აგროსიახლეები

გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობა ხეხილოვანი კულტურების მყნობას იწყებს

საქართველოს აჭარის რეგიონში მრავალწლიანი ბაღების განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით, აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ხეხილოვანი კულტურების მყნობის აქტიური ფაზა დაიწყო.

წლულს მეურნეობა ათი ათასამდე მაღალპროდუქტიულ ნამყენ ნერგს დაამზადებს, რაც რეგიონში მეხილეობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის „სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება“ მიზანია მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების გამრავლება, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე ადაპტირებული, მაღალხარისხიანი სანერგე მასალის წარმოება და ფერმერებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

წლეულს გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 10 000-მდე ხეხილის ნამყენი დამზადდება. მათ შორის:

  • ბალი – 1 500 ძირი (ჯიშები: ჭროლა, გოგლა, გეორგია);
  • ტყემალი – 2 500 ძირი;
  • ვაშლი – 2 500 ძირი (ჯიშები: რუბინულა, როიალ გალა, გრანი სმითი, ტოპაზი, სინაპი);
  • მსხალი – 2 500 ძირი (ჯიშები: სანტა მარია, ალექსანდროული).

მყნობის პროცესში გამოიყენება მაღალი ხარისხის საძირე და სანერგე მასალა, რაც ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი და მაღალპროდუქტიული ნერგების წარმოების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

აგროსერვის ცენტრის მიერ წარმოებული ხეხილის მაღალხარისხიანი ნერგების რეალიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის მეორე დეკადიდან დაიწყება.

აღნიშნული ქვეპროგრამა ხელს უწყობს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და მაღალპროდუქტიული მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას, ფერმერების ხარისხიან სანერგე მასალაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და რეგიონში მეხილეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობის წარმატებული საქმიანობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილობრივი აგრარული წარმოების მხარდაჭერის მნიშვნელობას.