მედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

დაფნის ფოთოლი ქართული სოფლის მეურნეობის მზარდი საექსპორტო რესურსია

საქართველოში დაფნის კულტურას სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი არა მხოლოდ ტრადიციული სანელებელი და ადგილობრივი წარმოების მნიშვნელოვანი ნედლეულია, არამედ საექსპორტო პოტენციალის მქონე კულტურაც, რომლის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 4,5 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 18,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 18%-ით, ანუ 680 ტონით, ხოლო საექსპორტო ღირებულება 15%-ით, 2,4 მლნ აშშ დოლარით, გაიზარდა.

ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ დაფნის ფოთოლი ქართული აგროსაექსპორტო კალათის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. ექსპორტის ზრდა მიუთითებს როგორც პროდუქციის მიმართ არსებულ მოთხოვნაზე, ისე ქართული დაფნის წარმოებისა და გადამუშავების განვითარების შესაძლებლობაზე.

ქართული დაფნის ფოთლის ექსპორტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩინეთის ბაზარს, სადაც 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული პროდუქციის 69% გავიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი – 17%-ით, ხოლო მესამე პოზიციაზეა უზბეკეთი – 6%-ით.

ექსპორტის ასეთი გეოგრაფია, ერთი მხრივ, აჩვენებს ქართული დაფნის მიმართ კონკრეტულ ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას, ხოლო, მეორე მხრივ, მიანიშნებს ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე. ახალი საექსპორტო მიმართულებების მოძიება ქართული დაფნის სექტორს ერთ ან რამდენიმე ბაზარზე ზედმეტი დამოკიდებულების რისკს შეუმცირებს.

დაფნის კულტურის საექსპორტო მნიშვნელობა მხოლოდ ნედლი ფოთლის გაყიდვით არ უნდა შემოიფარგლოს. სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანებია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მისი სწორად გაშრობა და შენახვა, დახარისხება, შეფუთვა და გადამუშავება.

დაფნის ფოთლისგან შესაძლებელია სხვადასხვა სახის სანელებლებისა და დაფასოებული პროდუქციის წარმოება, რაც ექსპორტში დამატებული ღირებულების გაზრდის შესაძლებლობას ქმნის. შესაბამისად, კულტურის ეკონომიკური პოტენციალი მხოლოდ მოყვანილი პროდუქციის მოცულობით არ განისაზღვრება — მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რამდენად ხარისხიან და მაღალღირებულ პროდუქტად გარდაიქმნება ფერმერის მიერ წარმოებული ნედლეული.

დაფნის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად, ფერმერისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროდუქციის ერთგვაროვანი ხარისხი. ფოთლის სწორ დროს აღება, სათანადო შრობა, სისუფთავის დაცვა და სათანადო პირობებში შენახვა საბოლოო პროდუქტის ხარისხსა და ფასზე პირდაპირ აისახება.

ამასთან, საექსპორტო ბაზრებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია მყიდველის კონკრეტული მოთხოვნების ცოდნა — პროდუქტის ტენიანობა, ფერი, ფოთლის ზომა, სისუფთავე, შეფუთვა და სხვა ხარისხობრივი პარამეტრები.

2026 წლის პირველი რვა თვის მონაცემები აჩვენებს, რომ დაფნის ფოთოლი საქართველოსთვის უკვე ჩამოყალიბებული და მზარდი საექსპორტო რესურსია. 4,5 ათასი ტონა ექსპორტი და 18,2 მლნ დოლარის შემოსავალი ამ კულტურის ეკონომიკურ მნიშვნელობას მკაფიოდ წარმოაჩენს.

მომდევნო ეტაპზე მარტო ექსპორტის მოცულობის მატება კი არა, ქართული დაფნის ხარისხის, გადამუშავებისა და დამატებული ღირებულების გაზრდა, ახალი ბაზრების ათვისება და ფერმერიდან ექსპორტიორამდე მთელი ჯაჭვის გაძლიერებაა.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა