მავნებლებთან ბრძოლის დროს ვფიქრობთ თუ არა დამმტვერიანებლების უსაფრთხოებაზე?
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მავნებლებთან ბრძოლა ხშირად გადაიქცევა ხოლმე უწყვეტ შეჯიბრად მოსავლის გადასარჩენად. თუმცა, აგრონომიულ პრაქტიკაში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება კითხვა _ უნებლიედ ხომ არ ვაზიანებთ იმ გარემოს, რომელიც თავადვე გვაძლევს მოსავალს?!
დამამტვერიანებელი მწერები, ჩვენი უხილავი, მაგრამ შეუცვლელი პარტნიორები, დღეს მრავალი საფრთხის წინაშე დგანან.
წინამდებარე მასალა მიზნად ისახავს, კიდევ ერხელ შეგახსენოთ, რა ადგილი უკავია ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას ფერმერთა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში და როგორ შეგვიძლია მავნებლების ეფექტიანი მართვა ბიომრავალფეროვნების ხელყოფის გარეშე.
გიფიქრიათ საქმიანობის პროცესში, რამდენად ხშირად ითვალისწინებთ დამმტვერიანებელი მწერების (ფუტკრების _ ბაზების და სხვა სასარგებლო ორგანიზმების) დაცვას, როდესაც მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს გეგმავთ?
ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რისთვისაც არ არსებობს „სწორი“ ან „მცდარი“ პასუხები. ჩვენი მიზანია, პრაქტიკაში გავიგოთ, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და როგორია სპეციალისტების ხედვა ინვაზიურ სახეობებს, დამმტვერიანებლებსა და მავნებლების მართვას შორის არსებულ კავშირზე.
რატომაა მნიშვნელოვანი დრო?
ავიღოთ კარტოფილის კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata). როდესაც ეს მავნებელი ნათესს აზიანებს, პირველი რეაქცია, ბუნებრივია, ინსექტიციდის გამოყენებაა. თუმცა, თუ პრეპარატს შევიტანთ ისე, რომ არ გავითვალისწინებთ შესხურების დროს, დამმტვერიანებლების აქტივობას ან კულტურის სიახლოვეს არსებული აყვავებულ მცენარეულობას, მავნებელთან ბრძოლის პროცესმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას სასარგებლო მწერებს. ეს კი მხოლოდ აისბერგის წვერია.
დღეს დამმტვერიანებლები მრავალი წნეხის ქვეშ არიან: ჰაბიტატების დაკარგვა, კლიმატური ცვლილებები, ინვაზიური სახეობების გავრცელება და საკვები რესურსების შემცირება. მათი პოპულაციის კლება არ არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით; ეს არის ადამიანის საქმიანობის შედეგად დაგროვებული მრავალ მიზეზთა ჯამი.
მავნებლებთან ბრძოლა არ შეიძლება იყოს იზოლირებული მოქმედება. ინსექტიციდების დროულობისა და შერჩევის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს იმ დამმტვერიანებლებს, რომლებზეც ჩვენი აგროსექტორის პროდუქტიულობაა დამოკიდებული.
საბოლოო ჯამში, მავნებლების მართვა უნდა გადავიდეს „სწრაფი რეაგირების“ მოდელიდან „ეკოსისტემურ მენეჯმენტზე“. ეს ნიშნავს შემდეგს:
- თითოეული შესხურება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ მავნებლის განადგურების კონტექსტში, არამედ იმ ფართო ქსელზე გავლენის თვალსაზრისით, რომელსაც ბიომრავალფეროვნება ჰქვია;
- დამმტვერიანებლების პრობლემები, ჰაბიტატების დაკარგვა და კლიმატური ცვლილებები, მოითხოვს მეტ ყურადღებას და არა მხოლოდ ქიმიურ ჩარევას;
- ინვაზიური სახეობების კონტროლი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ გავიაზრებთ იმ ორგანიზმების ბუნებას, რომელთა დაცვაც გვსურს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფერმერისთვის წარმატების ფორმულა უკვე აღარ არის მხოლოდ „მოსავლის რაოდენობა“, არამედ „ეკოლოგიურად მდგრადი წარმოება“. დამმტვერიანებლების დაცვა არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი მოვალეობა; ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენი მეურნეობის გრძელვადიან პროდუქტიულობასა და სასურსათო უსაფრთხოებაში.
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

