი პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს და უკვე 270-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 46 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად კომერციული ბანკების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხია გაცემული. აქედან ქვემო ქართლის რეგიონში 10 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გაიცა 17 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობების შესაქმნელად.
ახალი ინფრასტრუქტურა და დიალოგი ფერმერებთან
ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შენობა თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, ბევრად ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური აგრარული პროფილის მქონე ქვემო ქართლის რეგიონისთვის.
მინისტრი ასევე შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ახალი სახელმწიფო პროგრამები, არსებული გამოწვევები და დარგის განვითარების პერსპექტივები. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე ერთიანი ჯაჭვის შექმნა, რაც შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის სამუშაო ვიზიტი ქვემო ქართლში და მისი უშუალო კომუნიკაცია ადგილობრივ მწარმოებლებთან სცილდება უბრალო ფორმალურ აქტივობას და რამდენიმე ფუნდამენტურ პოზიტიურ ასპექტს ატარებს აგროსაწარმოებისა და ფერმერებისთვის:
ფერმერებთან პირისპირ შეხვედრები და საწარმოო პროცესის ადგილზე გაცნობა სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას, „კაბინეტური მართვის“ ნაცვლად, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები (მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტები ან პროექტი „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“) მაქსიმალურად მოარგოს მინდორსა და საამქროებში არსებულ რეალურ გამოწვევებს. ეს ზრდის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობასა და ეფექტიანობას.
მინისტრისა და უწყების ხელმძღვანელების ფიზიკური დასწრება საწარმოებში არის სიგნალი აგრობიზნესისთვის, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას არა მხოლოდ ფინანსური თანადაფინანსების ეტაპზე, არამედ წარმოების პროცესშიც. ეს ზრდის კერძო სექტორის ნდობას და უბიძგებს მათ ახალი იდეების განხორციელბისკენ.

