ხორბლის მოყვანა ჰერბიციდების გარეშე შესაძლებელია, მაგრამ რა ჯდება ეს შვეიცარიაში?
შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშემოდგომო ხორბლის სარეველებისგან დაცვა ქიმიური ჰერბიციდების გარეშეც შესაძლებელია. თუმცა, ამისთვის საჭიროა მეტი ტექნიკა, საწვავი, სამუშაო დრო და ზუსტი აგროტექნოლოგია.
დღეს მარცვლეულის ინტენსიურ წარმოებაში სარეველების კონტროლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ჰერბიციდებია. მათი გამოყენება ფერმერს საშუალებას აძლევს, შედარებით სწრაფად და ნაკლები ტექნიკური ოპერაციით დაიცვას ნათესი სარეველებისგან, თუმცა პესტიციდების გამოყენების შემცირება სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც გარემოსდაცვითი, ისე აგრარული პოლიტიკის თვალსაზრისით.
შვეიცარიაში ჩატარებულმა მრავალწლიანმა კვლევამ საინტერესო შედეგი აჩვენა: საშემოდგომო ხორბლის მოყვანა ჰერბიციდების გარეშე შესაძლებელია და ასეთ შემთხვევაში მოსავლიანობა ტრადიციულ ტექნოლოგიასთან შედარებით შეიძლება მნიშვნელოვნად არ შემცირდეს. თუმცა ეს შედეგი მხოლოდ რამდენიმე აგროტექნიკური ღონისძიების ერთობლიობით, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უფრო მაღალი დანახარჯებით მიიღწევა.
ოთხწლიანი კვლევა რეალურ გარმოში
შვეიცარიის სახელმწიფო აგრარული კვლევითი ცენტრის Agroscope-ის მეცნიერებმა 2020-2023 წლებში ქვეყნის მასშტაბით 94 საშემოდგომო ხორბლის ნაკვეთი შეისწავლეს.
კვლევის მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ ექსპერიმენტი ლაბორატორიულ პირობებში კი არა, რეალურ ფერმერულ მეურნეობებში ჩატარდა. ერთმანეთს შეადარეს ორი სისტემა: ნაკვეთები, სადაც სარეველების კონტროლისთვის სტანდარტული ჰერბიციდები გამოიყენებოდა და ნაკვეთები, სადაც ქიმიური ჰერბიციდები საერთოდ არ გამოიყენებოდა.
ჰერბიციდების ნაცვლად ფერმერები მიმართავდნენ კომპლექსურ აგროტექნიკურ ღონისძიებებს:
- თესვის ვადის შეცვლას;
- თესვის ნორმის კორექტირებას;
- ე.წ. „ცრუ სათესლე მოლის“ მეთოდს;
- ნიადაგის მექანიკურ დამუშავებას;
- ნათესში მცენარეთა ოპტიმალური სიმჭიდროვის შექმნას.
კვლევის შედეგებით, ჰერბიციდების გარეშე მოყვანილი ხორბლის მოსავლიანობა, საერთო ჯამში, ტრადიციული ტექნოლოგიით მიღებულ მოსავალთან ანალოგიური აღმოჩნდა. ამასთან, ჰერბიციდების გარეშე ნაკვეთების უმეტესობაზე სარეველების რაოდენობა გასაკნონტროლებელ დონეზე დარჩა.
მხოლოდ ცალკეულ ნაკვეთებზე აღინიშნა სარეველების ისეთი რაოდენობა, რომელსაც შეეძლო ხორბლის მოსავლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა.
შვეიცარიელი მკვლევრების ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რომ ჰერბიციდების შეცვლა მხოლოდ ერთი აგროტექნიკური ღონისძიებით შეუძლებელია.
ეფექტიანი შედეგი რამდენიმე მეთოდის ერთობლივი გამოყენებით მიიღწევა: თესვის სწორი ვადის შერჩევა, ნიადაგის დამუშავება და ნათესის ოპტიმალური სიმჭიდროვე ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული.
მაგალითად, თესვის ვადის გარკვეული ცვლილება საშუალებას იძლევა, სარეველების ნაწილი ხორბალზე ადრე აღმოცენდეს და შემდეგ ნიადაგის დამუშავებით განადგურდეს. სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება „ცრუ სათესლე მოლის“ მეთოდიც: სარეველებს ხელოვნურად აძლევენ აღმოცენების საშუალებას, შემდეგ კი მათ ანადგურებენ ხორბლის დათესვამდე.
რომელი ტექნიკით ცვლიან ჰერბიციდებს?
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მექანიკურ სარეველების კონტროლს. ამისთვის ძირითადად ორი ტიპის ტექნიკა გამოიყენებოდა.
კბილებიანი, მსუბუქი ფარცხი
პირველ ეტაპზე გამოიყენებოდა მსუბუქი, მოქნილი კბილებიანი ფარცხი, რომელიც მთელ ზედაპირზე მუშაობს.
მისი დანიშნულება ნიადაგიდან ახლადაღმოცენებული, პატარა სარეველების ამოღებაა. ასეთი სარეველები განვითარების ადრეულ ეტაპზე, ე.წ. „თეთრი ძაფის“ ფაზაში, მექანიკური ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
სწორად გამოყენების შემთხვევაში ფარცხი ნაკლებად აზიანებს უკვე დაფესვიანებულ ხორბალს, ხოლო მცირე ზომის სარეველებს ანადგურებს.
მწკრივთაშორისი კულტივატორი
მოგვიანებით, როდესაც სარეველები უკვე შედარებით დიდი ზომის ხდება, გამოიყენება უფრო მძიმე, მწკრივთაშორისი კულტივატორი.
მისი სამუშაო ორგანოები სარეველების ფესვებს ძირითადად მწკრივებს შორის ჭრის. თუმცა ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება თავიდანვე ხორბლის უფრო ფართო მწკრივებში თესვას მოითხოვს, რათა კულტივატორმა მცენარეები არ დააზიანოს.
რამდენჯერ შედის ტექნიკა ნათესში?
შვეიცარიის გამოცდილებით, შემოდგომაზე, თესვის შემდეგ, ხორბლის აღმოცენების პერიოდში, ფარცხით დამუშავება შეიძლება ერთ–ორჯერ ჩატარდეს.
ამით შესაძლებელია სარეველების შემოდგომის პირველი ტალღის კონტროლი, სანამ ხორბალი გამოზამთრების ფაზაში შევა.
გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ და ხორბლის ბარტყობის პერიოდში, მექანიკური დამუშავება შეიძლება კიდევ ერთ–ორჯერ გახდეს საჭირო.
თუ ნაკვეთი შედარებით სუფთაა, ერთი მსუბუქი დამუშავებაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. მაგრამ ნოტიო გაზაფხულისა და ინტენსიური სარეველების განვითარების შემთხვევაში შესაძლოა მწკრივთაშორისი კულტივატორის გამოყენებაც გახდეს საჭირო.
შემდეგ, როდესაც ხორბალი კარგად განვითარდება და მწკრივებს შეავსებს, მისი ფოთლოვანი მასა თავად იწყებს სარეველების კონკურენტუნარიანობის შემცირებას და მექანიკური სარეველების კონტროლის საჭიროებაც მცირდება.
ჰერბიციდებისგან თავისუფალი ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყოველი დამატებითი გავლა ტექნიკით ზრდის ხორბლის დაზიანების რისკს.
ბორონის კბილებმა ან კულტივატორის სამუშაო ორგანოებმა შესაძლოა კულტურული მცენარეების ნაწილი დააზიანოს, ამოყაროს ან ნიადაგით დაფაროს.
თუ სარეველების მაღალი გავრცელების გამო ფერმერს ნაკვეთის ოთხჯერ დამუშავება უწევს ორის ნაცვლად, ხორბლის ფესვებისა და ღეროების დაზიანების რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება.
ამიტომ შვეიცარიელი მკვლევრები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს თესვის ვადის სწორად შერჩევას. სწორად შერჩეული თესვის პერიოდი სარეველების რაოდენობას თავიდანვე ამცირებს და შემდგომი მექანიკური დამუშავების საჭიროებასაც ამცირებს.
კიდევ ერთი პრობლემა — ნიადაგის სტრუქტურა
მრავალჯერადი მექანიკური დამუშავება მხოლოდ კულტურულ მცენარეს საფრთხეს არ უქმნის.
მძიმე ტექნიკის ხშირი გადაადგილება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნიადაგის სტრუქტურაზე და გაზარდოს ნიადაგის გამკვრივების რისკი.
ტრადიციულ სისტემაში შესაწამლი ტექნიკა, როგორც წესი, ნაკვეთში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში ორჯერ შედის. მექანიკური სარეველების კონტროლის დროს კი ტექნიკის გადაადგილება შეიძლება ოთხჯერ ან მეტჯერ გახდეს საჭირო.
ამიტომ ჰერბიციდების გარეშე წარმოება არ ნიშნავს უბრალოდ „ქიმიის ტექნიკით ჩანაცვლებას“. საჭიროა ტექნიკის წონის, საბურავების, სამუშაო დროისა და ნიადაგის მდგომარეობის გათვალისწინება.
კვლევის ეკონომიკური მხარე განსაკუთრებით საინტერესოა ფერმერებისთვის.
ტრადიციული, ქიმიური სარეველების კონტროლი
ჰერბიციდის გამოყენებისას ძირითადი ხარჯებია:
- ჰერბიციდის შეძენა;
- შესაწამლი ტექნიკისა და ტრაქტორის ექსპლუატაცია;
- საწვავი;
- მექანიზატორის შრომა.
მოცემული შვეიცარიული შეფასებით, ხარისხიანი სისტემური ჰერბიციდის ღირებულება ზამთრის ხორბალში დაახლოებით 35-50 ევროა ჰექტარზე.
შესაწამლი ტექნიკა შედარებით სწრაფად მუშაობს და ნაკვეთის დამუშავება, როგორც წესი, ერთ გავლაზე სრულდება, იშვიათად — ორზე.
სარეველების მექანიკური კონტროლი
აქ ჰერბიციდის ხარჯი ნულოვანია, მაგრამ იზრდება სხვა დანახარჯები.
მექანიკური სამუშაოები უფრო ენერგოტევადია. კვლევაში მოყვანილი შეფასებით, ერთი გავლა შეიძლება დაახლოებით 6-12 ლიტრ დიზელის საწვავს მოითხოვდეს ჰექტარზე.
თუ სეზონის განმავლობაში ტექნიკა ნაკვეთში 2-4-ჯერ შედის, საწვავის საერთო ხარჯმა შესაძლოა 25-40 ლიტრს მიაღწიოს ჰექტარზე.
ამას ემატება:
- მექანიზატორის დამატებითი სამუშაო დრო;
- ტექნიკის ცვეთა;
- სამუშაო ორგანოების, საკისრებისა და სხვა დეტალების ცვეთა;
- ტექნიკური მომსახურების დამატებითი ხარჯები.
შედეგად, მოცემული ეკონომიკური შეფასების მიხედვით, მექანიკური სარეველების კონტროლი ქიმიურ მეთოდზე დაახლოებით 30-50%-ით ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს.
რატომ იყენებს შვეიცარია მაინც ამ სისტემას?
თუ ჰერბიციდების გარეშე წარმოება უფრო ძვირია, მაშინ ჩნდება მთავარი კითხვა — რატომ არის ასეთი სისტემა შვეიცარიის აგრარული პოლიტიკის დღის წესრიგში?
პასუხი დაკავშირებულია სახელმწიფო მხარდაჭერასთან.
შვეიცარია პესტიციდების გამოყენების შემცირებას აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად განიხილავს. შესაბამისად, ფერმერებს, რომლებიც პესტიციდებზე უარს ამბობენ, სახელმწიფო შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.
მოცემული მასალის მიხედვით, ჰერბიციდების სრულად არგამოყენებისთვის ფერმერის პირდაპირი მხარდაჭერა შეიძლება ჰექტარზე 190 შვეიცარიულ ფრანკამდე აღწევდეს.
ამას ემატება ბაზრის ფაქტორიც, ჰერბიციდების გარეშე წარმოებულ მარცვლეულს შესაძლოა უფრო მაღალი, ე.წ. „მწვანე“ შესყიდვის ფასი ჰქონდეს.
ამრიგად, ფერმერისთვის ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ ჰერბიციდის არშეძენით არ განისაზღვრება. საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს სახელმწიფო სუბსიდია, პროდუქტის საბაზრო ფასი, საწვავის ღირებულება, ტექნიკის ხელმისაწვდომობა და მეურნეობის მასშტაბი.
რას ნიშნავს ეს ქართული სოფლის მეურნეობისთვის?
შვეიცარიის გამოცდილება პირდაპირი ფორმით საქართველოში გადმოსატანი ტექნოლოგია არ არის. განსხვავებულია კლიმატი, ნიადაგები, მეურნეობების ზომა, ტექნიკური აღჭურვა და სარეველების სახეობრივი შემადგენლობა.
თუმცა კვლევის მთავარი გზავნილი მნიშვნელოვანია: ჰერბიციდების გამოყენების შემცირება მხოლოდ ქიმიური საშუალებების აკრძალვით ვერ მიიღწევა. ამისთვის საჭიროა სარეველების ინტეგრირებული მართვის სისტემა.
ქართული მეურნეობებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს ისეთი მიდგომები, როგორიცაა თესვის ვადის სწორად შერჩევა, ცრუ სათესლე მოლის გამოყენება, ნიადაგის სათანადო დამუშავება, კულტურათა მონაცვლეობა, ნათესის ოპტიმალური სიმჭიდროვის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მექანიკური სარეველების კონტროლი.
ამასთან, ფერმერმა წინასწარ უნდა შეაფასოს ტექნიკის, საწვავისა და შრომის ღირებულება. ზოგიერთ შემთხვევაში ჰერბიციდის გამოყენების შემცირება შეიძლება ეკონომიკურად გამართლებული იყოს, მაგრამ სხვა მეურნეობაში მექანიკური კონტროლის ხარჯმა მიღებულ სარგებელს გადააჭარბოს.
შვეიცარიის მრავალწლიანმა კვლევამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ საშემოდგომო ხორბლის მოყვანა ჰერბიციდების გარეშეც შესაძლებელია და მოსავლიანობა აუცილებლად არ მცირდება. თუმცა ეს არ არის მარტივი ან იაფი ალტერნატივა.
ჰერბიციდების ჩანაცვლება მოითხოვს ზუსტ აგრონომიულ დაგეგმვას, შესაბამის ტექნიკას, გამოცდილ მექანიზატორს, მეტ საწვავსა და სამუშაო დროს. ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ უნდა იყოს, „შეიძლება თუ არა ხორბლის მოყვანა ჰერბიციდების გარეშე?“ — პასუხი უკვე ცნობილია: შეიძლება.
უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: არის თუ არა კონკრეტული მეურნეობისთვის ეს ტექნოლოგია ეკონომიკურად გამართლებული?
შვეიცარიის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პასუხი დამოკიდებულია არა მხოლოდ მოსავლიანობაზე, არამედ მთლიან ეკონომიკურ ჯაჭვზე, ტექნიკის ღირებულებაზე, საწვავის ფასზე, შრომის დანახარჯზე, პროდუქტის გასაყიდ ფასსა და სახელმწიფო მხარდაჭერაზე.
ამიტომ მომავლისთვის ყველაზე რეალისტურ გზად შესაძლოა არა ჰერბიციდების სრულად უარყოფა, არამედ სარეველების ინტეგრირებული მართვა იქცეს, როდესაც ქიმიური, მექანიკური და აგროტექნიკური მეთოდები ერთმანეთის შემცვლელად კი არა, საჭიროების მიხედვით ერთმანეთის შემავსებლად გამოიყენება.
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

