აგროსიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთში შპს „ფემილი რითეილის“  და „გორდულის“ მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ბიზნესის საჭიროებების გაცნობის მიზნით, ქუთაისსა და ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმოებს ესტუმრა.

 ვიზიტის დროს ყურადღება დაეთმო ხარისხის სტანდარტებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სახელისუფლებო მხარდაჭერის პროგრამებს.

ქუთაისში ვიზიტისას დავით სონღულაშვილი შპს „ფემილი რითეილის“ საწარმოს ეწვია, სადაც მზა კერძების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების პროცესს, ასევე ინფრასტრუქტურას გაეცნო. აღნიშნული კომპანია 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და  სასურსათო მაღაზიების ქსელს აერთიანებს, ხოლო მისი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია ხელი შეეწყოს ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალი ხარისხის, უვნებელ პროდუქციას აწარმოებენ და ქმნიან კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას.

756341990 1365469455742419 2226030247201409114 n

ამის შემდეგ, მინისტრი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმო „გორდულს“ ესტუმრა. საწარმოს წლიური წარმადობა 100 ტონას შეადგენს, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მუდმივად – 25, ხოლო სეზონურად  50 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015, 2017-2019 და 2021-2025 წლებში, შერეული გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების მოწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით სარგებლობდა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საწარმოების მონახულება საშუალებას აძლევს უშუალოდ მოისმინოს ბიზნესის საჭიროებები, შეაფსოს არსებული გამოწვევები, რათა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად მოვარგოთ რეალურ მოთხოვნებს. „ასეთი პირდაპირი ურთიერთობა ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველია“, – განაცხადა მინისტრმა.