აგროსიახლეებიმედიასტატიები

ჩინეთის ლიდერი აგრარული სექტორის მოდერნიზაციისა და სასურსათო უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერების ინიციატივით გამოდის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა სოფლის მეურნეობისა და რეგიონების მოდერნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადება ქვეყნის ლიდერმა აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციის ქალაქ დეჯოუში სამუშაო ვიზიტის დროს გააკეთა.

სი ძინპინი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა მიიმართოს სოფლის მეურნეობის საერთო საწარმოო სიმძლავრეების, ხარისხისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად.

ჩინეთის ლიდერი სტუმრად სოფელში

მის თქმით, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი სტრატეგიული პროდუქტების სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, როგორიც მარცვლოვანი კულტურებია.

ჩინეთის ლიდერი მხარს უჭერს, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, ისეთი მოწესრიგებული სოფლების მშენებლობას, სადაც მოსახლეობას ცხოვრებისა და შრომისთვის ღირსეული პირობები ექნება.

„ჩვენი მიზანია, მივცეთ ფერმერებს სწორი გეზი, რათა საკუთარი შრომითა და სიბრძნით მიაღწიონ უკეთეს ცხოვრებას“, — აცხადებს სი ძინპინი.

ხორბლის მოსავალი და აგროტექნოლოგიები

მორიგი სამუშაო ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერი სოფელ დონგიუძიას ეწვია, სადაც ხორბლის მოსავლის აღების პროცესს, სიმინდის ნათესებსა და სასოფლო-სამეურნეო მარაგებს პირადად გაეცნო. ის გავიდა სავარგულებში და თბილი, საქმიანი შეხვედრა გამართა ადგილობრივ მარცვლეულის მწარმოებლებთან, აგრონომებთან და მექანიზატორებთან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარცვლეულისა და სხვა აგროპროდუქტების სტაბილური მიწოდება სოფლის მეურნეობის მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მარცვლეულის წარმოების მხარდამჭერი ყველა სახელმწიფო პროგრამის ეფექტური რეალიზაცია, რათა ქვეყანამ მიმდინარე წელს უხვი მოსავალი უზრუნველყოს.

სი ძინპინმა ფერმერებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაზრდაზე ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. მისი თქმით, აუცილებელია:

  • სტიქიების პრევენციის მექანიზმების გაძლიერება;

  • შესაძლო ზიანის შერბილების სტრატეგიების შემუშავება;

  • კრიზისულ სიტუაციებში ფერმერებისთვის ოპერატიული დახმარების აღმოჩენის სისტემის დახვეწა.

სოფლის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა

მოგვიანებით სი ძინპინი მეზობელ სოფელ სიუძიასაც ესტუმრა, სადაც დეტალურად დაინტერესდა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობითა და საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობით. მან ასევე დაათვალიერა რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და შინაური ხელოსნობის ნაწარმის გამოფენა.

ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივი მცხოვრებლის, იუ სინჰუის ოჯახსაც ეწვია. მასპინძლებს სუფრასთან, ოჯახურ გარემოში დეტალურად გამოჰკითხა ოჯახის წევრების ყოველდღიური ყოფის, შემოსავლების, უფროსი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბავშვების განათლების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ჩინოვნიკებმა და პარტიის წევრებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ ხალხის კეთილდღეობისთვის, გადაჭრან მათი ყოველდღიური პრობლემები და შეუქმნან მათ სტაბილურობისა და უსაფრთხოების პირობები.

სი ძინპინის განცხადებით, ქვეყანა იწყებს ახალ გზას ჩინეთის ყოველმხრივ თანამედროვე სოციალისტურ სახელმწიფოდ გარდაქმნისთვის.

„ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ და გავაგრძელოთ ნაბიჯები ახალ „დიდ ლაშქრობაში“, რათა შევქმნათ ნათელი მომავალი და მუდმივად ვუპასუხოთ ხალხის მისწრაფებებს უკეთესი ცხოვრებისკენ“, — დაასრულა სი ძინპინმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ლიდერი ხშირად ჩადის რეგიონებში და მათ შორის, უშუალოდ მინდორში ეცნობა ფერმერთა საქმიანობას, მიღწევებს, სოფლად მცხოვრებთა პირობებს და თავად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მოდერნიზაცია-განვითარების პროცესში.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა