მიწათმოქმედების თანამედროვე გამოწვევები საქართველოში
საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემაში ბოლო წლებში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა დარგების განვითარების მიმართულებები სრულად შეცვალა.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაჩქარევმა და არასწორმა პრივატიზაციამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიწების დანაწევრება გამოიწვია, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მოუმზადებელი შეხვდა.
დღეს ბევრმა მიწის მესაკუთრემ არ იცის, რა მიმართულებით განავითაროს მეურნეობა. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში მიწების უმეტესი ნაწილი მიტოვებული ან დაუმუშავებელია.
იმ ნაკვეთებზეც კი, სადაც მუშაობა მიმდინარეობს, უმეტესად ერთი და იგივე კულტურები ითესება, რამაც საზიანო მონოკულტურის სახე მიიღო. დღეს ელემენტარული კულტურათა მორიგეობაც კი იშვიათობაა, აღარაფერს ვამბობთ რეგიონებისთვის შესაფერისი თესლბრუნვის სისტემების მოწყობაზე.
მოშლილია ნიადაგის დამუშავების ტრადიციული სისტემები. სათანადო ყურადღება აღარ ექცევა ისეთ სასიცოცხლო საკითხებს, როგორიცაა:
- ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება;
- მავნებელ–დაავადებებთან ბრძოლა;
- წინამორბედი კულტურების სწორი შერჩევა;
- ახალი, მაღალმოსავლიანი და დარაიონებული ჯიშების დანერგვა;
- თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
ყოველივე ეს პირდაპირ და უარყოფითად აისახება ნიადაგის ნაყოფიერებაზე მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხზე.
სახელმწიფოს როლი და მცდარი მიდგომები
განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა ერთწლიანი მინდვრის კულტურების, როგორიცაა მარცვლეული, მარცვლოვან-პარკოსი, ბოსტნეული, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი საკვები ბალახების წარმოების კუთხით.
მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება და დახმარებაა საჭირო.
ხშირად გვესმის ზოგიერთი პასუხისმგებელი პირისგან: „მიწა ხალხს საკუთრებაში დაურიგდა და როგორც უნდათ, ისე მოუარონ“. ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია. პრივატიზაციიდან 30 წელზე მეტი გავიდა და შედეგი სახეზეა, ქვეყანა კვლავ გარდამავალ პერიოდშია.
სოფლის მეურნეობას სჭირდება როგორც ეკონომიკური, ისე მეთოდური მხარდაჭერა.
ჩვენ უკვე გვაქვს კარგი გამოცდილება მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში (მაგალითად, პროგრამა „დანერგე მომავალი“), რომელმაც ხარვეზების მიუხედავად, დადებითი შედეგი გამოიღო. ანალოგიური, ფართო მასშტაბიანი მიდგომაა საჭირო ერთწლიანი კულტურებისთვისაც. სოფლად ორიოდე კაცის მიერ შექმნილი კოპერატივებით დარგი ვერ განვითარდება.
მთიანი რეგიონების მძიმე ხვედრი
განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიანეთში. ზოგიერთი სოფელი აღარც არსებობს, გადარჩენილები კი „სულს ღაფავს“.
ჟურნალში „ახალი აგრარული საქართველო“ არაერთხელ დავწერე ჩემი მოსაზრებები, რათა სპეციალისტები ჩავრთულიყავით მსჯელობაში: როგორ გადავარჩინოთ მთის სოფლები? როგორ ჩაერთოს სახელმწიფო ამ პროცესში? სამწუხაროდ, რეაგირება არ ჩანს. მიკვირს, რას აკეთებენ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და პიარ–განყოფილებები. რატომ არ აყენებენ მინისტრს საქმის კურსში? იქნებ მართლა „სისულელეს“ ვწერთ სპეციალისტები?
სამეცნიერო ვაკუუმი და საცდელი სადგურები
სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტებისა და რეგიონული საცდელი სადგურების უაზრო გასხვისებამ დიდი ვაკუუმი შექმნა. თავის დროზე შესაძლებელი იყო მათი ისე პრივატიზება, რომ პროფილი შენარჩუნებულიყო, რაც ინვესტორისთვისაც მომგებიანი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც.
მისასალმებელია, რომ ქვეყანაში შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. უნდა აღინიშნოს თავიდანვე სწორად დაიგეგმა და რეგიონების (ზონების ) მიხედვით გამოიყო მიწები, სადაც უნდა განვითარებულიყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ადგილებზე. შექმნილიყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოძიებულიყო ახალგაზრდა კადრები, სადაც პერიოდულად მოეწყობოდა მოსახლეობისთვის და ფერმერებისათვის საჩვენებელი საინფორმაციო მინდვრის დღეები, სადაც ადგილებზე აქტიურად ჩაერთვებოდნენ რაიონების საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტები და აქტიურად ითანამშრომლობდნენ მეცნიერებთან და ერთობლივად მოსახლეობამდე და ფერმერებამდე მიიტანდნენ სწორ ინფორმაციას რეგიონისათვის დამახასიათებელი კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნიკით (კალენდარული ვადებით დადგენილი) გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას.
უნდა აღინიშნოს, ამ მიმართულებით, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი, შემდგომში მუშაობა სრულყოფილად არ წარიმართა. რის გამოც გარკვეულ ძირითად რეგიონებში საერთოდ შეწყდა მუშაობა. დღევანდელი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ მეტი ყურადღება და მხარდაჭერაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან.
რატომ გვიჯდება მოსავალის მოყვანა ძვირი?
ბევრი ფერმერი ნაკლებ ყურადღებას აქცევს სრულყოფილ აგროტექნიკას, რაც საბოლოოდ აზარალებს მოსავალს. დღევანდელი გათვლებით, 1 ჰექტარი ხორბლის მოვლა–მოყვანა დაახლოებით 1900-2200 ლარი ჯდება, სიმინდის კი _ 3800-4000 ლარი. აქედან მხოლოდ ტექნიკით მომსახურებაზე 1300-1500 ლარი მოდის.
როდესაც ხარჯი ასეთი დიდია, აგროტექნიკური ვადების დარღვევა დაუშვებელია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე შპს „მექანიზატორის“ გაუქმება _ გაყიდვა ნაჩქარევი ნაბიჯი და შეცდომა იყო.
კონკრეტული მაგალითები რეგიონებიდან
აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ქვემო და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში, თავთავიანი კულტურების წარმოებამ მონოკულტურის სახე მიიღო. იგივე ხდება გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სოფლებში სიმინდის კულტურის შემთხვევაში.
მეცნიერულად დადგენილია, რომ მონოკულტურების წარმოება იწვევს:
- ნიადაგის ცალმხრივ გამოფიტვასა და დეგრადაციას;
- სპეციფიკური დაავადებების გავრცელებას;
- ნიადაგის სტრუქტურის დარღვევას არასწორი დამუშავების (მაგალითად, ზემძიმე „საჩეხების“ სისტემატური გამოყენების) გამო.
ამ სტატიაში შევეცადე მოკლედ გადმომეცა ის პრობლემები, რაც ჩვენს ძირითად მარცვლის მწარმოებელ რეგიონებში ხდება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, მდგომარეობა საგანგაშოა, ამიტომ აღნიშნული საკითხები დროულ ყურადღებას საჭიროებს. თუ ვინმე დაინტერესდება ამ თემებით, ექნება შენიშვნები ან წინადადებები, მზად ვარ აქტიური თანამშრომლობისთვის.
ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქართული მიწა და მიწათმოქმედება.
ადოლი ტყეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის უფროსი აგრონომი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №5 (164)

