აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

მაკე ბოცვერის მოვლა

ბოცვერმა სქესობრივ სიმწიფეს შეიძლება საკმაოდ ადრე, 12 კვირის ასაკიდანვე მიაღწიოს.

მცირე და ჯუჯა ჯიშები, როგორც წესი, უფრო სწრაფად მწიფდებიან, ვიდრე გიგანტური (დიდი) ჯიშის ბოცვრები.

სქესობრივი მომწიფების შემდეგ, დედალი ბოცვერი შეწყვილებისთვის ყოველ ორ კვირაში ერთხელაა მზად.

სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ კლასიკური მყვირალობის ციკლიოვულაციის პროვოცირებას თავად შეწყვილების (კოპულაციის) აქტი იწვევს.

მაკეობა, როგორც წესი, დაახლოებით, 1 თვე (30-33 დღე) გრძელდება, ხოლო ბუდობაში ბაჭიების რაოდენობა 2-დან 12-მდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობისთანავე ხელახალი შეწყვილება რეკომენდებული არ არის, დედალ ბოცვერს დაყრიდან 24 საათში კვლავ შეუძლია განაყოფიერება.

როგორ მივხვდეთ, რომ ბოცვერი მაკედაა?

ადრეულ სტადიაზე მაკეობის დადგენა ზოგჯერ რთულია. თუ კარგად იცნობთ თქვენს ცხოველს და ბოცვრები მრავალჯერ გამოგიზრდიათ, შესაძლოა შეამჩნიოთ ქცევითი ცვლილებები, რომლებიც ჩასახვაზე მიანიშნებს. მაკეობის მე-12 დღისთვის ნაყოფი დაახლოებით ზეთისხილის ზომისაა და მისი შეგრძნება დედლის მუცლის პალპაციით (ხელით ფრთხილი გასინჯვით) არის შესაძლებელი.

მადის მომატება და წონის მატება ასევე მაკეობის ინდიკატორია. წონის მატება, როგორც წესი, ყველაზე თვალსაჩინო მაკეობის ბოლო ფაზაში ხდება.

როგორი გარემო სჭირდება მაკე ბოცვერს?

თუ ბოცვრებს ჯგუფურად ათავსებთ, აუცილებელია იმ დედლების გამოცალკევება, რომელთაც მაკეობაზე ეჭვობთ. ეს რამდენიმე მიზეზის გამო კეთდება:

  • სხვა ბოცვრებმა შესაძლოა აგრესია გამოიჩინონ უცხო ბაჭიების მიმართ;
  • ჯგუფური შენახვისას გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება აიძულოს მაკე ბოცვერი, უარი თქვას ბეწვის გლეჯასა და ბუდის მოწყობაზე, რის გამოც ახლდაბადებული ბაჭიები ცივ გარემოში მოხვდებიან;
  • ვინაიდან დედალი მშობიარობის შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება კვლავ პროდუქტიული, აუცილებელია მას დასვენების საშუალება მისცეთ და დარწმუნდეთ, რომ იგი მამალი ბოცვრისგან (მამლისგან) განცალკევებულ გალიაშია.

სადედე გალიის მოწყობით თქვენ დედალს უსაფრთხო სივრცეს უქმნით და სტიმულს აძლევთ მყუფრო ბუდის მოსაწყობად. სავარაუდოდ შეამჩნევთ, როგორ დაიწყებს იგი საკუთარი ბეწვის გლეჯას და ბუდის ამოფენას მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე. მშვიდ გარემოში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, დედლებიც და ბაჭიებიც ჯანსაღად განვითარდებიან.

რატომ არ ატარებს დედა ბოცვერი დიდ დროს ბაჭიებთან?

ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს ბაჭიებთან ურთიერთობისას (როგორც გარეული, ისე შინაური ბოცვრების შემთხვევაში) არის ის, რომ მათი დიდი ხნით მარტო დატოვება სრულიად ნორმალურია. დედალი ბოცვერი ბაჭიებს დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ კვებავს და ეს ჩვეულებრივ ღამით ხდება.

თითოეული კვების დროს ბაჭიები საკუთარი სხეულის წონის 20%-მდე რძეს სვამენ. ბაჭიების ხელში აყვანისას უნდა შეამჩნიოთ, რომ მათ სავსე მუცლები აქვთ. ზოგჯერ სტრესმაც შეიძლება აიძულოს დედა, რომ მიატოვოს ნაშიერები. მნიშვნელოვანია მოერიდოთ ახალშობილ ბაჭიებთან შეხებას, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის.

მას შემდეგ, რაც ბაჭიებს ბეწვი ამოუვათ და გადაადგილებას დაიწყებენ, მათთან ყოველდღიური კონტაქტი დაეხმარება პატარებსაც და დედასაც, რომ თქვენთან თავი კომფორტულად იგრძნონ. ბაჭიები ბუდის მასალის ჭამას 1-2 კვირის ასაკიდან იწყებენ. ამავე პერიოდში (ჩვეულებრივ, მე-10 დღეს) ისინი თვალებს ახელენ. 2 კვირის ასაკისთვის კი იწყებენ სადედე ყუთიდან გადმოძრომას გალიის დასაზვერად.

დედა ბოცვერი ბაჭიებს ძუძუდან, როგორც წესი, 4-6 კვირის ასაკში აშორებს (აშრობს). მოცილების შემდეგ შეგიძლიათ განაცალკევოთ დედა, ხოლო ბაჭიები დაახარისხოთ და დააშოროთ სქესის მიხედვით.

რით გამოვკვებოთ მაკე ან ლაქტაციაში მყოფი ბოცვერი?

შეწყვილებისა და მაკეობის პერიოდში შეგიძლიათ დედლის რაციონი უცვლელი დატოვოთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ნაყოფის ზედმეტად გაზრდა, მნიშვნელოვანია კვება მისი სხეულის კონდიციის (ნაკვებობის) მიხედვით დაარეგულიროთ. დარწმუნდით, რომ იგი ინარჩუნებს ოპტიმალურ ფორმას მაკეობისას.

მაკეობის პერიოდში ზედმეტმა კვებამ შეიძლება საშვილოსნოში ბაჭიების სწრაფი ზრდა გამოიწვიოს, რაც შემდგომში მშობიარობის გართულებებს იწვევს.

დაყრის შემდეგ კი, პირიქით – აუცილებელია საკვების ოდენობის გაზრდა. ლაქტაცია (რძის გამომუშავება) საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს, რის გამოც რეკომენდებულია მისთვის გამდიდრებული, სრულფასოვანი გრანულირებული საკვების  შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდება.

გახსოვდეთ, რომ კვების რაციონის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს ნელნელა, 5-10 დღის განმავლობაში.

ავტორი: ჰეტი ჰარტშუჰი