აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

რომელი ქათმის ჯიში შევარჩიოთ საკარმიდამო მეურნეობისთვის?

საკარმიდამო მეურნეობაში ქათმის ჯიშის შერჩევა პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მეურნეობის მიზნით გვინდა ბევრი კვერცხი, ხორცი თუ ორივე ერთად.

მნიშვნელოვანია ასევე ფრინველის ადგილობრივ კლიმატთან შეგუება, საკვების ხარჯი, დაავადებებისადმი გამძლეობა და მოვლის პირობები.

კვერცხის მიმართულების ჯიშები

თეთრი ლეგჰორნი (Leghorn) – კვერცხის მაღალი პროდუქტიულობით გამორჩეული ჯიშია. სათანადო კვებისა და მოვლის პირობებში შეუძლია წელიწადში დაახლოებით 280-320 თეთრი კვერცხის მოცემა. მსუბუქი აგებულება აქვს, აქტიური და მოძრავია, კრუხობის ინსტინქტი კი სუსტად აქვს გამოხატული. მისი ძირითადი დანიშნულება კვერცხის წარმოებაა და ხორცის მიმართულებით ნაკლებად საინტერესოა.

თუ საკარმიდამო მეურნეობის მთავარი მიზანი კვერცხის მაქსიმალური რაოდენობის მიღებაა, ლეგჰორნი ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტია.

ორმაგი პროდუქტიულობის ჯიშები – კვერცხი და ხორცი

საკარმიდამო მეურნეობისთვის ხშირად უფრო მოსახერხებელია ისეთი ჯიშების არჩევა, რომლებიც ერთდროულად იძლევიან კვერცხსაც და ხორცის მიღების შესაძლებლობასაც.

როუდ-აილენდ-რედი (Rhode Island Red) – ერთ-ერთი გავრცელებული ორმაგი მიმართულების ჯიშია. სათანადო პირობებში წელიწადში დაახლოებით 200-280 ყავისფერი კვერცხი შეუძლია მოგვცეს. გამოირჩევა კარგი ადაპტაციის უნარით და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში შეიძლება წარმატებით მოიშენოს. კვერცხმდებლობის შემცირების შემდეგ ფრინველის გამოყენება ხორცის მიმართულებითაც შესაძლებელია.

პლიმუტროკი (Plymouth Rock) – მშვიდი ხასიათითა და კარგი პროდუქტიულობით გამოირჩევა. აქვს განვითარებული სხეული და საკარმიდამო მეურნეობისთვის პრაქტიკული ჯიშია. ზოლებიანი შეფერილობის შემთხვევაში მამლებისა და დედლების გარჩევა ადრეულ ასაკშიც შედარებით მარტივია.

სასექსი (Sussex) – უნივერსალური მიმართულების ჯიშია. ხასიათდება კარგი კვერცხმდებლობით, სწრაფი ზრდითა და მშვიდი ტემპერამენტით. შეიძლება საინტერესო იყოს მცირე მეურნეობისთვის, სადაც კვერცხისა და ხორცის მიღება ერთდროულად სურთ.

ვაიანდოტი (Wyandotte) – შედარებით მსხვილი ფრინველია, მკვრივი ბუმბული აქვს და ცივ ამინდს კარგად იტანს. ამიტომ მისი მოშენება განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს გრილ და მაღალმთიან რეგიონებში.

საკარმიდამო მეურნეობებში ფართოდ გავრცელებული ადგილობრივი ტიპის ქათმები, კონკრეტულ სტანდარტულ ჯიშს ყოველთვის არ წარმოადგენს. ისინი ხანგრძლივი ბუნებრივი გადარჩევისა და სხვადასხვა პოპულაციის შეჯვარების შედეგად ჩამოყალიბებული ფრინველებია.

მათი მთავარი უპირატესობა ადგილობრივ პირობებთან კარგი შეგუება, აქტიური ქცევა და შედარებით უპრეტენზიო მოვლაა. ისინი, როგორც წესი, სპეციალიზებულ კვერცხმდებელ ჯიშებზე ნაკლებ კვერცხს იძლევიან, თუმცა ხშირად უკეთ იყენებენ საძოვრულ საკვებსა და ეზოში არსებულ ბუნებრივ რესურსებს.

ამიტომ, თუ მთავარი მიზანი არა რეკორდული კვერცხმდებლობა, არამედ გამძლე ფრინველის შენახვა შედარებით მცირე დანახარჯით არის, ადგილობრივი ქათამი კარგი არჩევანია.

დეკორატიული და პრაქტიკული ჯიშები

ზოგიერთი დეკორატიული ჯიში მხოლოდ გარეგნობით არ არის საინტერესო და საკარმიდამო მეურნეობაში პრაქტიკული დანიშნულებაც შეიძლება ჰქონდეს.

აბრეშუმა ქათამი (Silkie) – გამოირჩევა უჩვეულო გარეგნობითა და კარგად გამოხატული კრუხობის ინსტინქტით. ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქათმების კვერცხების დასაკრუხადაც.

ბრამა (Brahma) – დიდი ზომის, მშვიდი ხასიათის ფრინველია. მკვრივი ბუმბული ცივ ამინდში გარკვეულ უპირატესობას აძლევს. მისი მოშენება შეიძლება როგორც დეკორატიული, ისე საკარმიდამო მეურნეობის პირობებში.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯიშის შერჩევისას?

ჯიშის არჩევისას მხოლოდ კვერცხების რაოდენობაზე ორიენტირება არ ღირს. გასათვალისწინებელია:

  • კლიმატი – რამდენად ცივი ან ცხელი ზამთარი და ზაფხულია რეგიონში;
  • მეურნეობის მიზანი – კვერცხი, ხორცი თუ ორივე;
  • საკვების ღირებულება და ხელმისაწვდომობა;
  • ფრინველის დაავადებებისადმი გამძლეობა;
  • მოვლის პირობები – ექნება თუ არა ფრინველს თავისუფალი სეირნობის შესაძლებლობა;
  • კრუხობის ინსტინქტი – თუ წიწილების ბუნებრივი გამოჩეკვა გსურთ, ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კვება – პროდუქტიულობის საფუძველი

საუკეთესო ჯიშიც კი ვერ გამოავლენს გენეტიკურ პოტენციალს არასრულფასოვანი კვების პირობებში. საკარმიდამო ქათმის რაციონი უნდა იყოს ენერგიით, ცილით, მინერალებითა და ვიტამინებით დაბალანსებული.

მარცვლეული – რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია სიმინდი და ხორბალი. შესაძლებელია ქერისა და შვრიის გამოყენებაც. სიმინდი ენერგიის კარგი წყაროა, თუმცა მხოლოდ მარცვლეულზე დაფუძნებული რაციონი სრულფასოვანი არ არის.

ცილოვანი საკვები – კვერცხის წარმოქმნისა და ფრინველის ზრდისთვის აუცილებელია საკმარისი ცილა. ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სოიოსა და მზესუმზირის შროტი, ასევე შესაბამისი ცილოვანი საკვები.

კალციუმი და მინერალები – კვერცხის ნაჭუჭის ფორმირებისთვის აუცილებელია კალციუმი. ქათმებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მინერალური დანამატების, მათ შორის დაფქული ნიჟარის ან საკვები ცარცის, მიღების შესაძლებლობა. ხრეში ან წვრილი ქვიშა კი ხელს უწყობს საკვების მექანიკურ დაქუცმაცებას ფრინველის კუნთოვან კუჭში.

მწვანე საკვები და ბოსტნეული – თავისუფლად მოძრავი ფრინველი თავად მოიძიებს ბალახსა და მწერებს. თუ ასეთი შესაძლებლობა არ აქვს, რაციონში შეიძლება დაემატოს ახალი მწვანე საკვები და ბოსტნეული, მაგალითად იონჯა, კომბოსტოს ფოთლები და სტაფილო.

სუფთა წყალი – ქათმებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი. წყლის დეფიციტი სწრაფად აისახება ფრინველის მდგომარეობასა და კვერცხმდებლობაზე.

რომელი ვარიანტი ჯობს საკარმიდამო მეურნეობისთვის?

თუ მთავარი მიზანი მაქსიმალური კვერცხმდებლობაა, ყურადღება კვერცხის მიმართულების სპეციალიზებულ ჯიშებზე უნდა გამახვილდეს.

თუ ოჯახს სურს როგორც კვერცხის, ისე ხორცის მიღება, უფრო პრაქტიკული შეიძლება იყოს ორმაგი მიმართულების ჯიშები — როუდ-აილენდ-რედი, პლიმუტროკი ან სასექსი.

ხოლო იქ, სადაც მნიშვნელოვანია გამძლეობა, ადგილობრივ პირობებთან შეგუება და შედარებით მცირე დანახარჯი, ადგილობრივი ქათმის გამოყენებას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.

საკარმიდამო მეურნეობისთვის ერთი უნივერსალურად „საუკეთესო“ ჯიში არ არსებობს. სწორი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებში უნდა იცხოვროს ფრინველმა და რა პროდუქტის მიღება სურს მეურნეობის მფლობელს. სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ჯიში, კვების სისტემა და მოვლის პირობები.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა