აგროსიახლეები

არზგირის რეგიონში ხორბლის რეკორდულმა მოსავლიანობამ ფერმერებიც კი გააოცა

სტავროპოლის მხარის არზგირის მუნიციპალიტეტში 2026 წლის ხორბლის მოსავალმა ბოლო ათწლეულის რეკორდი დაამყარა. სპეციალისტების შეფასებით, უხვმოსავლიანობა ძირითადად ნიადაგში დაგროვილმა ტენიანობის მარაგმა განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე უხვი ნალექი, ხოლო ზაფხულში მაღალი ტემპერატურა საგაზაფხულო საველე სამუშაოებსა და მოსავლის აღებას მნიშვნელოვნად ართულებდა.

31 ივლისის მდგომარეობით, არზგირის რაიონში მარცვლოვანი კულტურების აღება თითქმის დასრულებული იყო. მოსავალი აღებული იყო 115,9 ათასი ჰექტრიდან, რაც მთლიანი ფართობის 98%-ს შეადგენს. საშუალო მოსავლიანობამ 39,5 ცენტნერი/ჰექტარი (3,95 ტონა/ჰექტარი) შეადგინა.

რეგიონული სასოფლო-სამეურნეო ცენტრის ინფორმაციით, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რაიონის ყველაზე უხვმოსავლიანობის მაჩვენებელია.

პარალელურად მიმდინარეობს როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების მარცვლის ხარისხის შეფასება. 26 ივლისისათვის შემოწმებული იყო 34,97 ათასი ტონა მარცვალი, საიდანაც 10,5 ათასი ტონა სასურსათო ხორბალია, ხოლო დანარჩენი მეხუთე კლასის მარცვლეულს მიეკუთვნება.

სპეციალისტებმა ასევე შეაფასეს სათესლე დანიშნულების ნათესები, რომელთა საერთო ფართობი 11,2 ათას ჰექტარზე მეტია. შემოწმება ჩატარდა 134 მეურნეობაში და ყველა ნათესი გამოირჩეოდა მაღალი ჯიშობრივი სისუფთავით. შედეგად, აღნიშნული ფართობები ოფიციალურად აღიარებულია სათესლე დანიშნულების ნათესებად, რაც მეურნეობებს საშუალებას აძლევს მიღებული მოსავალი გამოიყენონ სათესლე მასალის წარმოების, გამრავლებისა და რეალიზაციისთვის.

რეგიონში გრძელდება ფიტოსანიტარიული მონიტორინგიც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კალიების და საერთოდ მავნებლების, გავრცელების კონტროლს.

სტავროპოლის მხარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს ნიადაგში დაგროვილმა ტენიანობამ მარცვლოვანი კულტურების უხვმოსავლიანობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ივლისის ბოლოსთვის რეგიონში უკვე 7 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული  იყო აღებული, ხოლო სეზონის დასრულებისათვის მოსალოდნელია, რომ საერთო მოსავალი 9,3 მილიონ ტონას გადააჭარბებს, რაც გასული წლის შედეგს აღემატება.

აღნიშნული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნიადაგში საკმარისი ტენიანობის დაგროვება, ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენება, ჯიშობრივი სისუფთავის დაცვა და დროული ფიტოსანიტარიული ღონისძიებები მარცვლოვანი კულტურების მაღალი და სტაბილური მოსავლიანობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობებია, მაშინაც კი, როდესაც სეზონის განმავლობაში ამინდი გარკვეულ სირთულეებს ქმნის.