აგროსიახლეებიმე და ჩემი სოფელისტატიები

საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020

 2016 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2017-2020 წლებში ქვეყანაში ადგილობრივი ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას, სოციალურ და საჯარო სერვისების განვითარებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და მასში სოფლად მცხოვრებთა აქტიურ ჩართვას  განსაზღვრავს.

დღეს გთავაზობთ საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიიდან (2017-2020) ერთ ამონარიდს, რომელიც, სტრატეგიის მიხედვით ჩვენი ქვეყნის, სოფლის მთავარ სატკივარს ასახავს.

ძირითადი გამოწვევები 

სიტუაციური ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი მწვავე პრობლემები, რომლებიც საქართველოს სოფლებში შეინიშნება:

  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემცირება და ასაკის მატებით გამოწვეული პრობლემები;
  • მწვავე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მთიან რეგიონებში;
  • შედარებით მცირე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში ნაკლებად დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, დაბალი პროდუქტიულობა, სოფლის მეურნეობის სექტორში გაწეულ საქმიანობებში დაბალი დამატებული ღირებულება;
  • სოფლად მცხოვრები ოჯახების შედარებით დაბალი შემოსავალი და სიღარიბის მაღალი დონე;
  • სოფლად დასაქმების შესაძლებლობათა სიმწირე;
  • მიწების დანაწევრება და არაეფექტური ეკონომიკური პირობები მიწათმოქმედების და მესაქონლეობის სექტორებში; არასათანადოდ განვითარებული (მათ შორის, სარწყავი) ინფრასტრუქტურა, საძოვრების სიმცირე, სასაწყობე და მარცვლეულის შესანახი ობიექტების სიმცირე ან/და მათი სარგებლობისთვის დაწესებული მაღალი ფასები;
  • მნიშვნელოვანი ფართობის აუთვისებელი ტერიტორიები/მიწები;
  • გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
  • ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; ფერმერული მეურნეობების განვითარების დაბალი დონე (ფერმერების უმრავლესობა იღწვის საარსებო ან ნახევრად კომერციული ბიზნესის შესანარჩუნებლად);
  • ბიზნესისა და მარკეტინგისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობა წარმოების შესაძლებლობების განვითარების დაბალი დონე;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი; საქონლის ექსპორტისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის სიმცირე; ადგილობრივი კულტურების არასაკმარისი განვითარება იმპორტული პროდუქციის მიმართ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით;
  • საკონსულტაციო მომსახურებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; ახალი ტექნოლოგიების სიმწირე;
  • არასათანადოდ განვითარებული ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურა; სასმელი წყლის ოჯახებისთვის მიწოდების პრობლემა;
  • მაღალი სიჩქარის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის არარსებობა რიგ რეგიონებში;
  • გასაუმჯობესებელი და უფრო მეტად გასავითარებელი საზოგადოებრივი ცენტრები და მისი მეშვეობით შეთავაზებული საჯარო და კერძო სექტორის სერვისების ხელმისაწვდომობის მასშტაბები;
  • ადგილობრივი მოსახლეობის პასიურობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის თვალსაზრისით და ადგილობრივი თვითმმართველობის გამოუცდელობა განვითარების თანამედროვე მიდგომების გამოყენებაში;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა შორეული სოფლებიდან მოსწავლეების სკოლებში ტრანსპორტირებისთვის; სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა პროფესიულ განათლებასა და ტრენინგებზე;
  • დაცული ტერიტორიების არასათანადო ეფექტურობა, გადაშენების პირას მყოფი სახეობების არასახარბიელო მდგომარეობა და ბუნებრივი რესურსების მარაგის არამდგრადი გამოყენება;
  • დეგრადირებული ტყის ფონდის დიდი ნაწილი; საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დაცვის ნაკლებობა/არარსებობა;
  • წყლის დაბინძურება და ნარჩენების მართვის მოუწესრიგებელი სისტემა;
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეები.

ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობა

სოფლის ეკონომიკა შედარებით სუსტად არის განვითარებული და მას მნიშვნელოვანი სტრუქტურული ხარვეზები გააჩნია. აქედან გამომდინარე, იგი ნაკლებად კონკურენტუნარიანია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვერ ქმნის დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარებისათვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს. სოფლის ეკონომიკაში არსებული საწარმოო კაპიტალი მხოლოდ არსებობის აუცილებლობისთვისაა საკმარისი და იგი ძირითადად მიმართულია შიდა მოხმარებაზე, ვიდრე კომერციული მიზნებისთვის. ფერმერულ მეურნეობაში შეინიშნება წარმოების შესაძლებლობათა დეფიციტი და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტის წარმოების არასაკმარისი სურვილი. სოფელს გააჩნია აუთვისებელი და გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსების მარაგი, რომელთა ჯეროვანი გამოყენებაც ხელს შეუწყობდა როგორც სოფლის განვითარებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას.

სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა,  სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული მიზნობრივი ღონისძიებები და სექტორში  ინვესტიციების მოზიდვა. ეს საკითხები სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია. მოკლევადიან პერიოდში სოფლის განვითარებას სტრატეგიამ დამატებული სარგებელი შეიძლება შესძინოს როგორც სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით არსებული ინიციატივების ერთობლივად თავმოყრის, ასევე, ახალი ინიციატივების პილოტირებით და წარმატებული მაგალითების პოპულარიზაციით.

სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე 

სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, რთულია და ცხოვრების დონე დაბალი. სოფლის მოსახლეობა თანდათან მცირდება, ხოლო მოსახლეობის ასაკი იზრდება. ახალგაზრდა მოსახლეობისათვის, ტრადიციული და მცირე ზომის მეურნეობიდან გამომდინარე, თითქმის არ არსებობს სიღარიბისაგან თავის დასაღწევად აუცილებელი შესაძლებლობები. ოჯახების უმრავლესობა დამოკიდებულია ქალის შრომაზე, რაც ჯეროვნად არ ფასდება. დაბალი მწარმოებლურობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე უარყოფითად აისახება სოფლად მცხოვრებთა შემოსავალზე.  გარდა ამისა, წინა წლებში სოფლად მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესის გაჭიანურებამ, თავის მხრივ, შეაფერხა  ფინანსებზე წვდომა, რაც გამოწვეული იყო ფერმერებისა და შინამეურნეობების მიერ საკრედიტო რესურსის მისაღებად საჭირო უზრუნველყოფის საშუალებებზე (ძირითადად, უძრავი ქონების) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონით. სწორედ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არქონა არის მიწის ბაზრის განვთარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2016 წელს ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა, ხოლო პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო.  რეგისტრაციის პროცესი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ფერმერული მეურნეობების და სოფლის მეურნეობის სხვა მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა

საქართველო მდიდარია უნიკალური ბუნებრივი რესურსებით, რომელთა შენარჩუნება, მოფრთხილება და დაცვა აუცილებელია მომავალი თაობებისათვის. საქართველოს ეკოსისტემის მრავალფეროვნება საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, თუმცა ეკოსისტემაში შემავალი ადგილობრივი ჯიშების 60% გადაშენების პირასაა. არსებული მარეგულირებელი სისტემა საჭიროებს განახლებას, ხოლო გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სისტემები – განვითარებასა და გაძლიერებას. პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების არაეფექტიანი მართვა  და მისგან გამოწვეულ საფრთხეები, რაც უკავშირდება როგორც მუნიციპალური, ასევე სამრეწველო ნარჩენებით საზოგადოებრივი ადგილებისა და წყლის მომპოვებელი ჭების დაბინძურებას. წყლის რესურსების დაბინძურება აზიანებს როგორც გარემოს სოფლად, ასევე ხელს უშლის ამ რესურსების ეკონომიკური პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებას.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები

  • ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობა
  • საყოველთაოდ აღიარებული უნიკალური და მდიდარი ბუნებრივი გარემო
  • ინვესტირებისათვის (მათ შორის სოფლის მეურნეობაში) მიმზიდველი გარემო
  • სოფლის-მეურნეობის მზარდი ქვესექტორები
  • სახელმწიფო ინვესტიციები სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში
  • მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეზე არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურება
  • მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები
  • საჯარო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამები;
  • მიწის საკუთრების უფლების გამოყენების (მიწის რეგისტრაციის) გამარტივებული მექანიზმები სოფლის მაცხოვრებლებისათვის
  • არსებული საპილოტე პროექტების (ადგილობრივი განვითარების ჯგუფები) საშუალებით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება;
  • მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა
  • მაღალი ხელმისაწვდომობა სასკოლო განათლებაზე
  • ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯების მნიშვნელოვანი კლება.

 

სუსტი მხარეები

  • სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის სუსტი განვითარება ყველა რგოლში (მაგ: პირველადი წარმოება, გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი და რეალიზაცია);
  • სასოფლო-სამეურნეო მიწების ფრაგმენტაციის მაღალი დონე;
  • სარწყავ და სადრენაჟო სისტემებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა;
  • თანამედროვე ტექნელოგიებისა და ცოდნის არასაკმარისი გამოყენება;
  • დასაქმების და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდული შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის გარდა სხვა სექტორებში
  • არათანაბრად და უმეტესად სუსტად განვითარებული სოფლის ინფრასტრუქტურა (შიდა გზები, სასმელი წყლით და ბუნებრივი აირით მომარაგება)
  • სუსტად განვითარებული კულტურული ინფრასტრუქტურა
  • ხარვეზები მიწაზე საკუთრების უფლების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობაში (მაგ: წინა წლებში საკადასტრო საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტების არარსებობით გამოწვეული ხარვეზები საკადასტრო ნახაზებში)
  • საჯარო მომსახურებებით სარგებლობაზე უმეტესად დაბალი ხელმისაწვდომობა ამ მომსახურებების გაწევის ადგილებიდან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დაშორების გამო
  • ხარვეზები წყლის, მიწის და ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის სისტემებში
  • ნარჩენების მართვის სუსტი ინფრასტრუქტურა
  • ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრის და მათი დაკმაყოფილების პროცესში სოფლის მოსახლეთა ჩართულობის სუსტი მექანიზმები; არსებულ მექანიზმებში წარმატებით მონაწილეობისათვის საჭირო უნარების სისუსტე
  • სოფლად მცხოვრებთათვის პროფესიულ განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა
  • სოფლად მცხოვრებთათვის თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ამ ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენების სუსტი უნარები
  • შეზღუდული ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე

შესაძლებლობები

  • სტაბილურად მზარდი ტურიზმი სექტორი, მათ შორის, მზარდი ტურიზმი სოფლად
  • ადგილობრივი წარმოების პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვან, მათ შორის ევროკავშირის, ბაზრებზე
  • კულტურული ტურიზმის განვითარების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური დონის ამაღლება
  • დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების პროდუქტების მრავალფეროვნება
  • მრავალფეროვანი ლანდშაფტი და დაცული ტერიტორიების ეფექტიანი გამოყენება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის
  • საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საეთაშორისო ცნობადობის და ექსპორტის არეალის ზრდა
  • წყლის და ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება
  • სოფლის მეურნეობის მომგებიანი დარგების განვითარების პოტენციალი

საფრთხეები

  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება
  • სოფლად სიღარების მაღალი დონე და დაბალი შემოსავლები; სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ოჯახების დიდი წილი სოციალური დახმარების მიმღებთა საერთო რიცხვში
  • სოფლად მოსახლეობის გადაბერება, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე სტიქიური მოვლენების (სეტყვა, გვალვა, წყალდიდობაწყალმოვარდნა, ძლიერი ქარები და სხვა) უარყოფითი ზეგავლენა, გამძაფრებული კლიმატის ცვლილების ფონზე
  • საძოვრების უსისტემო გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში მათი დეგრადაციის შექუქცევად ფაზაში გადასვლა
  • ბიომრავალფეროვნების უწყვეტი და შეუქცევადი დაკარგვა
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების სტიქიური ნაგავსაყრელები
  • ტყის ფონდის მიმდინარე დეგრადაცია
  • ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქებითა და ქიმიკატებით
  • სოფლად სკოლის მიტოვების შედარებით მაღალი სიხშირე (განსაკუთრებით გოგონების მიერ

 სტრატეგიული ხედვა და ამოცანები

 ხედვა 

საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და სოციალური მდგომარეობის მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება მრავალფეროვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელმისაწვდომ სოციალურ სიკეთეებს, მდიდარ კულტურულ ცხოვრებას, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

ეს ხედვა გრძელვადიანია. სასურველი მდგომარეობის მიღწევას დასჭირდება მნიშვნელოვანი ძალისხმევა, პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების ინტენსიური მუშაობა და საზოგადოებრივი ინვესტიციები, რაც სტრატეგიით გათვალისწინებულ 2017-2020 წლების პერიოდს გასცდება.

შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი სტრატეგიული ამოცანები ასახავს სოფლის განვითარების უახლოესი ოთხი წლის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს და მთავრობის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს ამ პერიოდისათვის. ის მნიშვნელოვანი ამოცანები რაც ვერ გადაიჭრება ამ სტრატეგიით გათვალისწინებულ პერიოდში, ასახული იქნება სოფლის განვითარების სტრატეგიებში შემდგომი პერიოდისათვის.

სტრატეგიული ამოცანები

საქართველოში ამ ხედვის შეუფერხებელი განვითარებისათვის, სოფლის განვითარების სტრატეგიაში განსაზღვრულია 9 ამოცანა, რომელიც შემდეგ 3 პრიორიტეტშია გაერთიანებული:

ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა; 2. სოციალური პირობები და ცხოვრების დონე;  3. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.

პრიორიტეტული სფერო

  1. ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა

ამოცანა 1: ფერმერული საქმიანობის ეკონომიკური გაჯანსაღება, რესტრუქტურირება და მოდერნიზაცია დივერსიფიკაციისა და  ეფექტიანი მიწოდების ჯაჭვის განვითარების მეშვეობით.

ამოცანა 2: სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია სოფლის მეურნეობასთნ დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებით და მდგრადი არასასოფლოსამეურნეო მიმართულებების განვითარების საშუალებით.

ამოცანა 3: სოფლად ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება სოფლის სპეციფიკისა და უნიკალური კულტურული იდენტობის საფუძველზე.

პრიორიტეტული სფერო

2: სოციალური პირობები და ცხოვრების დონე

ამოცანა 1: ცნობიერების ამაღლება ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, თანამშრომლობის წახალისება უნარ-ჩვევების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობით (განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალებისათვის).

ამოცანა 2: ინფრასტრუქტურა და სერვისები. სოფლის ძირითადი ინფრასტრუქტურის (მათ შორის კულტურულ მემკვიდრეობების ძეგლებამდე მიმავალი გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის) გაუმჯობესება და ხარისხიანი სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით.

ამოცანა 3: ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. სოფლის მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების) ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტის გზების განსაზღვრაში.

პრიორიტეტული სფერო

 3: გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა

ამოცანა 1: წყლის, ტყისა და სხვა რესურსები. მიზნობრივ სოფლის ტერიტორიებზე წყლის, ტყისა და სხვა რესურსების მართვის გაუმჯობესება.

ამოცანა 2: ნარჩენების მართვა. სოფლად ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

ამოცანა 3: კლიმატის ცვლილება. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური გავლენის შერბილების ღონისძიებების განხორციელება. რისკების შეფასება.

რისკების შეფასება

ინსტიტუციური დონე

სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. გარდა ამისა, სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩართულობის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას როგორც ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და საჭიროებების განსაზღვრაში, ასევე, მათ მოგვარებაში. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა და მათ შორის აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობა.

პოლიტიკური რისკები

რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სტრატეგიის განხორციელებაზე და დასახული მიზნების მიღწევაზე.

ეკონომიკური რისკები

ეკონომიკური ზრდის დაბალი დონე, ეკონომიკური არასტაბილურობა, სოფლად  სუსტი სამეწარმეო უნარ-ჩვევები, ფინანსურ რესურსებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის სუსტად განვითარების პირობებში, პოტენციურ რისკებს წარმოადგენს სოფლის განვითარებისთვის.

სოციალური რისკები

სოფლად არსებული არასახარბიელო დემოგრაფიული სტრუქტურა და მიგრაციის მაღალი დონე დაბრკოლებას წარმოადგენს სოფლის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჯანდაცვასა და განათლებაზე შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს სოფლის განვითარებაზე. სხვადასხვა ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს შორის და მათ ფარგლებში თანამშრომლობის დაბალი დონე სოფლის განვითარებისთვის ასევე შესაძლო რისკებია.

ფინანსური რისკები

სოფლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების ნაკლებობა ან/და მათი არასათანადო მართვა შესაძლო ბარიერია სოფლის განვითარებისათვის.

ეკოლოგიური რისკები

კლიმატის ცვლილება, წყალდიდობები და სხვადასხვა შესაძლო ბუნებრივი კატასტროფები საფრთხის შემცველია სოფლის განვითარებისათვის. უფრო მეტიც, გარემოსდაცვით საკითხებზე სოფლის მოსახლეობის ცოდნის დაბალმა დონემ სოფლის ტერიტორიების გარემოზე შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს.