ბლოგიმედია

ზღვის წყალმცენარეები _ იოდით მდიდარი საკვები, რომლის მიმართაც სიფრთხილეც საჭიროა

ცილები, კალციუმი, ვიტამინები, ბოჭკოვანი ნივთიერებები და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იოდი, ზღვის წყალმცენარეები სულ უფრო ხშირად იკავებს ადგილს ჯანსაღი კვების თანამედროვე რაციონში. თუმცა მათი გამოყენებისას მნიშვნელოვანია ზომიერება, რადგან ზოგიერთი სახეობა დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს.

ზღვის წყალმცენარეები ზღვის ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ბოლო წლებში ისინი მხოლოდ ეკოლოგებისა და ზღვის ბიოლოგების ინტერესის საგანი აღარ არის. მსოფლიოში მათი საკვებად  გამოყენება საუკუნეების განმავლობაში იყო გავრცელებული, დღეს კი წყალმცენარეებს ხელახლა აღმოაჩენენ როგორც ნუტრიენტებით მდიდარ საკვებ პროდუქტს.

აზიაში ზღვის წყალმცენარეები ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. იაპონურ სამზარეულოში კომბუ, ნორი და ვაკამე საყოველთაოდ გავრცელებული, კორეაში პოპულარულია ზღვის წყალმცენარეების სუპი, ჩინეთში კი მათ საკვებად და ტრადიციულ მედიცინაშიც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

თუმცა ზღვის წყალმცენარეების ისტორია მხოლოდ აზიით არ შემოიფარგლება. მათი გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში:  ირლანდიაში, შოტლანდიაში, ისლანდიასა და უელსში.

დღეს ზღვის წყალმცენარეების მიმართ ინტერესი რამდენიმე მიზეზით იზრდება: ისინი დაბალკალორიულია, შეიცავს ბოჭკოს, მინერალებსა და მიკროელემენტებს, ხოლო ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებით მდიდარია იოდით.

რა არის ზღვის წყალმცენარეები?

ზღვის წყალმცენარეები საკვებად ვარგისი მაკროწყალმცენარეებია, რომლებიც ძირითადად სანაპირო ზოლში, ქვებზე ან წყალში იზრდება. მათი ათასობით სახეობა არსებობს, თუმცა საკვებად გამოყენებული ფორმები პირობითად სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • ყავისფერი წყალმცენარეები — მათ შორის კელპი, კომბუ და ვაკამე;
  • წითელი წყალმცენარეები — ნორი და დულსი;
  • მწვანე წყალმცენარეები — მათ შორის ზღვის სალათა.

სხვადასხვა ჯგუფისა და სახეობის სასურსათო ღირებულება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომ ზღვის წყალმცენარეების ერთიანი პროფილის განსაზღვრა რთულია.

ზოგი სახეობა განსაკუთრებით მდიდარია ცილით, ზოგი — იოდით, ზოგი კი კალციუმით ან რკინით. სწორედ ამიტომ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანი ზღვის წყალმცენარეებს რაციონში ამატებს, სასურველია მხოლოდ ერთი სახეობის ნაცვლად სხვადასხვა სახეობის ზომიერი გამოყენება.

უძველესი საკვები, რომელიც თანამედროვე კვებაში ბრუნდებ

ადამიანები ზღვის წყალმცენარეებს ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ. არქეოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ სანაპირო დასახლებებში მათი შეგროვება 10 ათას წელზე მეტი ხნის წინაც ხდებოდა.

ძველ საზოგადოებებში ადამიანები ხშირად იყენებდნენ იმ საკვებს, რომელიც მათ საცხოვრებელ გარემოში ბუნებრივად იყო ხელმისაწვდომი. ზღვის სანაპიროს მოსახლეობისთვის წყალმცენარეები სწორედ ასეთი რესურსი იყო, იოლად მოსაპოვებელი და მინერალებითა და ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარი საკვები.

იაპონიაში კომბუ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია დაშის, ტრადიციული ბულიონის, მომზადებისას. ნორი ფართოდ გამოიყენება სუშის მოსამზადებლად, ვაკამე კი სუპებსა და სალათებში გვხვდება.

კორეაში ზღვის წყალმცენარეების სუპი, ე.წ. მიიოკ-გუკი, ტრადიციული კერძია. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი წყალმცენარეებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ გამხმარ ან შემწვარ მდგომარეობაში.

უელსში ლავერბრედი — ლავერის წყალმცენარეებისგან მომზადებული ტრადიციული პროდუქტი ადგილობრივი სამზარეულოს ნაწილია. ირლანდიასა და შოტლანდიაში დულსის გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს.

ზღვის წყალმცენარეების უმეტესობა ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს. სასურსათედ გამოყენებულ სახეობებში ცხიმის შემცველობა 0,1-3 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, თუმცა კონკრეტული მაჩვენებელი სახეობისა და დამუშავების მეთოდის მიხედვით იცვლება.

ასევე დაბალია მათი კალორიულობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყალმცენარეებს სხვა მაღალკალორიულ საკვებთან შედარებით ვაფასებთ.

ამასთან, მათი მთავარი უპირატესობა მხოლოდ დაბალი ენერგეტიკული ღირებულება არ არის. ზღვის წყალმცენარეებში კონცენტრირებულია მრავალი მინერალური ნივთიერება და მიკროელემენტი.

მაგალითად:

ნორი შედარებით მაღალი ცილის შემცველობით გამოირჩევა და მშრალ მასაში ცილის წილი ზოგიერთ წყაროში დაახლოებით 45 პროცენტამდეა შეფასებული.

კელპის ჯგუფის წყალმცენარეები, მათ შორის კომბუ და ვაკამე, განსაკუთრებით მდიდარია იოდით.

ზღვის სალათა რკინის წყაროდ მიიჩნევა, ხოლო ვაკამე და ზოგიერთი სხვა ყავისფერი წყალმცენარე კალციუმით გამოირჩევა.

ამიტომ სასურსათე თვალსაზრისით საინტერესოა სხვადასხვა ჯგუფის წყალმცენარეების მონაცვლეობით გამოყენება.

რომელი ვიტამინები და მინერალები გვხვდება წყალმცენარეებში?

ზღვის წყალმცენარეებს ზოგჯერ „ზღვის ბოსტნეულსაც“ უწოდებენ, რადგან მათში მრავალი საკვები ნივთიერებაა თავმოყრილი.

სახეობის მიხედვით მათში შეიძლება გვხვდებოდეს:

  • A, B ჯგუფის, C, D, E და K ვიტამინები;
  • კალციუმი;
  • რკინა;
  • მაგნიუმი;
  • კალიუმი;
  • იოდი;
  • სხვა მიკროელემენტები.

გარდა ამისა, ზოგიერთი წყალმცენარე შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს, მათ შორის ომეგა-3-ის გარკვეულ ფორმებს.

საინტერესოა ისიც, რომ თევზის ორგანიზმში არსებული ომეგა-3-ის პირველადი წყარო თავად წყალმცენარეებია, ზღვის კვებით ჯაჭვში თევზები მას საბოლოოდ წყალმცენარეებიდან იღებენ.

ზღვის წყალმცენარეები ასევე შეიცავს პრებიოტიკურ ნივთიერებებს. პრებიოტიკები კი ნაწლავის სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის საკვებია და, შესაბამისად, ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის ნორმალურ ფუნქციონირებას.

იოდი — ზღვის წყალმცენარეების მთავარი თავისებურება

არსებობს ერთი ნივთიერება _ იოდი, რომელიც ზღვის წყალმცენარეებს სხვა მცენარეული საკვებისგან განსაკუთრებით გამოარჩევს.

იოდი აუცილებელი მიკროელემენტია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობს. ეს ჰორმონები ორგანიზმში მრავალ პროცესზე ახდენს გავლენას, მათ შორის ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაზე.

იოდის საკმარისი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში, რადგან იოდის დეფიციტმა შეიძლება ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს.

იოდის დეფიციტის შესაძლო ნიშნებს შორის მოიაზრება:

  • მუდმივი დაღლილობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • ყურადღებისა და კონცენტრაციის გაძნელება;
  • აუხსნელი წონის მატება;
  • თმის ცვენა;
  • კანის სიმშრალე;
  • ყაბზობა;
  • სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • გულისცემის შენელება;
  • ფარისებრი ჯირკვლის გადიდება.

თუმცა მსგავსი სიმპტომები მხოლოდ იოდის დეფიციტისთვის არ არის დამახასიათებელი და მათი არსებობა დიაგნოზს არ ნიშნავს.

ზღვის წყალმცენარეების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მათი დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ზედმეტი იოდის მიღება გამოიწვიოს.

განსაკუთრებით მაღალი იოდის შემცველობით გამოირჩევა ყავისფერი წყალმცენარეების ზოგიერთი სახეობა, მათ შორის კელპი და კომბუ.

ამიტომ ზღვის წყალმცენარეები არ უნდა განვიხილოთ პრინციპით — „რაც მეტი, მით უკეთესი“.

იოდის როგორც დეფიციტმა, ისე ჭარბმა მიღებამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე არასასურველი გავლენა მოახდინოს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერება.

რამდენი წყალმცენარე შეიძლება მივირთვათ?

ზღვის წყალმცენარეები ხშირად გამხმარი სახით იყიდება. გაშრობისას წყლის დაკარგვის გამო მათში საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია იზრდება.

ამიტომ მათი ულუფა ჩვეულებრივ ძალიან მცირეა.

ზოგიერთ წყაროში აღნიშნულია, რომ დღეში დაახლოებით 3-5 გრამი გამხმარი წყალმცენარე შეიძლება საკმარისი იყოს რაციონში მათი კომპონენტების შესატანად. თუმცა ეს არ წარმოადგენს უნივერსალურ რეკომენდაციას, რადგან იოდის შემცველობა სახეობებს შორის შესაძლოა მრავალჯერ განსხვავდებოდეს.

ამიტომ მთავარი პრინციპია ზომიერი და მრავალფეროვანი გამოყენება, ვიდრე დიდი რაოდენობით ერთჯერადი მოხმარება.

საკვები დანამატი თუ ბუნებრივი პროდუქტი?

ბაზარზე დღეს უამრავი ზღვის წყალმცენარეების შემცველი საკვები დანამატი იყიდება. მათი ნაწილი ფხვნილის, კაფსულის ან აბების სახითაა წარმოდგენილი, თუმცა დანამატის არჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ბუნებრივი პროდუქტისგან განსხვავებით, კონცენტრირებულ დანამატში შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობით იყოს თავმოყრილი კონკრეტული ნივთიერება, განსაკუთრებით იოდი. ამიტომ ზღვის წყალმცენარეების საკვები დანამატები არ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ იმის გამო, რომ პროდუქტი „ბუნებრივია“. ბუნებრივი წარმოშობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი დოზა უსაფრთხოა.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე ადამიანები და ისინი, ვინც შესაბამის მედიკამენტებს იღებს.

როგორ გამოვიყენოთ ზღვის წყალმცენარეები საკვებში?

იაპონური სამზარეულოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა. კომბუს ხშირად იყენებენ დაშის მოსამზადებლად, წყალმცენარეების ადუღებისას მისი იოდის ნაწილი წყალში გადადის, რაც საბოლოო პროდუქტში იოდის რაოდენობას ცვლის.

ასევე პოპულარულია მისოს სუპი, რომელშიც ზღვის წყალმცენარეები ფერმენტირებულ მისოს პროდუქტთან ერთად გამოიყენება.

მისო ფერმენტირებული პროდუქტია და შეიცავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის საინტერესო კომპონენტებს წარმოადგენენ.

ზღვის წყალმცენარეების გამოყენება შესაძლებელია:

  • სუპებში;
  • სალათებში;
  • ბრინჯის კერძებში;
  • ბოსტნეულის კერძებში;
  • თევზის კერძებთან;
  • სუშისა და სხვა აზიური კერძების მომზადებისას.

მნიშვნელოვანია, რომ წყალმცენარეები არ გახდეს რაციონის მთავარი ნაწილი. მათი გამოყენების მიზანი მრავალფეროვანი კვების რაციონის გამდიდრებაა.

რატომ არის ზღვის წყალმცენარეები საინტერესო სოფლის მეურნეობისთვის?

ზღვის წყალმცენარეების მნიშვნელობა მხოლოდ სასურსათო მნიშვნელობით არ შემოიფარგლება. ისინი თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვისაც საინტერესო ბიორესურსია.

მსოფლიოში ზღვის წყალმცენარეებისგან სხვადასხვა ბიოსტიმულატორი და აგრარული დანიშნულების პროდუქტი მზადდება. წყალმცენარეების ექსტრაქტები გამოიყენება მცენარის ზრდის ხელშეწყობისა და სტრესისადმი გამძლეობის გასაზრდელად.

განსაკუთრებით საინტერესოა მათი გამოყენება გვალვის, მაღალი ტემპერატურისა და სხვა არასასურველი პირობების დროს. წყალმცენარეებში არსებული ბიოაქტიური ნაერთები და მინერალური კომპონენტები შეიძლება ეფექტიანი იყოს მცენარეთა ფიზიოლოგიური პროცესების მხარდასაჭერად.

ამ მიმართულებით ზღვის წყალმცენარეები წარმოადგენს საინტერესო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ზღვის ბიორესურსების ჩართვა არა მხოლოდ კვების, არამედ აგრარული ტექნოლოგიების განვითარებისთვისაც.

და კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: იგივე ზღვის მცენარეები, რომლებსაც ადამიანი დღეს ჯანსაღი კვების პროდუქტად უბრუნდება, სოფლის მეურნეობაშიც სულ უფრო მეტად განიხილება როგორც ბიოსტიმულატორებისა და ეკოლოგიურად ორიენტირებული აგრარული ტექნოლოგიების ნედლეული.

ეს კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ზღვის ბიორესურსების გონივრულ და მდგრად გამოყენებას როგორც კვების, ისე თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

მოამზადა ნესტან გუგუშილმა