„ჩემი პირველი ნერგი“ / გარემოსდაცვითი განათლება ბავშვობიდან და საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე
საქართველომ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გარემოსდაცვითი განათლების გამოცდილება ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაზე (COP17) წარადგინა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის ინიციატივას „ჩემი პირველი ნერგი“, რომელიც ათასობით პირველკლასელს ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პრაქტიკულ პროცესში რთავს.

გარემოსდაცვითი განათლება ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან, როდესაც ბავშვებში ბუნებისადმი დამოკიდებულება და გარემოზე ზრუნვის ჩვევები ყალიბდება. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის გამოცდილებაც საერთაშორისო პარტნიორებს ერევანში, COP17-ის ფარგლებში გააცნეს.
შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გარემოსდაცვითი განათლების მიმდინარე ინიციატივები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები წარადგინა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამას „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის მიზანია ბავშვებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება და ბუნებრივი გარემოს დაცვის პროცესში მომავალი თაობის ჩართულობის ხელშეწყობა.
41 ათასზე მეტი პირველკლასელი და საკუთარი პირველი ნერგი
პროგრამა საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელია ჩართული. ინიციატივის ფარგლებში თბილისსა და ქვეყნის ათივე რეგიონში თითოეული პირველკლასელი საკუთარ ნერგს დარგავს.
პროგრამის განხორციელების ამ ეტაპზე – 22-29 ოქტომბერს საქართველოს რეგიონებში 16 500-ზე მეტი ნერგი დაირგო. მხოლოდ მეექვსე დღეს, სამტრედიაში, ხონში, წყალტუბოში, სენაკსა და აბაშაში გამართულ ღონისძიებებზე პირველკლასელებმა 1 500-ზე მეტი ნერგი დარგეს. გამწვანების ღონისძიებები 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა: ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან ნერგის შერჩევისას ადგილობრივი ბუნებრივი პირობების გათვალისწინება მისი გახარებისა და შემდგომი ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.
პროგრამის თავისებურება ის არის, რომ ბავშვები მხოლოდ გამწვანების ღონისძიების მონაწილეები არ არიან, ისინი თვითონ რგავენ ხეებს, რის შემდეგაც მათ საკუთარი ნერგის მოვლა და მასზე ზრუნვა შეეძლებათ. ამგვარად, გარემოსდაცვითი განათლება თეორიული ცოდნას სცდება და პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა.
ნერგების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა – https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, რომლის საშუალებითაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის გამოყენებით იქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა. ეს საშუალებას იძლევა, ინიციატივა მხოლოდ ერთჯერად გამწვანების ღონისძიებად არ დარჩეს და დარგული ნერგების შესახებ ინფორმაცია მუდმივად აღირიცხოს.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გარემოსდაცვითი განათლება ბიომრავალფეროვნების დასაცავად
COP17-ის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის განხორციელებაშიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მონაწილეობს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გარემოსდაცვითი განათლების როლი ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვით საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ცენტრის საერთაშორისო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საბოლოოდ, „ჩემი პირველი ნერგი“ მხოლოდ გამწვანების კამპანია არ არის. მისი მთავარი ღირებულება ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პრაქტიკული გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაა.
პროგრამის გრძელვადიანი შედეგი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ დარგული ნერგების რაოდენობაზე, არამედ მათ შემდგომ მოვლაზე, გახარებისა და ზრდის მონიტორინგზე. სწორედ ამ პროცესის უზრუნველყოფა განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა დღევანდელი სასკოლო ინიციატივა მომავალში ბიომრავალფეროვნების დაცვის რეალურ და მდგრად შედეგად.

