აგროსიახლეები

„აპიჯეო“ ევროპული ბაზრისკენ გზას იკვლევს

ქართული მეფუტკრეობა ახალ საერთაშორისო წარმატებებს აღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე თაფლის გადამმუშავებელ თანამედროვე საწარმო „აპიჯეოს“ ეწვია.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ინფრასტრუქტურა და საექსპორტო მიღწევები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადგილობრივი აგრარული სექტორი გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამყარებას წარმატებით ახერხებს.

მინისტრმა საწარმოს ინფრასტრუქტურა, თაფლის წარმოებისა და გადამუშავების პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია დაათვალიერა.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანას აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის საიმედო მიმწოდებელი იყოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს ამ დარგის განვითარებას – წარმოების გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას“,  – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აპიჯეოს“ წლიური წარმადობა 21 ტონას შეადგენს. კომპანია პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის; კომპანიამ, 2025 წელს წარმოებული თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანა. საწარმოში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი – 10.

შპს „აპიჯეო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2019-2021 და 2023 წლებში, თაფლის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს თანამედროვე აგროსაწარმოების შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

წლიურად 21 ტონა პროდუქციის წარმადობის მქონე შპს „აპიჯეო“ სახელმწიფო პროგრამების, კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტიანი გამოყენების კარგი მაგალითია.

ფრანგულ ბაზარზე განხორციელებული ექსპორტი და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ცხადყოფს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და ფერმერთა მიზანმიმართული მხარდაჭერა ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მყარი გარანტიაა, რაც რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლის ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.