აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფუტკრეობა

ჰოლანდიელი მეფუტკრეების ნახევარი დარგიდან წასვლას ფიქრობს – მეცნიერები VSH-ფუტკრების გამოყვანაზე მუშაობენ

აზიური კრაზანა და ახალი პარაზიტული ტკიპის გავრცელების საფრთხე ევროპულ მეფუტკრეობას სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს.

ნიდერლანდებში მეფუტკრეობის მომავალი შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ჰოლანდიის მეფუტკრეთა ასოციაციისა (NBV) და ვაგენინგენის უნივერსიტეტის (WUR) ერთობლივი გამოკითხვი თანახმად, ქვეყანაში მეფუტკრეთა თითქმის ნახევარმა შესაძლოა მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში საქმიანობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტოს.

ამის მიზეზად ორი მთავარი ეკოლოგიური საფრთხე სახელდება – აზიური კრაზანის (Vespa velutina) სწრაფი და აზიური პარაზიტული ტკიპისTropilaelapsის ევროპაში მოსალოდნელი გავრცელება.

აზიური კრაზანაფუტკრის ოჯახებისთვის მზარდი საფრთხე

აზიური კრაზანა (Vespa velutina) ინვაზიური სახეობაა, რომელიც ევროპაში აზიიდან, კერძოდ ჩინეთიდან, გავრცელდა. 2026 წლისთვის ის ნიდერლანდებში უკვე დამკვიდრებულ სახეობად მიიჩნევა და მისი სრულად აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

კრაზანები განსაკუთრებით საფრთხეს უქმნიან ფუტკრებს. ისინი ხშირად სკის საფრენთან ელოდებიან საკვების მოსაპოვებლად გარეთ გასულ მუშა ფუტკრებს, იჭერენ მათ და ნადავლს საკუთარი ბუდის მატლების გამოსაკვებად იყენებენ.

ფუტკრის ოჯახისთვის პრობლემა მხოლოდ ცალკეული მუშა ფუტკრების დაკარგვა არ არის. კრაზანების მუდმივი ზეწოლის შედეგად ფუტკრები შესაძლოა ნაკლებად გავიდნენ სკიდან ნექტრისა და მტვრის მოსაპოვებლად. საბოლოოდ, საკვების დეფიციტი ოჯახს ასუსტებს და მისი არსებობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

ჰოლანდიელი მეფუტკრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში აზიური კრაზანის დედლების აღმოჩენისა და დაჭერის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი, სახელმწიფო მხარდაჭერილი პროგრამა არ ამოქმედდება, მეფუტკრეობის სექტორში დანაკარგები კიდევ უფრო გაიზრდება.

ახალი საფრთხეტკიპა Tropilaelaps

მეორე, შესაძლოა კიდევ უფრო რთული გამოწვევა აზიური წარმოშობის პარაზიტული ტკიპა Tropilaelaps გახდეს.

ეს ტკიპა თავდაპირველად გიგანტურ აზიურ თაფლის ფუტკართან (Apis dorsata) იყო დაკავშირებული, თუმცა შემდგომ ჩვეულებრივ თაფლის ფუტკრებზეც გავრცელდა.

2026 წლის დასაწყისისთვის Tropilaelaps-ის არსებობა ევროკავშირის საზღვრებთან უკვე დაფიქსირებული იყო, მათ შორის ბელარუსსა და უკრაინაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელება მნიშვნელოვანი რისკია.

მკვლევართა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ Tropilaelaps შესაძლოა ვაროა ტკიპაზე (Varroa destructor) უფრო სწრაფად გამრავლდეს.

ვაროა ფუტკრის ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პარაზიტია და დაუმუშავებელ ოჯახში დროთა განმავლობაში მის ძლიერ დასუსტებასა და დაღუპვას იწვევს. Tropilaelaps-ის სასიცოცხლო ციკლი უფრო მოკლეა და ის ძირითადად ფუტკრის გადაბეჭდილ ბარტყში ვითარდება.

ამის გამო პარაზიტის პოპულაცია შესაძლოა ძალიან სწრაფად გაიზარდოს და ფუტკრის ოჯახი რამდენიმე კვირაშიც კი კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

გარდა ამისა, ტკიპა შედარებით მცირე ზომისაა, რაც მისი ადრეულ ეტაპზე ვიზუალურად აღმოჩენას ართულებს.

განსაკუთრებით საშიშ სახეობებად მიიჩნევა Tropilaelaps clareae და Tropilaelaps mercedesae.

მეცნიერები გამოსავალს ფუტკრის ბუნებრივ თავდაცვაში ეძებენ

ვაგენინგენის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ქიმიურ საშუალებებზე დაყრდნობა პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს.

ზოგიერთი აკარიციდული საშუალება თავად ფუტკრებისთვისაც შეიძლება არასასურველი იყოს, ხოლო პარაზიტებს დროთა განმავლობაში სინთეზური პრეპარატების მიმართ გამძლეობა უვითარდებათ.

ამიტომ მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ დიაგნოსტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გენეტიკურ სელექციას.

eDNA — პარაზიტის აღმოჩენა მანამდე, სანამ მას დავინახავთ

ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა გარემოსდაცვითი დნმ-ის, ანუ eDNA-ის, გამოყენება.

ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მეცნიერებმა სკის საფრენიდან აღებული ნიმუშები, ან საფუტკრის მიმდებარე ჰაერისა და წყლის ნიმუშები შეისწავლონ.

ლაბორატორიული PCR-ტესტებისა და თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია Tropilaelaps-ის დნმ-ის უმცირესი კვალის აღმოჩენა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ინფიცირების აღმოჩენა შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე, მანამდე, სანამ პარაზიტის უშუალოდ ფუტკარზე შემჩნევა გახდება შესაძლებელი.

რა არის VSH-ფუტკარი?

მეცნიერების კიდევ ერთი მიმართულებაა ისეთი ფუტკრის ოჯახების შერჩევა და გამრავლება, რომლებსაც ე.წ. VSH-ქცევა ახასიათებთ.

VSH არის Varroa Sensitive Hygiene – „ვაროას მიმართ მგრძნობიარე ჰიგიენური ქცევა“.

ეს არ ნიშნავს ფუტკრის გენეტიკურ მოდიფიცირებას. საუბარია ბუნებაში უკვე არსებული სასარგებლო თვისების გამოვლენასა და სელექციის გზით გაძლიერებაზე.

VSH-ქცევის მქონე ფუტკრებს შეუძლიათ პარაზიტით დაზიანებული ბარტყის აღმოჩენა, უჯრედის გახსნა და დაზიანებული ბარტყის სკიდან მოცილება, რითაც ტკიპას გამრავლების ციკლი წყდება.

აღმოჩენა, რომელმაც მეფუტკრეობის მეცნიერებაში ახალი მიმართულება შექმნა

VSH-ქცევის შესწავლა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო აშშის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თაფლის ფუტკრის ლაბორატორიაში, ბატონრუჟში.

მკვლევრებმა ჯონ ჰარბომ და ჯეფრი ჰარისმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი ფუტკრის ოჯახი ვაროას ძლიერი გავრცელების პირობებშიც კი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას, მაშინ როცა მეზობელი ოჯახები სუსტდებოდა და იღუპებოდა.

მეცნიერებმა ამ გამძლე ოჯახების ქცევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი უპირატესობა მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეში არ მდგომარეობდა.

ეს ფუტკრები თითქოს საკუთარ სკაში მოქმედსანიტარულ სამსახურსქმნიდნენ – პოულობდნენ პარაზიტით დაზიანებულ ბარტყს, ხსნიდნენ უჯრედს და დაზიანებულ ბარტყს აშორებდნენ.

როგორ მუშაობს VSH-ქცევა?

ფუტკრის მიერ პარაზიტით დაზიანებული ბარტყის აღმოჩენის პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა.

  1. დაზიანებული ბარტყის აღმოჩენაყნოსვით

ფუტკრის მატლი ცვილის უჯრედში ვითარდება. მისი განვითარებისა და პუპაციამდე მისვლის გარკვეულ ეტაპზე უჯრედი ცვილის სახურავით იბეჭდება.

თუ ამ პერიოდში უჯრედში ვაროას მდედრი ტკიპაა, ის იქ მრავლდება და ბარტყს აზიანებს.

მუშა ფუტკარი უჯრედის შიგნით ვერ ხედავს, თუმცა მას ძალიან მგრძნობიარე ყნოსვის აპარატი აქვს, ულვაშები, ანუ ანტენები, რომლებიც მრავალი ქიმიური რეცეპტორითაა აღჭურვილი.

დაზიანებული ბარტყი და პარაზიტი სპეციფიკურ ქიმიურ სიგნალებს გამოყოფენ. VSH-ქცევის მქონე ფუტკრებს ამ სიგნალების ამოცნობა ცვილის სახურავის გარედანაც შეუძლიათ.

  1. უჯრედის გახსნა

როდესაც მუშა ფუტკარიხვდება“, რომ უჯრედში რაღაც არასწორად მიმდინარეობს, ის ცვილის სახურავს ხსნის და უჯრედის შიგთავსს ამოწმებს.

ზოგჯერ ფუტკარი მხოლოდ შემოწმებით შემოიფარგლება. თუ საფრთხე არ დადასტურდა, უჯრედი შეიძლება ხელახლა დაიბეჭდოს.

  1. დაზიანებული ბარტყის მოცილება

თუ ფუტკარი დაადასტურებს, რომ ბარტყში პარაზიტი აქტიურად მრავლდება, მუშა ფუტკრები დაზიანებულ ბარტყს უჯრედიდან იღებენ და სკიდან აგდებენ.

ამასთან ერთად, იღუპება ტკიპის განვითარებადი შთამომავლობაც, რომელიც ბეჭდური უჯრედის გარეთ არსებობას ვერ ახერხებს.

ამგვარად ფუტკრის ოჯახი პარაზიტის გამრავლების ციკლს წყვეტს და მისი პოპულაციის სწრაფ ზრდას ხელს უშლის.

რატომ არის VSH-ფუტკრების გამოყვანა რთული?

VSH-ქცევის მქონე ფუტკრების მიღება ჩვეულებრივი სელექციის გზით მარტივი არ არის.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ფუტკრის დედის შეწყვილების თავისებურებაა, დედა ფუტკარი რამდენიმე ათეულ მამრ ფუტკართან შეიძლება შეწყვილდეს, რის გამოც სასურველი გენეტიკური ნიშნების შენარჩუნება რთულდება.

ამიტომ თანამედროვე კვლევებში უფრო ზუსტი მეთოდები გამოიყენება.

ხელოვნური განაყოფიერება – დედა ფუტკრის განაყოფიერება წინასწარ შერჩეული, VSH-თვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე მამრი ფუტკრების სპერმით.

მარკერული სელექცია (MAS) – ფუტკრის მცირე გენეტიკური ნიმუშის გამოკვლევა და იმ კონკრეტული მოლეკულური მარკერების მოძიება, რომლებიც VSH-ქცევასთან დაკავშირებულ ნიშნებზე მიუთითებს.

თუ სასურველი მარკერები აღმოჩნდება, ასეთი ოჯახი შემდგომი სელექციისთვის შეირჩევა.

 გაუმკლავდებიან თუ არა VSH-ფუტკრები Tropilaelaps?

ამჟამად მეცნიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, შეძლებენ თუ არა VSH-ქცევის მქონე ფუტკრები ახალი აზიური ტკიპის – Tropilaelaps-ის წინააღმდეგაც იმავე თავდაცვითი მექანიზმის გამოყენებას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ Tropilaelaps ვაროაზე უფრო სწრაფად ვითარდება და მრავლდება.

თუ კვლევები დაადასტურებს, რომ VSH-ფუტკრებს Tropilaelaps-ით დაზიანებული ბარტყის ამოცნობაც შეუძლიათ, მეფუტკრეობას შესაძლოა ახალი, ბიოლოგიურად უსაფრთხო თავდაცვის მექანიზმი ჰქონდეს.

რა მნიშვნელობა აქვს ამას მეფუტკრეებისთვის?

მეფუტკრეობის მომავალი სულ უფრო მეტად უკავშირდება არა მხოლოდ დაავადებებისა და პარაზიტების წინააღმდეგ პრეპარატების გამოყენებას, არამედ ფუტკრის საკუთარი ბუნებრივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც.

VSH-სელექცია სწორედ ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია. თუ მეცნიერები შეძლებენ ისეთი ფუტკრის ხაზების მიღებას, რომლებიც ეფექტიანად ამოიცნობენ და ანადგურებენ პარაზიტით დაზიანებულ ბარტყს, მეფუტკრეს შესაძლოა ქიმიურ საშუალებებზე ნაკლები დამოკიდებულება ჰქონდეს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკასაც. eDNA-ს მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში შესაძლებლობას მისცემს მეფუტკრეს, ინფექციის ან პარაზიტის არსებობა ჯერ კიდევ მანამდე აღმოაჩინოს, სანამ ოჯახი თვალსაჩინოდ დასუსტდება.

ევროპული მეფუტკრეობა ახალი ეპოქის გამოწვევების წინაშე დგას. კლიმატის ცვლილებასთან ერთად იზრდება ინვაზიური სახეობებისა და ახალი პარაზიტების გავრცელების რისკი. აზიური კრაზანა უკვე რეალური პრობლემაა, ხოლო Tropilaelaps-ის ევროპაში გავრცელების საფრთხე მეცნიერებსა და მეფუტკრეებს წინასწარ მოქმედების აუცილებლობას უჩვენებს.

ამ პირობებში განსაკუთრებით პერსპექტიულად გამოიყურება ფუტკრის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმების გამოყენება, გენეტიკური სელექცია და ადრეული დიაგნოსტიკა.

VSH-ფუტკრების კვლევა სწორედ ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაძლოა, მეფუტკრეობის მომავლის მთავარი იარაღი მხოლოდ ახალი პრეპარატი კი არა, ისეთი ფუტკარი გახდეს, რომელსაც საკუთარი ოჯახის დაცვა პარაზიტის წინააღმდეგ ბუნებრივად შეუძლია.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა