ვაშლის ბაღების „საიდუმლო იარაღი“ _ რატომ სჯობნის კომპოსტი და მულჩირება ქიმიას?
თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში ვაშლის ხეები „გადაღლაზე“ მუშაობენ: მათგან მაქსიმალურ მოსავალს დარგვიდან უკვე მესამე წელს ველოდებით. ასეთი ტემპის გასაძლებლად ხეებს მძლავრი „დოპინგი“ სჭირდებათ, თუმცა სინთეტიკური სასუქები ხშირად არღვევენ ეკოლოგიურ ბალანსს.
აშშ-ში მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი, ძვირფსი რესურსი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ფერმერებს თავზესაყრელად აქვთ.
ბოლო წლებში მებაღეობა დაბალი სიმჭიდროვის ნარგავებიდან (400 ხე/ჰა) გადავიდა მაღალი სიმჭიდროვის სისტემებზე (3000-ზე მეტი ხე/ჰა). ეს ზრდის მოგებას, მაგრამ ნიადაგისგან გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს. აზოტოვანი სასუქების ჭარბი გამოყენება კი აქვეითებს ნიადაგის ხარისხს და ანადგურებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს.
ამერიკელი მკვლევარები სამი წლის განმავლობაში ტესტავდნენ მარტივ იდეას _ რა მოხდებოდა, თუ აგროქიმიას ადგილობრივი ორგანული მულჩით შეცვლიდნენ?
ექსპერიმენტის არსი
მეცნიერებმა ხეების ირგვლივ 1 მეტრი სიგანისა და 10 სმ სისქის ორგანული ფენა (კომპოსტი და ხის ნაფოტები/ნახერხი) დაყარეს. პარალელურად, საკონტროლო ნაკვეთებზე იყენებდნენ ჩვეულებრივ მინერალურ სასუქებს. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა:
- მულჩა პათოგენების წინააღმდეგ ანტიბიოტიკივით ამუშავდა. მავნე ნიადაგის სოკოების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა;
- ნიადაგში რეკორდულად გაიზარდა სასარგებლო ბაქტერიების (Flavobacteria და Cytophaga) და მიკორიზის (დამხმარე სოკოების) რაოდენობა, რომლებიც ფესვებს წყლისა და საკვების ათვისებაში ეხმარებიან;
- მაშინ, როცა მინერალურმა სასუქებმა მოკრძალებული ეფექტი გამოიღო, მულჩირებამ ვაშლის ხის ღეროს სისქე სულ რაღაც 3 წელიწადში 33,5%-ით გაზარდა!
რატომ ვერ ცვლის ქიმია ბუნებრივ მულჩას?
როგორც კვლევამ აჩვენა, სინთეტიკური სასუქები მცენარეს აწვდის მხოლოდ საკვებ ელემენტებს, მაგრამ არ ცვლის ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობას და არ მატებს მას ორგანულ ნახშირბადს.
მულჩა კი ერთდროულად ნიადაგის რამდენიმე თვისებას ცვლის:
- ინარჩუნებს ტენიანობას;
- არეგულირებს ტემპერატურას;
- ქმნის ხელსაყრელ გარემოს მიკროორგანიზმებისთვის.
სპეციალისტთა დასკვნა:
„მინერალური სასუქების ხანგრძლივი გამოყენება, მიუხედავად მოსავლიანობის დროებითი ზრდისა, საზიანოა ნიადაგის ჯანმრთელობისთვის. ინტენსიური ბაღების მომავალი არა ქიმიკატების ახალ – ახალ დოზებშია, არამედ ხის ფესვებსა და მიკროორგანიზმებს შორის „მეგობრობაში“.
ქართველი ფერმერებისთვის ეს კვლევა ნიშნავს, რომ სუპერინტენსიური ბაღის გაშენებისას აუცილებელია ნიადაგის მულჩირება ორგანული მასალით. ეს მხოლოდ მორწყვისა და სასუქის ხარჯებს კი არ დაზოგავს, არამედ ხეების სწრაფ ზრდას და მათ დაავადებებისგან ბუნებრივ დაცვასაც უზრუნველყოფს.
წყარო: Agronomy 2026

